სამკაულები, როგორც ბედ–იღბალი: ქართველი დიზაინერის ისტორია

© FB / Sopho Gongliashviliსოფო გონგლიაშვილის ნამუშევრები
სოფო გონგლიაშვილის ნამუშევრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი დიზაინერის სოფო გონგლიაშვილის სამკაულები აერთიანებს წარსულსა და მომავალს, აღმოსავლეთსა და დასავლეთს და ამის წყალობით, უცხოეთშიც დიდი მოთხოვნით სარგებლობენ.

გონგლიაშვილის სამკაულები სიყვარულს ადიდებენ, ამიტომაც ადამიანებს გულგრილს არასდროს ტოვებენ, საიუველირო ნაკეთობების მოყვარულთა გულებს მაშინვე იპყრობენ.

დღეს გონგლიაშვილის ნამუშევრებზე მთელ მსოფლიოში ლაპარაკობენ და ხელოვნების ნამდვილ ნიმუშებს უწოდებენ. მის სამკაულებს ატარებენ მომღერალი ქეთი მელუა, ცნობილი ქართველი დიზაინერის დევიდ კომის მეუღლე, მსახიობი მილა იოვოვიჩი და სხვა სელებრითები.

აშშ-დან გოგნგლიაშვილს ჟურნალ Glamour-ის რედაქტორები დაუკავშირდნენ და ცნობილ მომღერალ ალიშა კისის ფოტოსესიისთვის რამდენიმე ბეჭდის გაგზავნა სთხოვეს. 

 „სამწუხაროდ, ჟურნალ Glamour-ის რედაქტორების შეტყობინება გვიან ვნახე, ამერიკაში სამკაულების გაგზავნა ვერ მოვასწარით. მაშინ გამახსენდა, რომ ნატალია ქუთათელაძე (ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი) ამერიკაში იმყოფებოდა, მას კი ბევრი ჩემი სამკაული აქვს. მას თან მხოლოდ ერთი შავი ბეჭედი ჰქონდა წაღებული, რომელიც ალიშამ ფოტოსესიის დროს გაიკეთა, მაგრამ იდეაში მას რამდენიმე ბეჭედი უნდა ჰქონოდა“, — ყვება გონგლიაშვილი  „Sputnik საქართველოსთან“ ექსკლიუზიურ ინტერვიუში.

დიზაინერი თავის ნამუშევრებში ძირითადად ვერცხლს, ძვირფას ქვებსა და ტიხრულ მინანქარს იყენებს. აქსესუარების შექმნა მან 1990–იანი წლებიდან დაიწყო. მის მიერ შექმნილი სამკაულები იმითაც გამახსოვრდება, რომ დიზაინერი გაბედულად ირჩევს ფერებსა და ფორმასაც, რაც მას სხვებისგან გამოარჩევს.

თავიდან დიზაინერი მარტო მუშაობდა, ბოლო რამდენიმე წელია, მას შემდეგ რაც მის პროდუქციაზე მოთხოვნა გაიზარდა, მან ცხრა დამხმარე აიყვანა, რომლებიც მის იდეებს რეალობად აქცევენ.

 „ამ ყველაფრის მარტო გაკეთება არ შემიძლია. მე ვხატავ, ესკიზებს ვიგონებ, მაგრამ სამკაულებს უკვე ჩემი დამხმარეები აკეთებენ“, — აღნიშნა გონგლიაშვილმა.

თავიდან გონგლიაშვილი მუსიკალურ სასწავლებელში სწავლობდა, მაგრამ მოგვიანებით მიხვდა, რომ ეს მისი საქმე არ იყო და სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება გადაწყვიტა, რომელიც 1993 წელს დაამთავრა კიდეც. 

© FB/ SOPHO GONGLIASHVILI კოლექცია „გურჯი–ხათუნი“ გონგლიაშვილმა ოთხი წლის წინ დიდ ბრიტანეთში Fashion showcase–ზე წარადგინა.
 კოლექცია „გურჯი–ხათუნი“ გონგლიაშვილმა ოთხი წლის წინ დიდ ბრიტანეთში Fashion showcase–ზე წარადგინა. - Sputnik საქართველო
კოლექცია „გურჯი–ხათუნი“ გონგლიაშვილმა ოთხი წლის წინ დიდ ბრიტანეთში Fashion showcase–ზე წარადგინა.

 „დეიდაჩემი ადრე პიანისტი იყო, იმ დროს კარგ ტონად ითვლებოდა, რომ ბავშვები თავის ნათესავების კვალს გაჰყოლოდნენ. 1990–იანი წლები ძალიან რთული იყო, მაგრამ დეიდაჩემის წყალობით, რომელიც აკომპანიმენტს ნანი ბრეგვაძეს უწევდა, მოგზაურობის საშუალება მქონდა და მაშინ რაღაც ახლის, ჩემი საქმის კეთების სურვილი გამიჩნდა“, — იხსენებს გონგლიაშვილი.

სრულიად შემთხვევით სოფოს ცხოვრებაში ტიხრული მინანქარი გაჩნდა (კონკრეტულად როგორ გაჩნდა, ამის მოყოლა დიზაინერმა არ ისურვა), და 2000 წელს გამოფენაში პირველად მიიღო მონაწილეობა. მაშინ მან მხოლოდ ოთხი ნამუშევარი წარადგინა, დამთვალიერებლის განსაკუთრებული ყურადღება თვითმფრინავმა მიიპყრო. დიზაინერი ახალი ნამუშევრების შექმნას აგრძელებდა და აღნიშნავდა, რომ თითოეული კოლექცია გარკვეული იდეის მატარებელია, რომელიც მისი ცხოვრებიდან მოდის.

 „ვცდილობ ჩემ კოლექციებში სიყვარულის იდეა ჩავაქსოვო. მინდა ადამიანებამდე მოწოდება მივიტანო: „ხალხო, მოდით ერთმანეთი გვიყვარდეს!“, — განაცხადა გონგლიაშვილმა.

 „გურჯი ხათუნის“ თემაზე შექმნილი კოლექცია, რომელიც თამარ–მეფის შვილიშვილს მიეძღვნა, ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული გახდა. აქაც გამოყენებულია სიყვარულის თემატიკა. დიზაინერი გურჯ–ხათუნის ისტორიამ შთააგონა, რომელიც 13 წლის ასაკში გაათხოვეს და მას მუსულმანურ სამყაროში ცხოვრება მოუწია.

 „ჩემთვის ეს ადამიანი ძალიან საინტერესოა, ამ თემას ყოველთვის დავუბრუნდები. იმიტომ, რომ ეს ქალი 13 წლის ასაკში გაათხოვეს, მომავალში ის სუფიზმის დამაარსებელი გახდა… ანუ ჩემთვის ის ძალიან თანამდეროვე ტიპაჟია. ის თამარ–მეფესავით გაქრა, რომელიც მისი ბებია იყო. ზოგი ამბობს, რომ ის საქართველოში დაბრუნდა, მაგრამ არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდა“, — აღნიშნა გონგლიაშვილმა. 

სწორედ კოლექცია „გურჯი–ხათუნი“ წარმოადგინა გონგლიაშვილმა ოთხი წლის წინ დიდ ბრიტანეთში Fashion showcase–ზე, რომელიც ლონდონის მოდის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. მაშინ დიზაინერმა კოლექცია ოთხ ნაწილად დაყო — ბავშვობა, გამგზავრება, ქორწილი და დედოფალი გურჯი–ხათუნი. პირველ ნაწილში დიზაინერმა გააკეთა აქცენტი ფერებზე და ბუნების თემაზე, მეორეში გამოიყენა აღმოსავლური თემატიკა და ქალები ჩადრებში ასახა, მესამეში — ფორმებზე გააკეთა აქცენტი და თეთრი ფერი გამოიყენა, მეოთხეში კი შავი ფერი აირჩია და ძვირფასი ქვები გამოიყენა.

Fashion showcase–ში მონაწილეობა 27 ქვეყნის დიზაინერმა მიიღო და გონგლიაშვილმა მეორე ადგილი დაიკავა, რაც დიდი გამარჯვება იყო. მოდის ცნობილმა კრიტიკოსმა სარა მოუერმა განაცხადა, რომ გონგლიაშვილის ნამუშევრები არტ–მუზეუმებში უნდა იყიდებოდეს და არა ჩვეულებრივ საიუველირო მაღაზიებში.

 „ვფიქრობ, რომ ლონდონში ყველაზე საინტერესო შეფასებები მივიღე. ეს არის ღონისძიება, სადაც მოდის ინდუსტრიაში ახალ ტალანტებსა და სახელებს პოულობენ“, — აღნიშნა გონგლიაშვილმა.

დღეს ქართველი დიზაინერის ნამუშევრები იყიდება იტალიაში, იაპონიაში, საფრანგეთში. წინადადება ბევრია, მაგრამ იმდენი პროდუქცია, რომ ყველა მაღაზიის მოთხოვნა დაკმაყოფილდეს, ჯერჯერობით, არ არის.

 „ეს ჩემი ბედია. ამაზე არასდროს არ ვყვები, მაგრამ ჩემ ცხოვრებაში ყველაფერი ისეთნაირად დატრიალდა, რომ ამ საქმემდე მივედი. ეს ბედია“,  - აღნიშნა გონგლიაშვილმა.


ყველა ახალი ამბავი
0