– სულ ახლახან დაბრუნდით ამერიკიდან. გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები.
– ამერიკაში უკვე მესამედ ვიყავი. ძალიან ბევრი რამ ნანახი მქონდა, თუმცა ეს ვიზიტი იმით იყო განსაკუთრებული, რომ ჩემს მეუღლესთან ერთად ვიყავი წასული. ვიყავით ნიუ-იორკში, პირველად ვიყავი ვაშინგტონში, რომელმაც ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მოვინახულეთ ძველი მეგობრები. ზოგიერთი ძალიან დიდი ხნის უნახავი მყავდა. თითოეული მათგანის ნახვას განსაკუთრებით ველოდებოდი. ერთი სიტყვით, ვიჯერე გული მათი მოფერებით.
ამ მოგზაურობის დროს კლიპიც გადავიღე ჩემ პატარა მეგობართან ნენე ნიკოლავასთან ერთად. თბილისში ჩაწერილი გვქონდა სიმღერა და ამ სიმღერაზე გადავიღეთ ვიდეორგოლი, რომლის საშუალებითაც ბევრ ღირსშესანიშნაობას ვაჩვენებთ ქართველ მაყურებელს.
ჩვენი ამერიკაში ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო მეგობრების მონახულება და დასვენება.
– ზოგადად თითქმის ყველა ადამიანისთვის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია. ალბათ თქვენ შემთხვევაშიც ასეა?
– რა თქმა უნდა, როგორც ყველა ადამიანს, მეც განსაკუთრებით მიყვარს მოგზაურობა. ხშირად მითქვამს, აეროპორტის გზას რომ დავადგები, იმდენად გახარებული ვარ, არანაირი პრობლემა აღარ მახსოვს. ეს არის ჩემთვის განტვირთვის ძალიან კარგი საშუალება. გარემოს შეცვლა დადებითად მოქმედებს ჩემზე, მით უმეტეს, თუ მივდივარ ისეთ ქვეყანაში, სადაც ნამყოფი არ ვარ და სიახლეა. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკა ჩემთვის არ იყო უცხო, მაინც ბევრი სიახლე აღმოვაჩინე. ყველა მოგზაურობას თან ახლავს სიახლეები, თავგადასავლები, რაც ძალიან დიდ სიამოვნებასთან არის დაკავშირებული. ვერ ვიტყვი, რომ ყოველ თვე ვმოგზაურობ, მაგრამ როგორც კი შანსი მიჩნდება, არასოდეს არ ვუშვებ ხელიდან. ბევრ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, მაგრამ მიუხედავად ამისა ვთვლი, რომ კიდევ ძალიან ბევრი ქვეყანა უნდა ვნახო.
– პირველი მოგზაურობით განცდილი შთაბეჭდილებები გაიხსენეთ.
– ეს ძალიან პატარა ასაკში იყო, ამიტომ შთაბეჭდილებების გახსენება ცოტა გამიჭირდება. უკვე ცნობიერ ასაკში რაც მახსენდება, იყო გერმანიაში მოგზაურობა. ქართული ცეკვების ანსამბლში ვცეკვავდი და იქიდან ვიყავით გასტროლებზე. ძალიან აღფრთოვანებული და გაოცებული ვიყავი. უზომოდ მიხაროდა და საოცარი შთაბეჭდილების ქვეშ მოქცეული დავბრუნდი საქართველოში. ნამდვილად ულამაზესი ქვეყანაა გერმანია.
– რომელ ქვეყანას გამოარჩევდით თავისი ინფრასტრუქტურით, კულტურით, ტრადიციებით?
– ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული ქვეყანა ამერიკაა. ამოუწურავად შემიძლია ამერიკაში მოგზაურობა. იქ ძალიან დამოუკიდებელი და თავისუფალი ადამიანები ცხოვრობენ. ყველა ქვეყნიდან ჩასულ სტუმარს იტევს ეს ქვეყანა და ყველასთვის ღიაა მისი კარი. აქ არავინ ზედმეტად არ გრძნობს თავს. ევროპის ქვეყნებიდან გამოვყოფდი საფრანგეთს. უზომოდ მიზიდავს და მიყვარს პარიზი.
– ქვეყანა სადაც არ ხართ ნამყოფი და დიდი სურვილი გაქვთ ეწვიოთ, დაათვალიეროთ.
– არ ვარ იტალიაში ნამყოფი და დიდი სიამოვნებით წავიდოდი. ძალიან ბევრი მსმენია ამ ქვეყანაზე, ამიტომ მოვიხიბლე და დიდი სურვილი მაქვს ჩემი თვალით ვნახო ყველაფერი.
– რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?
– მიყვარს სიახლეები, ამიტომ არასოდეს არ ვერიდები რაიმე ახალი და უცხო კერძის გასინჯვას. ძალიან კარგად ვიცნობ იტალიურ სამზარეულოს, ამიტომ უფრო იტალიურ სამზარეულოს გამოვყოფდი. ძალიან მომწონს ჩინური და იაპონური კერძებიც. უგემრიელესია ფრანგული საუზმე ომლეტით, ბეკონით, კრუასანებით. საკმაოდ ნოყიერია და ამის შემდეგ მთელი დღე რომ არაფერი მიიღო, მაინც არაჩვეულებრივად გრძნობ თავს.
– ზღვის კურორტებს ანიჭებთ უპირატესობას თუ ზამთრის კურორტებს?
– ზამთრის კურორტებით არ ვიხიბლები. არ მიყვარს სიცივე. ამ დროს არ ვგრძნობ თავს კომფორტულად. მიყვარს მზე, ზაფხული, ზღვა და, შესაბამისად, ზღვის კურორტები.
– როგორ ფიქრობთ, საქართველო ჰგავს რომელიმე უცხო ქვეყანას თავისი ტრადიციებით, კულტურით და ასე შემდეგ?
– ასე ცალსახად არ შემიძლია ვთქვა. ყველა ქვეყანა განსხვავებულია და ვთვლი, რომ არ ჰგავს ერთმანეთს. როგორც ამბობენ, ქართველებს იტალიელებთან გვაქვს ძლიერი კონტაქტი, თუმცა იტალიაში არ ვარ ნამყოფი და, შესაბამისად, ვერ ვიტყვი ნამდვილად ასეა თუ არა. ხმამაღალი ნათქვამია „საქართველო შეუდარებელია“, მაგრამ ნამდვილად გამოირჩევა იგი თავისი ინდივიდუალობით და თავისი მდებარეობით. ასე რომ, მიჭირს რომელიმე ქვეყანას შევადარო საქართველო.
– საქართველოს რომელი კუთხით მოიწონებდით თავს უცხოელ სტუმრებთან, სად წაიყვანდით ღირსშესანიშნაობის და ბუნების დასათვალიერებლად?
– საქართველო ამ კუთხით ძალიან თავმომწონე და მდიდარი ადგილია. სხვათა შორის, მსოფლიო მასშტაბით იგი იმ ქვეყნების ათეულში შევიდა, რომელიც აუცილებლად უნდა ნახო. ეს ნიუსი ამერიკაში გავიგე და ძალიან გამიხარდა. რაც შეეხება თქვენს კითხვას, ძალიან ბევრი ადგილია, სადაც შეიძლება წაიყვანო სტუმარი და შთაბეჭდილება შეუქმნა საქართველოზე. გააჩნია სეზონს. თუ შემოდგომაა, აუცილებლად წავიყვანდი კახეთში, ვაჩვენებდი რთველის, ღვინის დაწურვის პროცესს. გავაოცებდი კახური სამზარეულოთი – ხინკლით, მწვადით, კახური შოთით და ა.შ. ღირსშესანიშნავი ადგილები, ისტორიული ძეგლები მრავლადაა კახეთში, რომელსაც მოვინახულებდით. თუ ზაფხული იქნებოდა, თავისთავად, ბათუმის უნახავად არ გავუშვებდი. ზამთრის კურორტებსაც არ ვუჩივით, არაჩვეულებრივი სანახავია ბაკურიანი და გუდაური. გაზაფხულს რაც შეეხება, ამ დროს ყველაფერი ლამაზი და სანახავია საქართველოში.