თბილისი, 18 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მიუნხენის 53-ე კონფერენციის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გამართა უმაღლეს დონეზე, მათ შორის ამერიკის ვიცე-პრეზიდენტთან მაიკ პენსთან და ავღანეთის პრეზიდენტთან მოჰამედ აშფარ განისთან, ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.
კვირიკაშვილი მიუნხენში მონაწილეობას იღებს კონფერენციაში Transatlantic Relegations and the International Order, რომელზეც სიტყვით გამოვიდნენ გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი.
შაბათს დღის ბოლოს ასევე დაგეგმილია პრემიერ-მინისტრის სიტყვით გამოსვლა.
შეხვედრისას, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ამერიკის ახალი ადმინისტრაცია მზადაა, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის განვითარებას ხელი შეუწყოს. მაიკ პენსმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ვაშინგტონში შეხვედრის სურვილი გამოთქვა.
გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო, ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირეა და აშშ-თან სტრატეგიულ პარტნიორობის გაღრმავებას უდიდეს მნიშვნელობას ანიჭებს. პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში მიიწვია.
მაიკ პენსმა განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფაში და საქართველოს პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა.
ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და ავღანეთის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტმა მოჰამედ აშრაფ-ღანიმ.
მხარეები სავაჭრო-ეკონომიკური, ტრანსპორტისა და სატრანზიტო მიმართულებებით თანამშრომლობის გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.
საუბრისას აღინიშნა, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებს შორის პარტნიორობის დიდი პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებას მხარეები ხელს მაქსიმალურად შეუწყობენ.
ავღანეთის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს უსაფრთხოების საკითხებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ასევე შეხვდა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს ენერგეტიკული გაერთიანების საკითხებში მაროშ შევჩოვიჩს.
საუბარი შეეხო ენერეგეტიკულ გაერთიანებაში საქართველოს გაწევრიანების საკითხს, რაც ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს დაახლოებას და ენერგეტიკული საკითხების ჰარმონიზაციას შეუწყობს ხელს. აღინიშნა, რომ ენერგეტიკული გაერთიანების წევრობა, საქართველოს მისცემს შესაძლებლობას, აამაღლოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ხარისხი, ასევე, ხელი შეუწყოს განახლებადი ენერგეტიკული წყაროების განვითარებას და ენერგოეფექტურობას.
პრემიერმა აღნიშნა, რომ ახალი სიმძლავრეების შექმნა განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით, მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტია. გიორგი კვირიკაშვილის თქმით, საქართველო იყენებს როგორც ჰიდრო, ისე სხვა რესურსებს სუფთა ენერგიის წარმოებისთვის, ასევე, იზრდება ქვეყნის საექსპორტო პოტენციალი.
მხარეებმა ისაუბრეს რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო პროექტებსა და საქართველოს განსაკუთრებულ როლსა და მნიშვნელობაზე მათი წარმატებით განხორციელების პროცესში. საუბარი შეეხო "შაჰ-დენიზის" პროექტის მეორე ფაზის, TANAP-სა and TAP-ის პროექტებს, რომლებიც ბუნებრივი აირის ტრანზიტს მნიშვნელოვნად გაზრდის.
ყურადღება ასევე დაეთმო სამხრეთ კავკასიის მილსადენის გაფართოების პროექტს, რომელიც "შაჰ-დენიზის" ნაწილია და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოსა და რეგიონის ენერგოუსაფრთხოებაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოში, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაში — " საქართველოს ევროპული გზა" მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.