„თამაშობანა“, რომელიც ბავშვობაში გვაბრუნებს

© FB/Tamashobana„თამაშობანა“
„თამაშობანა“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
„თამაშობანა“ ქართული საგანმანათლებლო და გასართობი თამაშების მწარმოებელი კომპანიაა. ნარდი, დომინო, ბანქო, ადაპტირებული აფორიზმობანა - ეს იმ თამაშების მცირე ჩამონათვალია, რასაც კომპანია თავის მომხმარებელს სთავაზობს. „Sputnik–საქართველო“ „თამაშობანას“ ერთ-ერთ დამფუძნებელს ნინი ჩიქოვანს ესაუბრა.

ნინი რაზმაძე

– როდის და რატომ გაგიჩნდათ „თამაშობანას“ შექმნის იდეა?

— იდეა გაგვიჩნდა 2015 წელს, ბავშვებთან თამაშის დროს. მივხვდით, რომ ახალი თაობა საერთოდ არ თამაშობს იმ თამაშებს, რომლებიც ჩვენ ძალიან გვიყვარდა ბავშვობაში. შეიძლება ითქვას, რომ პლანშეტებმა ჩაანაცვლა მხიარული ჟრიამული ეზოსა და სახლში. ზუსტად ამ სიტუაციის გამოსასწორებლად მოვიფიქრეთ „თამაშობანა“. თამაში ხომ აუცილებელია ბავშვისთვის, მისი განვითარებისა და აღზრდისთვის. მით უმეტეს, რომ საქართველოში ძალზე ცოტაა სათამაშოს მწარმოებელი კომპანია, რაც გულდასაწყვეტია. ზოგადად, საქართველოში დამზადებული სათამაშო რომ იყიდო, ძალიან ბევრი უნდა ეძებო.  

© FB/Tamashobanaჯოკერი, ქალაქობანა, რეზინობანა და სათამაშო ბანქო
ჯოკერი, ქალაქობანა, რეზინობანა და სათამაშო ბანქო - Sputnik საქართველო
ჯოკერი, ქალაქობანა, რეზინობანა და სათამაშო ბანქო

– რამდენი ადამიანი შეიკრიბეთ იდეის გარშემო?

— სულ თავიდან ორმა დავიწყეთ და თანდათან კომპანიას კიდევ სამი თანამშრომელი შეემატა. გარდა ამ ადამიანებისა, ჩვენ გუნდში 30-ზე მეტი ანიმატორი და ზეიმის სპეციალისტია. 

– რამდენი თამაში გაქვთ?

— ამ ეტაპზე გვაქვს 11 თამაში.

– რის მიხედვით მოხდა თამაშების შერჩევა?

— ფოკუს-ჯგუფებზე დაყრდნობით შეირჩა ის თამაშები, რომლებიც ყველაზე კარგად ახსოვს ჩვენ თაობას და რომლებიც მათ უნდათ, რომ თავის შვილებს ასწავლონ. 

© FB/Tamashobanaლოტო
ლოტო - Sputnik საქართველო
ლოტო

– სად შეიძლება თქვენი პროდუქციის შეძენა?

— მაღაზიათა ქსელებში — „ბიბლუსი“, „სუპერი“, „ნიკორა“, და ყველა იმ ადგილზე, სადაც პრესის ჯიხურებია. ასევე ჩვენ თვითონ გვაქვს კურიერული მომსახურება და ვიღებთ შეკვეთებს.

– რატომ სახელწოდება „თამაშობანა“?

— „თამაშობანა“ იმიტომ, რომ ქართულ ენაში ყველა თამაში „ბანათი“ მთავრდება — ექიმობანა, ორდროშობანა, სახლობანა და ა.შ. ჰოდა, ჩვენი თამაშებიც თამაშობანაა. 

© FB/Tamashobana სათამაში ბანქო
 სათამაში ბანქო - Sputnik საქართველო
სათამაში ბანქო

– ყველაზე პოპულარული თამაში რომელია?

— გამიჭირდება ერთის გამოყოფა, რადგან ამ ეტაპზე, ვთვლით, რომ მაქსიმალურად პოპულარული თამაშების ასორტიმენტი გვაქვს. რაც არ სარგებლობდა პოპულარობით, იმ თამაშების გაყიდვა შევწყვიტეთ. 

– რატომ გადაწყვიტეთ შეგექმნათ „აფორიზმების“ ადაპტირებული ვერსია?

— „თამაშობანას“ დაფუძნების დღესვე ვთქვით, რომ გამოვუშვებდით თამაშებს ყველასთვის — ბავშვებისთვის, დიდებისთვის, ყველანაირი შესაძლებლობის მქონე ადამიანებისთვის, რადგან თამაში ყველა ასაკში და ცხოვრების მომენტში აუცილებელია. უსინათლო ბავშვებისთვის თამაშის გაკეთებას დიდი ხანია ვგეგმავდით. მე მყავდა უსინათლო ბაბუა და ზუსტად ვიცი, რამდენად გაუხარდებოდა, რომ ჰქონოდა შესაძლებლობა ჩემთან ერთად ასეთი თამაში ეთამაშა.   

© FB/Tamashobanaანათითი - ბანათითი - რომელია შუათითი?
ანათითი - ბანათითი - რომელია შუათითი? - Sputnik საქართველო
ანათითი - ბანათითი - რომელია შუათითი?

– საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს იდეას აფორიზმებზე?

— მგონი, ძალიან დადებითი. ამ თამაშში ხომ სიკეთის და ბედნიერების მომტანი არაერთი ელემენტია.

– სათამაშოს დიზაინზე მოგვიყევით.

— აფორიზმობანას პირველი ვერსია ჩვენ გამოვუშვით „თიბისი ბანკის“ პროექტთან „წერე ქართულად“ ერთად. დიზაინი გააკეთა ჩვენმა მეგობარმა თენგო ბეგოიძემ. ამ ადაპტირებულ ვერსიაში იმავე დიზაინს მეორე მხრიდან ემატება ბრაილის შრიფტით დაწერილი აფორიზმები. ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ბავშვებმა ერთმანეთთან თამაში შეძლონ, მიუხედავად იმისა, უსინათლოები არიან თუ არა. 

– სათამაშოებს ვინ ამზადებს?

— ჩვენ და სტამბა, რომელიც ბრაილის შრიფტით ბეჭდვაზეა სპეციალიზებული. 

© FB/Tamashobanaნარდი
ნარდი - Sputnik საქართველო
ნარდი

– ბავშვებს მოეწონათ აფორიზმობანა? 

— აფორიზმობანას თამაში მოეწონათ, რადგან ის მათთვის სიახლე და საშუალებაა, რომ მეგობრებთან ერთად გაერთონ, ან მშობლებიც ჩართონ თამაშში. 

– სამომავალოდ რა გეგმები გაქვთ, კიდევ რის შეთავაზებას აპირებთ თქვენი მომხმარებლისთვის?

— ბევრ რამეზე ვფიქრობთ და ვმუშაობთ, იმდენი პროექტი გვიტრიალებს თავში, რომ ერთი სული გვაქვს, როდის განვახორციელებთ. ერთი ნამდვილად ვიცი — ქართულ სათამაშოების ბაზარს თამაშობანა ნამდვილად შეცვლის.

ყველა ახალი ამბავი
0