სტუდენტი გოგონების მიერ შექმნილი ბრენდი – ხის და ტყავის მანათობელი ჩანთები

© FB/ Keti Ubilavaქეთი უბილავას ნამუშევარი
ქეთი უბილავას ნამუშევარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში ინოვატორი ახალგაზრდების ნაკლებობას ნამდვილად არ განვიცდით, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურად გამოჩნდნენ საინტერესო იდეით დაჯილდოებული ახალგაზრდები, რაც ძალიან სასიხარულოა და აუცილებლად მხარდასაჭერი.

ქართველმა სტუდენტებმა ქეთი უბილავამ და ნათია მგელაძემ ხისა და ტყავის მასალით ქალბატონებისთვის და არა მარტო ქალბატონებისთვის ორიგინალური დიზაინის ჩანთების დამზადება დაიწყეს. მცირე ბიზნეს თავად უძღვებიან და სამომავლოდ ბევრ სიახლეებს გეგმავენ. ნებისმიერ ადამიანს გრავირების საშუალებით აქვს შესაძლებლობა სასურველი ნახატი, წარწერა გადაიტანოს ჩანთაზე, რაც მის ინდივიდუალურობას და ორიგინალურობას გაუსვამს ხაზს. 

ბიზნესად გარდაქმნილი ამ საინტერესო იდეის შესახებ, Sputnik-ს ქეთი უბილავა ესაუბრა. 

© FB/ Keti Ubilavaქეთი უბილავა
ქეთი უბილავა - Sputnik საქართველო
ქეთი უბილავა

- როგორ მოვიდა იდეა და როგორ განახორციელეთ? ვინ დაგეხმარათ?

— მას შემდეგ, რაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიხსნა „ფაბლაბი“ და სტუდენტებმა დაიწყეს აქტიური მუშაობა სხვადასხვა იდეებზე, ჩვენც დავიწყეთ ფიქრი რა შეიძლებოდა გვეწარმოებინა. 2016 წლის ზაფხულში ბევრი ფიქრისა და იდეის განხილვის შემდეგ გადავწყვიტეთ დაგვეწყო ჩანთების დამზადება ხის მასალის გამოყენებით. მაშინ ასეთ პროდუქტს საქართველოში არავინ ამზადებდა და გადავწყვიტეთ ზუსტად ის შეგვეთავაზებინა მომხმარებლისთვის, რაზეც ჯერ არაფერი იცოდა. 

შემოდგომაზე მონაწილეობა მივიღეთ პროექტში „დაიწყე ბიზნესი ფაბლაბთან ერთად“ რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მიერ განხორციელდა. ამ პროექტში წარვადგინეთ იდეა, მოვხვდით ფინალში, მოვიძიეთ დაფინანსება საწყისი ეტაპისთვის (თიბისი ბანკმა დაგვაფინანსა 200 ლარით) და შევქმენით პირველი პროდუქტი. თბილისი მოლში გვქონდა გამოფენა-გაყიდვა, რომელმაც წარმატებით ჩაიარა და მაშინ გადავწყვიტეთ, რომ აქტიურად გაგვეგრძელებინა განვითარება.

© FB/ Keti Ubilavaბეგელსის ნამუშევარი
ბეგელსის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბეგელსის ნამუშევარი

- საზოგადოებამ როგორ მიიღო ეს სიახლე? რამდენად რთული იყო ქართულ ბაზარზე დამკვიდრება? 

— საზოგადოებამ „ბეგელსი“დადებითად მიიღო. თავიდან სანამ პროდუქტი მზად იქნებოდა, ყველას უკვირდა და აიტერესებდა თუ როგორი იქნებოდა ჩანთა ხის ფაქტურით. ამიტომ ბაზარზე გასვლამდე უკვე გარკვეული მოლოდინი იყო შექმნილი, რაც შემდეგ დაგვეხმარა მეტი მომხმარებელი გვყოლოდა და მეტ ადამიანს სცოდნოდა „ბეგელსის“  შესახებ. 

რაც შეეხება განვლილ გზას დღემდე —  ვვითარდებით, ბევრი სირთულე იყო დასაწყისში, მაგრამ მუდამ ვსწავლობდით, ძალისხმევას არ ვიშურებდით და რაც მთავარია ყოველთვის გვჯეროდა საკუთარი თავის, რომ გამოგვივიდოდა ის, რაც დავიწყეთ. ახლა ჩვენს სფეროში კიდევ უფრო გაიზარდა კონკურენცია, ვცდილობთ არ მოვდუნდეთ და სიხლეები შევთავაზოთ მომხმარებელს. 

ქეთი უბილავა: ბევრი სირთულე იყო დასაწყისში, მაგრამ გვჯეროდა საკუთარი თავის

- რა მასალისგან ქმნით ჩანთებს?

ჩანთები იქმნება ხისა და ტყავისგან. ვიყენებთ ნატურალურ ხეს — წიფელს. ხოლო ტყავი შეიძლება იყოს როგორც ნატურალური, ასევე შემცვლელი. განსაკუთრებული ნიშანი, რაც თავიდანვე ჰქონდა „ბეგელსს„ და რამაც განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია არის გრავირება —  შეგვიძლია ჩანთზე დავიტანოთ ნებისმიერი წარწერა, სიმბოლო ან ნახატი. ეს განსაკუთრებით ხიბლავს მომხმარებელს, რადგან თითიეული ჩანთა ხდება ინდივიდუალური, ხოლო მომხმარებელს განსაკუთრებით ქალებს ძალიან მოსწონთ, როცა ის, რაც მათ აქვთ, არ აქვს სხვას.

ასევე ჩვენს ჩანთებს დავამატეთ ახალი, ინოვაციური ფუნქცია — ლედ სანათი, რომელიც ჩამონტაჟებულია ჩანთაში, ხელის ერთ პატარა ღილაკზე დადებით ინთება და სიბნელეში სასურველი ნივთის პოვნაში გვეხმარება. 

© FB/ Keti Ubilavaბეგელსის ნამუშევარი
ბეგელსის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბეგელსის ნამუშევარი

- აქვს მნიშვნელობა ხის რომელი მასალისგან მზადდება ჩანთა?

ხის მასალა ყოველთვის არის ნატურალური, დამუშავებული წიფელი, თუმცა რა თქმა უნდა შესაძლებელია სხვა ხის მასალის გამოყენება, რცხილა, მუხა… თუმცა წიფელი საკმაოდ მოხერხებულია მისი შეფერილობიდან და წონიდან გამომდინარე. ხე არ უნდა იყოს მძიმე, რათა ჩანთაც არ დამძიმდეს. ასევე წიფელი იღებება მარტივად, მომხმარებლის სურვილიდან გამომდინარე შეგვიძლია ხის ფერი შევცვალოთ სასურველი ტონალობით.

- რომელია ყველაზე საუკეთესო მასალა?

— საუკეთესო მასალაა ნატურალური ტყავია, გამოირჩევა სიმყარით, ხარისხით, განსაკუთრებულად უხდება ხეს და არის ვიზუალურადაც მეტად ეფექტური. 

 — ფასები საიდან სადამდე მერყეობს?

— ფასები დამოკიდებულია ჩანთის ზომასა და მასალაზე. სათვალის ბუდეების ფასი იწყება 20-30 ლარიდან, ჩანთები 50 ლარიდან, ხოლო დიდი ზომის ჩანთები და მამაკაცის ლეპტოპის ჩანთები 250 ლარამდე აღწევს. (ნატურალური ტყავისგან დამზადებული ჩანთის ფასი თვისთავად მეტია)  

© FB/ Keti Ubilavaბეგელსის ნამუშევარი
ბეგელსის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბეგელსის ნამუშევარი

- როგორ იქმნება თითოეული ჩანთა? რა ეტაპს გადის სანამ დასრულებულ სახეს მიიღებს?

— სანამ ჩანთა საბოლოო სახეს მიიღებს სხვადასხვა ეტაპს გადის. ხის საამქროში მუშავდება ხის გვერდები, ლაზერულ მჭრელზე იჭრება ტყავი, უკეთდება შესაბამისი გრავირება, შემდეგ ხელით ხდება ჩანთის კონსტუქციის აწყობა და ისეთი დეტალების დამატება, როგორიცაა საკეტები, საკიდი და ა.შ. 

- რა ტიპის მომხმარებელი ყავს თქვენს ჩანთებს? ალბათ უფრო ქალბატონები…

— კონკრეტული ერთი სეგმენტი არ გვყავს, ჩანთებით დაინტერესებულები არიან ადამიანები, რომლებსაც უნდათ იყვნენ ორიგინალურები და ატარონ რაღაც განსხვავებული, ისეთი, რაც მხოლოდ მათ აქვთ და მათ პიროვნებასა და ინტერესებს უსვამს ხაზს, ზუსტად ამიტომ ვეუბნებით მომხმარებელს „ატარე  ის, რაც გიყვარს“. „ბეგელსი“ შეიძლება ატაროს 11 წლის სკოლის მოსწავლე პატარა გოგონამაც და 50 წლის ქალბატონმაც.

ძირითადად ქართულ ბაზარზე ვმუშაობთ, თუმცა word of mouth მარკეტინგის წყალობით, ჩვენი მეგობრებისა და ჩვენი მომხმარებლების უცხოელი მეგობრებისან გვქონია შეკვეთები. ასევე საკმაოდ ხშირად უკვეთავენ ქართველები უცხოელი მეგობრებისთვის საჩუქრად. პირველი სამი „ბეგელსი“ ქალბატონმა იყიდა დუბაიდან, რომელიც დღესაც გვწერს ხოლმე და ძალიან სიამოვნებს ის ფაქტი, რომ ჩვენი პირველი მომხმარებელია.

გამოფენა-გაყიდვები ერთ-ერთი საუკეთესო ხერხია ახალი მომხმარებლის მოსაძებნად, ამიტომ ვცდილობთ ხშირად მივიღოთ მონაწილეობა გამოფენებში. 

© FB/ Keti Ubilavaბეგელსის ნამუშევარი
ბეგელსის ნამუშევარი - Sputnik საქართველო
ბეგელსის ნამუშევარი

- ალბათ თქვენც ხშირად იწონებთ თავს  „ბეგელსის“ ჩანთებით…

— მე პირადად „ბეგელსის“ აქტიური მომხმარებელი ვარ. პირველივე ჩანთის შექმნიდან ვატარებ „ბეგელსს“, რადგან როცა მომხმარებლის თვალით ვაფასებ, უკეთ ვხვდები რა შეიძლება შევცვალო, გავაუმჯობესო. რა თქმა უნდა ყურადღებას ხშირად იწვევს, განსაკუთრებით მამაკაცები აკვირდებიან და კითხულობენ „ეს ხისგანაა გაკეთებული?“. 

ერთხელ ლიფტში უცხო ადამიანს უთქვამს, როცა ჩანთზე დამაკვირდა „ეს ბეგელსის ჩანთაა ხომ? ქართველი დიზაინერები რომ ამზადებენ, ტელეიზორშიც ვუყურე ამასწინათ, ძალიან საინტერესოა, ჩემი ცოლისთვის უნდა შევუკვეთოო“ რა თქმა უნდა ძალიან მესიამოვნა და სასწრაფოდ სავიზიტო ბარათი გავუწოდე.  

- როცა ამ საქმიანობას იწყებდით, იფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?

— როცა საქმიანობას ვიწყებდით კონცენტრირებულები პროდუქტის შექმნაზე ვიყავით, ორი გოგონასთვის ხეზე, ტყავზე და სპეციფიკურ კომპიუტერულ პროგრამაზე  მუშაობა სიახლე იყო, რომელსაც გავუმკლავდით ბევრი შრომის შედეგად. როცა წარმატებული სტარტი შედგა, მხოლოდ მაშინ დავფიქრდით იმაზე, რომ წარმატება ეტაპობრივად გვიახლოვდებოდა. 

- რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?

ბევრი შრომა და საკუთრი თავის რწმენა. დაწყებული საქმე აუცილებლად გამოგივა, თუ გინდა, რომ გამოგივიდეს და ამისთვის მონდომებას არ დაიშურებ. 

- სამომავლოდ რა სიახლეებს გეგმავთ? 

გეგმები ბევრი გვაქვს, გვინდა კიდევ უფრო მრავალფეროვანი დიზაინი შევქმნათ, ახალი ზურგჩანთების კოლექცია გამოვუშვათ, უფრო აქტიურად ვაწარმოოთ მანათობელი ჩანთა და ასევე მამაკაცის სეგმენტიც უფრო აქტიურად ავითვისოთ. რა თქმა უნდა ვფიქრობთ პარტნიორების მოძიებასა და უცხოეთში ჩანთების ექპორტზეც. 

 

ყველა ახალი ამბავი
0