საკონსტიტუციო სასამართლომ გამოცდილი მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადა აკრძალა

© Pixabay / WilliamChoკანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები
კანონისა და მართლმსაჯულების სიმბოლოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოსამართლე ომარ ჯორბენაძემ, რომლის უფლებამოსილება 2019 წელს იწურება, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში გამოცდილი მოსამართლეებისთვის გამოსაცდელი ვადის გაუქმების თაობაზე საქმე მოიგო.

თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონის ნორმა, რომლის თანახმად, გამოცდილ მოსამართლეებსაც კი სააპელაციო და რაიონულ (საქალაქო) სასამართლოებში უვადოდ მხოლოდ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის წარმატებით გავლის შემდეგ დანიშნავენ.

საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქმედმა მოსამართლემ ომარ ჯორბენაძემ შეიტანა, რომლის უფლებამოსილება 2019 წელს იწურება. ჯორბენაძე უსამართლოდ მიიჩნევს, რომ გამოცდილი და დამწყები მოსამართლეები ამ ნორმით თანაბარ პირობებში აღმოჩნდნენ.

მან მაგალითად მოიტანა კონსტიტუციის 29-ე მუხლი, რომლის თანახმად, „საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს“.

„საკონსტიტუციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ მოსამართლის განსაზღვრული ვადით განმწესება უკავშირდება პირის იმ მნიშვნელოვანი ნიშან-თვისებების გამოკვლევას, რომელთა შესწავლაც რთული იქნება მოსამართლის პრაქტიკული საქმიანობის გაანალიზების გარეშე, თუმცა არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3-წლიანი გამოცდილება. შესაბამისად, შესაძლებელია შეფასდეს მათი წარსულში განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან“, — აღნიშნულია სასამართლოს ვებ-გვერდზე განთავსებულ განმარტებაში.

საქართველოს პრეზიდენტი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებებს ხელი მოაწერა

ამიტომ დამატებითი გამოსაცდელი ვადის დადგენა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც უკვე აქვთ მინიმუმ სამწლიანი გამოცდილება სასამართლო საქმიანობაში, ზედმეტ, დაუსაბუთებელ ბარიერად იქნა მიჩნეული, აღნიშნეს საკონსტიტუციო სასამართლოში.

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია ჯორბენაძის მტკიცება, რომ გამოცდილი და ახლაბედა მოსამართლეები თანასწორი არ არიან.

სასამართლომ პარლამენტს „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში შესწორებების შესატანად ვადა 1 ივლისამდე მისცა.

ცვლილებები კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“, ასევე სხვა მასთან დაკავშირებული კანონები საქართველოს პარლამენტმა 2016 წლის დეკემბრის ბოლოს მიიღო. ეს სასამართლო რეფორმის უკვე მესამე ტალღა იყო.

საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით შენიშვნები გაუჩნდა, ამიტომ შესწორებებს ხელი არ მოაწერა. მან პარლამენტში შეიტანა თავისი შენიშვნები, მათ შორის მოსამართლეების გამოსაცდელ ვადასთან დაკავშირებით, მაგრამ დეპუტატთა უმრავლესობას ისინი არ მოეწონა. პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო თებერვლის დასაწყისში დაძლია.

მარგველაშვილი მოითხოვდა, რომ გამოსაცდელი ვადა შეხებოდათ მხოლოდ იმ მოსამართლეებს, რომლებიც ამ სამწლიანი ვადით 2017 წლის 15 მარტამდე დანიშნეს.

ყველა ახალი ამბავი
0