„Sputnik საქართველო“ გთავაზობთ ყველაზე საინტერესო კინოპრემიერებისა და ფილმების ტრადიციულ მიმოხილვას, რომლებიც კინომანებმა ამ უქმეებზე არ უნდა გამოტოვონ.
23 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი კინოსურათების პრემიერები გაიმართება:
„სიმღერა“ (Sing) — ამერიკული კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური მიუზიკლი. სიუჟეტის ცენტრშია ცხოველთა სამყარო და კოალა სახელად ბასტერ მუნი, რომელიც თავისი თეატრის დახურვას ყველა ძალებით ეწინააღმდეგება. ამისათვის მასტერი და მისი მეგობარი ცხვარი ედი სიმღერის კონკურსს გამართავენ და ქალაქის ყველა მცხოვრებს მასში მონაწილეობას სთავაზობენ. საუკეთესოთა ხუთეულში აღმოჩნდებიან მუდამ საოჯახო საქმეებით დაკავებული ღორი სახელად როზიტა და მისი პარტნიორი გიუნტერი, აზარტული თამაშების მოყვარული ქედმაღალი წრუწუნა მაიკი, მაჩვზღარბა ეში, რომელმაც პანკ–როკ მიმართულება აირჩია, ახალგაზრდა სპილო მინა, რომელსაც სცენის შიში აქვს და გორილა ჯონი, რომელმაც დამნაშავეობის გზას მუსიკალური კარიერა ირჩია.
საინტერესო ფაქტი: ფილმში 85 ცნობილი კომპოზიცია ჟღერს, მათ შორის სტივი უანდერისა და არიანა გრანდეს სიმღერა Faith.
„პირველი ბრძოლა“ (Fist Fight) — რეჟისორ რიჩი კინის ამერიკული კომედიური ფილმი ორი სკოლის მასწავლებლის დაპირისპირების შესახებ. როდესაც ერთი სკოლის მასწავლებელი მეორეს გათავისუფლებას მიაღწევს, ეს უკანასკნელი იწვევს მას საქმის გასარჩევად გაკვეთილების დასრულების შემდეგ. მაგრამ ზოგიერთი მამაკაცი ჩხუბისთვის არ არის დაბადებული, არადა დუელს არამარტო მეტოქე, მთელი სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები ელიან. მთავარ როლებში — აის კიუბი და ჩარლი დეი. კომედიას ასაკობრივი შეზღუდვა გააჩნია +16.
საინტერესო ფაქტი: ეს რიჩი კინის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია, რომელიც მანამდე მხოლოდ სერიალებს იღებდა. კომედიის გადაღებები 2015 წელს დასრულდა, თუმცა კინოგაქირავებაში მხოლოდ 2017 წელს ჩაეშვა.
„ჯეკი“ (Jackie) ამერიკული ბიოგრაფიულ-დრამატული ფილმი ნატალი პორტმანის მონაწილეობით. სურათი ჟაკლინ კენედის — აშშ-ის პრეზიდენტ ჯონ კენედის ქვრივზე მოგვითხრობს. ამ ფილმში ავტორებმა ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ტრაგიკული მომენტი — დალასში კენედის მკვლელობა და მას შემდეგ რამდენიმე დღე გააცოცხლეს და ეს ისტორია ჟაკლინის თვალით დაგვანახეს. მთელი მსოფლიო აღფრთოვანებული იყო მისი სიმტკიცით, ღირსებითა და თავდაჭერილობით. მაგრამ სინამდვილეში რა გადაიტანა ამ ქალმა?
საინტერესო ფაქტი: კინოსურათის მსოფლიო პრემიერა ვენეციის კინოფესტივალზე 2016 წლის 7 სექტემბერს გაიმართა. კანში სურათმა ჯილდო „საუკეთესო სცენარის“ ნომინაციაში მიიღო, ხოლო ტორონტოs კინოფესტივალმა ფილმს პროგრამა „პლატფორმის“ პრიზი მიანიჭა. ფილმი არა აშშ-ში, არამედ საფრანგეთში გადაიღეს.
გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრების ეკრანებზე გამოვიდა ჯიმ ჯარმუშის „პატერსონი“ ადამ დრაივერის მონაწილეობით და გორ ვერბინსკის ამერიკული თრილერი „გამაჯანსაღებელი წამალი“.
უკვე კინოთეატრებშია „50 ელფერით მუქი“ (Fifty Shades Darker), თრილერი „ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ (Resident Evil: The Final Chapter), კომპიუტერულ–ანიმაციური კომედიური „ლეგო: ბეტმენი“ (The LEGO Batman Movie) და ბოევიკი „ჯონ უიკი 2“ (John Wick: Chapter Two) კიანუ რივზით მთავარ როლში.
ასევე თბილისის კინოთეატრებში შეგიძლიათ იხილოთ — ჰავიერ გუტიერესის „ზარები“, თინეიჯერების გალაქტიკათაშორისი სიყვარულის შესახებ ფილმი „კოსმოსი ჩვენს შორის“, ამერიკული ფილმი-მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი“ და ხუან ანტონიო ბაიონის „მონსტრის ხმა“.
მულტფილმები ბავშვებისთვის — ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“ და მულტფილმი „მოანას თავგადასავალი“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!