თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. სანამ რუსეთი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ცნობს, საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგენილი არ იქნება, განაცხადა ბრიფინგზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და ამიერკავკასიის რეგიონში უსაფრთხოება საქართველოს მოქალაქეებისათვის რუსეთში ვიზების გაუქმების პირობად დაასახელა.
„საქართველო რომ უსაფრთხო ქვეყანაა, ამის ნათელი დასტური არის ის ნდობა, რომელიც ევროკავშირმა გამოუცხადა საქართველოს უვიზო მიმოსვლის მინიჭებით. რაც შეეხება დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენას, ეს არაერთხელ გაცხადებულა ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ და ეს მშვენივრად იციან მოსკოვში, რომ სანამ რუსეთს ექნება თავისი საელჩოები ცხინვალსა და სოხუმში, ვერავითარ დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენაზე საუბარი ვერ იქნება“, — განაცხადა დავით დონდუამ.
დიპლომატიური ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეწყდა. ასე უპასუხა თბილისმა მოსკოვის გადაწყვეტილებას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების თაობაზე.
საქართველოსა და რუსეთს შორის არსებული ურთიერთობები ხელისუფლებაში ივანიშვილის გუნდის მოსვლის შემდეგ გაუმჯობესდა. ქვეყნებს შორის სავაჭრო ურთიერთობები აღდგა.
ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის დიალოგი ჟენევის დისკუსიებისა და რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფორმატში ნარჩუნდება.