ცხოვრება სერიალებში და სერიალი - როგორც ცხოვრება

© Flickrტელევიზორი
ტელევიზორი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ მასალაში გვსურს ის მსახიობები გაგაცნოთ, რომლებიც ქართულ ტელესივრცეში პოპულარული სერიალების გმირებს ახმოვანებენ და მათი ცხოვრება სერიალების მიღმა „გიჩვენოთ“. ამისთვის ორ მსახიობ ქალბატონს და ორ მამაკაცს დავუკავშირდით. მათთან საუბარი ცალკე თავებად, ანუ „სერიებად“ დავყავით....

ქართველი მილიონერი, რომელიც სერიალებს ახმოვანებს

პროფესიით მსახიობმა ერთ-ერთმა პირველმა დაიწყო საქართველოში უცხოური სერიალების გახმოვანება. მაგრამ ისე მოხდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს, მისი ცხოვრებაც სერიალს დაემსგავსა, თავად ის კი საპნის ოპერის გმირს, რადგან ერთ ღამეში ლოტო 6-36-ში ჯეკპოტი 1 671 045 მოხსნა!

იმ დღეს ნუგზარ ჩიქოვანის სახით საქართველოს ახალი მილიონერი შეემატა. მსახიობი ნუგზარ ჩიქოვანი „რუსთავი2“-ის ცნობილი ხმაა. თავიდანვე განაცხადა, რომ ლოტოს ბოლო ხუთი წელია სისტემატურად თამაშობს და ყოველთვის ერთი და იგივე ციფრებს წერდა. ბატონ ნუგზარს სერიალებზე სასაუბროდ დავუკავშირდით და ბოლოს, ლოგიკური ცხოვრებისეული კითხვაც დავუსვით.

© პირადი არქივინუგზარ ჩიქოვანი
ნუგზარ ჩიქოვანი - Sputnik საქართველო
ნუგზარ ჩიქოვანი

- ბატონო ნუგზარ, თქვენ 90-იანი წლებიდან მოყოლებული დღემდე სერიალების გახმოვანებასა და ფილმების დუბლიაჟზე მუშაობთ…

— მოდი, მკითხველს განვუმარტოთ და თავიდანვე გავმიჯნოთ: ფილმის დუბლიაჟი სხვა თემაა და გახმოვანება სხვა. დუბლიაჟის დროს ორიგინალი მსახიობის ხმა არ ისმის და ქართველი მსახიობი თამაშობს იმ გმირის მაგივრად რომელიც ეკრანზეა, ანუ მთლიანად მისი ხმა ისმის. გახმოვანებაში კი ასე არ არის, გახმოვანების დროს რჩება მსახიობის, ანუ ორიგინალი ხმა, უბრალოდ მას დაბლა ეწევა და მას ქართველი მსახიობის ხმა ედება. მათზე მუშაობის სპეციფიკაც სხვადასხვაგვარია. ფილმის დუბლიაჟი უფრო შრომატევადია. თუმცა ეს ინდივიდუალურია: მსახიობმა შეიძლება დუბლიაჟი გააკეთოს და ფილმის გახმოვანება ვერ შეძლოს ან პირიქით. 90- იან წლებში ტელევიზიის პირველ არხზე იყო გაერთიანება „თეატრონი“ ბატონი კახა კახაბრიშვილის ხელმძღვანელობით. აი, მაშინ დაიწყო ქართულ ტელესივრცეში სერიალების გახმოვანება, დუბლიაჟი საქართველოში მანამდეც, კინოსტუდიის ბაზაზეც კეთდებოდა. იმის მერე ბევრ ტელევიზიაში გაკეთდა იგივე განყოფილება. 

-რა სერიალებს ახმოვანებდით მაშინ თუ გახსოვთ?

— იყო ასეთი სერიალი „კობრა“, რომელსაც მე ვახმოვანებდი. ასევე სერიალი „კასანდრა“, რომელიც იმ დროს ძალიან პოპულარული იყო, მაგრამ მას მე არ ვახმოვანებდი. ამ სერიალს ძალიან კარგი მსახიობი, ცხონებული გოგა გორგასანიძე ახმოვანებდა. საერთოდ სერიალზე მუშაობის დროს სირთულეს ენაც ქმნის, ინგლისური ფილმების გახმოვანება უფრო ადვილად ხდება, ვიდრე, მაგალითად ჩინურის ან იაპონურის. ინგლისურად შეიძლება წინადადება შვიდი სიტყვისგან იყოს შედგენილი, ქართულად კი იგივე აზრი მხოლოდ სამი სიტყვით გადმოიცეს.

- გარკვეულ სერიალზე მხოლოდ ორი მსახიობი მუშაობს…

— როცა ფილმს ორი ადამიანი ახმოვანებს: მამაკაცი და ქალი, მაშინ ყველა კაცს — კაცი ახმოვანებს და ყველა ქალს — ქალი. ჩემს შემთხვევაშიც ასე ხდება. ზოგჯერ ყველა მამაკაცს მე ვახმოვანებ. თუკი სერიალს ოთხი მსახიობი ახმოვანებს, მაშინ როლები იყოფა: შედარებით ახალგაზრდას — ახალგაზრდა ახმოვანებს, ასაკოვანს- შესაბამისად ასაკოვანი…ოთხ ხმაში სამუშაო უფრო საინტერესოა..ახლა„რუსთავი 2“-ზე გადის თურქული სერიალი „დიდებული საუკუნე“, სადაც მამაკაცებს ვახმოვანებ.

© photo: courtesy of Muhteşem Yüzyıl Kösemდიდებული საუკუნე
დიდებული საუკუნე - Sputnik საქართველო
დიდებული საუკუნე

- და ბოლოს, ბატონო ნუგზარ, ეს რომ არ გკითხოთ, მკითხველი არ მაპატიებს: როგორ შეცვალა თქვენი ცხოვრება ერთმა დღემ, როდესაც  მილიონერმა გაიღვიძეთ…

— თქვენ წარმოიდგინეთ მნიშვნელოვანი არაფერი შეცვლილია, დაახლოებით ისევ ისე ვცხოვრობ, როგორც მანამდე ვცხოვრობდი…

- როგორ? სულ არაფერი შეცვლილა?

— არა,სულ რომ არაფერი შეცვლილიყო, ეგ გამიკვირდებოდა, მაგრამ მე ვიგულისხმე, რადიკალურად არ შეიცვალა მეთქი…

- ცხოვრებისადმი თქვენი დამოკიდებულება თუ შეიცვალა?

— თუმცა ზოგიერთებს უნდათ, რომ შემაცვლევინონ, მაგრამ არაფერი გამოუვათ… საერთოდ კი როგორც ამბობენ, ყველა მოვლენას აქვს თავისი დადებითი და უარყოფითი მხარე. 

-ამ ამბის მერე ადამიანების ლუსტრაცია ხომ არ მოხდა?..

— რა თქმა უნდა მოხდა.. ასეთი რაღაცეები თავისთავად ხდება. ნუ, რას ვიზამთ, ასეთ ფაქტს მსგავსი მოვლენებიც ახლავს…

„ზაფხულის საიდუმლოდან“ –„უცნაურ ზაფხულამდე“

სერიალებამდე ცნობილი ტელეწამყვანი იყო, „თეატრონში“ მისვლის შემდეგ კი გახმოვანებაზე მუშაობა დაიწყო. ლალი ხვედელიანი — ტელეწამყვანი, „თეატრონის“ გამხმოვანებელი. როგორ წარიმართა მისი ცხოვრება სერიალების შემდეგ ამას ახლავე შეიტყობთ.

© FB/ Lali Khvedelianiლალი ხვედელიანი
ლალი ხვედელიანი - Sputnik საქართველო
ლალი ხვედელიანი

- ქალბატონო ლალი, სერიალებზე მუშაობა თქვენც „თეატრონიდან“ დაიწყეთ?

— დიახ, 90-იან წლებში, როცა პირველ არხზე გახმოვანების სტუდია „თეატრონი“ გაიხსნა, მის ხელმძღვანელთან, ბატონ კახა კახაბრიშვილთან მივედი და პირველივე ჯგუფში მოვხვდი. ვიმუშავე ბრაზილიურ სერიალზე „ზაფხულის საიდუმლო“, სადაც არისტოკრატ ქალს ვახმოვანებდი. ეს სასიყვარულო სერიალი იყო, მისთვის ჩვეული მთელი რიგი ინტრიგებით და მასში მონაწილე ლამაზი მსახიობებით. მოკლედ ძალიან საინტერესო იყო, ეს სერიალი მთელი ზაფხული გადიოდა ეკრანზე. 

-გმირი, რომელსაც ახმოვანებდით თქვენთან ბუნებით ახლოს იყო თუ პირიქით?

— კი, ჩემთან ბუნებით ახლოს მყოფი პერსონაჟი იყო. გახმოვანების პროცესი ძალიან საინტერესო იყო. ცოტა დაძაბულები ვიყავით, რომ ეკრანზე ზედმეტი სუნთქვაც არ გასულიყო. ეს საკმაოდ რთული პროცესია და არავინ თქვას, რომ ადვილია. საინტერესო საქმეცაა, საკმარისი იყო ერთი თვალი გადამევლო ტექსტისთვის, რომ როლში შევსულიყავი. თუკი მსახიობის მიზეზით წყდებოდა ჩაწერა, ის უხერხულ მდგომარეობაში ვარდებოდა..

- ისე გამოვიდა, რომ სერიალიდან „ზაფხულის საიდუმლო“ გარკვეული დროის შემდეგ „უცნაურ ზაფხულზე“ გადახვედით…

— მკითხველისთვის გასაგები რომ იყოს თქვენი კითხვის ორაზროვნება, განვმარტავ, ეტყობა, იმ სერიალმა რომანტიული განწყობა დამიტოვა და შემდეგ ლექსების წერა დავიწყე, შეიძლება ითქვას, რომ ცხოვრების პროზიდან პირდაპირ პოეზიაზე გადავედი და ჩემს პირველ კრებულს „უცნაური ზაფხული“ ვუწოდე…

1300 სერია და ცხოვრების ამდენივე დღე

ზურა გორგაძე — მსახიობი, ამჟამად ერთდროულად სამ სერიალს ახმოვანებს.მათგან ყველაზე პოპულარული ცნობილი ინდური სერიალი „დინასტიაა“.„რუსთავი 2“-ის გარდა იგი ფილმებსა და სერიალებს ტელეკომპანია „იბერიაში“ და კომპანია „ბრავო რეკორდსშიც“ ახმოვანებს.

© FB/ Zura Gorgadzeზურა გორგაძე
ზურა გორგაძე - Sputnik საქართველო
ზურა გორგაძე

-ბატონო ზურაბ, ინდურ სერიალზე „დინასტია“ ყოველ დღე მუშაობთ, ანუ ფაქტობრივად რეალურად, ყოველ დღე ცხოვრობთ გმირების ცხოვრებით…

— ეს ძალიან პოპულარული ინდური სერიალია. „დინასტიის“ უკვე 1300 სერია გავახმოვანე, მასზე უკვე ორი წელია, რაც ვმუშაობთ და სიმართლე გითხრათ, არც ვიცით ეს სერიალი როდის დამთავრდება..

© FB/ Diya Aur Baati Humდინასტია
დინასტია - Sputnik საქართველო
დინასტია

- ალბათ სანამ მისი გმირები და შემსრულებელი მსახიობები ცოცხლები იქნებიან…

— თქვენ ხუმრობთ და მგონი, მართლა ასე იქნება. ადრე თუ არ ვცდები, იყო ასეთი თითქმის დაუსრულებელი სერიალი, რომელსაც „როსაურა“ ერქვა. მოკლედ რომ დაიწყო, აღარ დამთავრდა რაა!.. კიდევ თურქულ სერიალს „ცრემლების გვირგვინი“ ვახმოვანებ და ვენესუელურ სერიალს „წართმეული ცხოვრება“. გახმოვანების პროცესი სირთულეს არ წარმოადგენს, როცა გამოცდილება გაქვს, მაგრამ თვითონ სამუშაო პროცესია დამღლელი. ალბათ ზოგი ფიქრობს, რა გენაღვლება, ზიხარ სტუდიაში თბილად და ლაპარაკობო, მაგრამ ეს ლაპარაკი იმდენად დამღლელია,.. ამ შემთხვევაში ბევრი ფაქტორია მნიშვნელოვანი: მხედველობაა დაძაბული, ის, რომ პერსონაჟიდან პერსონაჟზე უნდა გადახვიდე და ინტონაცია უნდა შეიცვალო, თანაც, ემოცია უნდა იყოს ზუსტი და არ უნდა გადაამლაშო.. 

- ადვილი შესამჩნევია, რომ დღეს ე.წ. საპნის ოპერები შედარებით ხარისხიანმა სერიალებმა შეცვალა. ასეა?

— მართლა ასეა, მაგალითად ამ ბოლო დროს სერიალების თვალსაზრისით კარგ და ხარისხიან პროდუქტს თურქეთი დებს. ეს მართლაც არ არის უბრალოდ საპნის ოპერა, თანაც მასში კარგი მსახიობები თამაშობენ. დრამატურგიულ დონეზე იქ ბევრი კარგი სცენაა. შესაბამისად როცა ხედავ, სერიალები ნორმალურია, შენც უფრო მეტი სტიმული გეძლევა იმისთვის, რომ უკეთ გაახმოვანო და ხარისხიანი პროდუქტი დადო.

თეატრიდან სერიალამდე და პირიქით

რთულია, როცა თეატრში სპექტაკლს თამაშობ და შემდეგ გვიანობამდე სერიალის გახმოვანება გიწევს. თეატრის მსახიობი მალხაზ აბულაძე პოპულარულ სერიალს „ექიმი ჰაუსი“ახმოვანებს. მასთან საუბარი გვიან, თეატრში სპექტაკლის შემდეგ მოვახერხეთ…

© FB/ Malkhaz Abuladzeმალხაზ აბულაძე
მალხაზ აბულაძე - Sputnik საქართველო
მალხაზ აბულაძე

- ბატონო მალხაზ, რით განხვავდება სერიალის გმირის გახმოვანება სცენაზე თუ კინოში თამაშისა და გადაღებისგან, პრინციპში, აქაც ხომ უნდა შეხვიდე როლში, გმირის ხასიათსა და ხმას მოერგო?

— იცით, რას გეტყვით? მთავარია, არ გადააჭარბო, თან ინფორმაცია უნდა მოდიოდეს. რასაც ეკრანზე მსახიობი აკეთებს, იმაზე მეტს ხომ ვერ გააკეთებ? გამხმოვანებელმა თამაში თუ დაიწყო, მაშინ საქმე გაფუჭდება, მაგრამ როცა საქმე დუბლიაჟს ეხება, მაშინ უკვე თამაშია საჭირო და ტექსტიც სპეციალურად ისე იწერება, რომ მსახიობის პირის აპარატს მოერგოს. აქ ფაქტიურად უკვე შენ გიწევს ყველაფრის კეთება. მსახიობის ხმა იკარგება და ფილმი ქართულად სრულდება. ეს უკვე სხვა სპეციფიკისაა… 

© FB/ Houseექიმი ჰაუსი
ექიმი ჰაუსი - Sputnik საქართველო
ექიმი ჰაუსი

- ძირითადად თეატრის მსახიობი ხართ…

— დღეს ვთამაშობ სამ თეატრში: თუმანიშვილის, სამეფო თეატრში და მარჯანიშვილის თეატრში, ახლა სწორედ სპექტაკლიდან მოვედი სპექტაკლიდან, რომელსაც „საიდუმლო სერობა“ ჰქვია. 

როცა ყველა პერსონაჟ ქალს ახმოვანებ, ანუ „ბაბილინას სერიალი“

ნატა  სულხანიშვილი — პირველი არხის ცნობილი საბავშვო გადაცემების ცნობილი წამყვანი, ბავშვების საყვარელი გმირი ბაბილინა, რომელიც დღეს სერიალში „დინასტია“ ყველა ქალ პერსონაჟს ახმოვანებს.

© FB/ Nato Sulkhanishviliნატო სულხანიშვილი
ნატო სულხანიშვილი - Sputnik საქართველო
ნატო სულხანიშვილი

 — ქალბატონო ნატა, უფროსებიც და პატარებიც ბაბილინათი გიცნობენ, მაინტერესებს, ჯერ ხმით გახდით პოპულარული თუ  ამ გმირით?

— ჯერ ხმით გავხდი პოპულარული… მანამდე „ბასტი-ბუბუს“ პროექტში ერთი თოჯინა იყო —კოკო მზარეული და იმას ვახმოვნებდი, თან თოჯინას ვამოძრავებდი. მერე დაიწყო სერიალების გახმოვანება. აქ ჩემმა მეუღლემ ითამაშა დიდი როლი, ის მსახიობი იყო და ქასთინგზე მან მიმიყვანა. იმის მერე, 98 წლიდან უკვე გახმოვანებაზე ვმუშაობ. დღეს სერიალში „დინასტია“ ყველა ქალ პერსონაჟს მე ვახმოვანებ: დედამთილს, რძლებს, მეზობლებს, ბავშვებს, გოგონებს, ეს ორკაციანი სერიალია. 

- რეალობიდან გამომდინარე, ალბათ დედამთილის და რძლის დიალოგის ერთად გახმოვანება ცოტა რთულია, არა?…

— ეს გამოცდილების ამბავია. მე ყველა პერსონაჟზე ვიცვლი ხმას და მათ ინტონაციურად ვიმახსოვრებ. ვინ ასაკოვანი ქალია, ვინ ახალგაზრდა, გათხოვილია თუ გასათხოვარი… ხშირად მეკითხებიან რომელს პერსონაჟს ახმოვანებო? ამ დროს ყველა პერსონაჟს ვახმოვანებ და კარგია, რომ მეკითხებიან, ეს იმას ნიშნავს, რომ მათ განსხვავებულად წარმოვაჩენ და ვერ არჩევენ… მეორე სერიალში კი „ქოსემის რისხვა“ თვითონ ქოსემს ვახმოვანებ, ეს ოთხკაციანი სერიალია და პერსონაჟებიც თანაბრადაა გაყოფილი. 

-ქალბატონო ნატა, გახსენდებათ შემთხვევა, როცა მხოლოდ ხმით გიცნოთ ვინმემ?

— ერთხელ ასეთი სახალისო ამბავი მოხდა; ერთ პოპულარულ სერიალს ვინც ვახმოვანებდით, სტუდიიდან ხუთი მსახიობი ქალი: ნატო გაგნიძე, მარინა ქარსელაძე, ნინო თარხან-მოურავი, ეკა ჩხეიძე და მე ერთ მაღაზიაში შევედით. იქ ყველა ერთად ვლაპარაკობდით და გამყიდველი გოგო რომ გვისმენდა, გაგიჟდა: ვაიმე, რა ხდება? ძალიან ნაცნობი ხმები გაქვთ, საიდან გიცნობთ?… ამ ამბავზე დღემდე ძალიან გვეცინება.  

დღეს ფსიქოლოგები ბევრს ბჭობენ იმაზე, თუ რა გავლენას ახდენს სერიალები ადამიანის ფსიქიკაზე, ზოგი იმასაც აცხადებს, რომ ისინი მსგავსად ნარკოტიკებისა, ადამიანებს მასზე დამოკიდებულს ხდის, ზოგი ამ „სერიული ყოველდღიურობით“ სეირობს, ზოგიც კი მის გმირებთან ერთად რეალურად განიცდის და ცხოვრობს. ყველა შემთხვევაში, მათ ერთი დადებითი მომენტი ახლავს: ყოველთვის იცი, რომ თუნდაც წლების შემდეგ, ერთ მშვენიერ დღეს ის ბოლოსდაბოლოს დამთავრდება და მისი ფინალი აუცილებლად ბედნიერი იქნება, რასაც რეალურ ცხოვრებაშიც გისურვებთ!..

 

ყველა ახალი ამბავი
0