მოთხილამურე ნინო წიკლაური უნგრეთის ჩემპიონი გახდა

© FB/Nino Tsiklauriნინო წიკლაური
ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
გამოწერა
23 წლის ნინო წიკლაურმა ავსტრიის კურორტ სანტ–ლაბრეხტში ჩატარებულ უნგრეთის ღია პირველობაზე (ორი გიგანტური სლალომი) წარმატებით ასპარეზობა შეძლო და გამარჯვებაც მოიპოვა. როგორია მოთხილამურის ცხოვრება და როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამას ნინო თავად გვიამბობს.

ნინი რაზმაძე 

– რამდენი ხანია, რაც თხილამურებით დაინტერესდი?

— 3 წლის ასაკიდან ვსრიალებ თხილამურებზე და 15 წლის ასაკიდან დავიწყე ვარჯიში. გუდაურში გავიზარდე და პატარაობიდან მთელი ზამთრის განმავლობაში ვსრიალებდი, სპორტულ სკოლაში დავდიოდი, საიდანაც უზრუნველყოფილი გვქონდა აღჭურვილობა. 9 წლის ასაკში დავიწყე საქართველოში შეჯიბრებზე გამოსვლა. რამდენიმე წარმატების შემდეგ უფრო მეტად შემიყვარდა სპორტის ეს სახეობა და ვახტანგ მიქელაძის დახმარებით შანსი მომეცა საქართველოს ნაკრებთან ერთად ვარჯიში დამეწყო. 

© FB/Nino Tsiklauriნინო წიკლაური
ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური

– შენი ოჯახის წევრებიც ხომ არ არინ დაკავებული ამ სპორტით?

— ჩემმა მშობლებმა არ იციან სრიალი, მაგრამ ჩემი ძმაც მოთხილამურეა, ოღონდ უფრო ექსტრემალური განხრით — პირველი ფრირაიდერია საქართველოში და თან Red Bull-ის სპორტსმენია. ძალიან ვამაყობ მისით.  

– პირველი ტურნირი რომ გაიხსენო, როგორი იყო შენი ემოციები?

— საქართველოში პირველი ტურნირი მახსენდება — „ვატო ფიფიას თასი“. როდესაც პირველად მოვიგე თასი, ჩემთვის რაღაც სასწაული იყო. 9 წლის ვიყავი და, მახსოვს, დაჯილდოებაზე ვიტირე კიდეც, ძალიან ბედნიერი ვიყავი.

საზღვარგარეთ უფრო სხვა შეგრძნება იყო, ძალიან ვნერვიულობდი, 15 წლის ვიყავი და საკმაოდ წარმატებულ, ცნობილ სპორტსმენებთან ერთად გამოვდიოდი. უფრო დიდი პასუხისმგებლობა მქონდა, რადგან უკვე სხვა ქვეყანაში წარმოვადგენდი საქართველოს. 

საზღვარგარეთ პირველი წარმატება იტალიაში მოვიპოვე — საპადაში გავიმარჯვე გიგანტურ სლალომში. ალბათ, არასდროს დამავიწყდება ის დღე, სრულიად მოულოდნელი იყო.  

© FB/Nino Tsiklauriნინო წიკლაური
ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური

– შენ სპორტულ მიღწევებზე მოგვიყევი… 

— მას შემდეგ, რაც საქართველოს ნაკრების წევრი ვარ, სპორტული მიღწევები საკმაოდ ბევრი დამიგროვდა. უკვე ორ ოლიმპიადაში და სამ მსოფლიო ჩემპიონატში მივიღე მონაწილება. 

24 იანვარს პირველად გამოვედი მსოფლიო თასის ეტაპზე, სამწუხაროდ, პირველი ცდა ვერ დავამთავრე, მაგრამ საკმაოდ კმაყოფილი ვიყავი ჩემი სრიალით. შეცდომებზე და ასეთი მაღალი დონის შეჯიბრებაზე გამოცდილებას ვიღებ, რაც შემდეგ საერთაშორისო, შედარებით საშუალო დონის შეჯიბრზე უკეთესად გამოსვლაში მეხმარება.

– რა სირთულებთან არის დაკავშირებული მოთხილამურის ცხოვრება და რამდენად რთულია, იყო წარმატებული ქალი მოთხილამურე საქართველოში?  

— სირთულეები ბევრია, პირადად ჩემთვის, ალბათ, ყველაზე რთული სახლიდან ხშირად შორს ყოფნაა. 

ვარჯიშის დროს ფიზიკური დატვირთვა ძალიან დიდია, მძიმე წონებით გვიწევს ვარჯიში და რეჟიმიც საკმაოდ რთულია.

რაც შეეხება საქართველოში წარმატებულ ქალ-მოთხილამურეს, ან თუნდაც ნებისმიერ სხვა სპორტსმენ ქალს — საკმაოდ რთულია, მგონი სპორტზე ყველას ისევ ის წარმოდგენა აქვს, რომ „კაცის საქმეა”… ქალთა ნაკრებები ძალიან ცოტაა და თუნდაც საკმაოდ წარმატებული ნაკრები ან სპორტსმენი იყო, ხელშეწყობა და ყურადღება საკმაოდ ნაკლებია…  

© FB/Nino Tsiklauri ნინო წიკლაური
 ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური

– შინაგანი განწყობა რამდენად მოქმედებს ასპარეზობის დროს?

— შინაგანი განწყობა ამ სპორტში ძალიან დიდ როლს ასრულებს, განსაკუთრებით, შეჯიბრის დროს. თუ სტარტზე მოგების სურვილით და თავდაჯერებულობით არ დადგები და ბოლომდე არ იბრძოლებ, მაშინ წარმატებას ვერ მიაღწევ…

– დღის განმავლობაში რამდენ საათს ვარჯიშობ?

— დილით დაახლოებით 4-5 საათი ვსრიალებ, შუადღით კი მინიმუმ 2 საათი ფიზიკური დატვირთვა მაქვს. კვირაში ერთი ან ორი დღე არ ვსრიალებ, მაგრამ ფიზიკური ვარჯიში ყოველდღე მაქვს.

– შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი და დასამხსოვრებელი ტურნირი რომელი იყო და რატომ?

— სოჭის ოლიმპიადა. გახსნის ცერემონიაზე მედროშე ვიყავი და, მგონი, ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა და სიამაყე მაშინ ვიგრძენი. მიუხედავად იმისა, რომ გახსნის ცერემონიიდან არაფერი მახსოვს, რადგან ძალიან ვნერვიულობდი, მაინც დადებითი და დაუვიწყარი შეგრძნება იყო. 

© FB/Nino Tsiklauriნინო წიკლაური: სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მედროშე ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.
ნინო წიკლაური: სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მედროშე ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო. - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური: სოჭის ოლიმპიადის გახსნაზე მედროშე ვიყავი და ეს ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობა იყო.

– როგორ ემზადებოდი უნგრეთის ჩემპიონატისთვის?

— ჩემ გუნდთან kronplatz racing center-თან ერთად ვვარჯიშობდი იტალიის კურორტ კრონპლაცზე. ამ ტურნირზე გამოსვლას არ ვაპირებდი, მეგონა, უფრო მეტი ვარჯიში მჭირდებოდა, რომ მზად ვყოფილიყავი, მაგრამ ჩემმა მწვრთნელმა ნიკოლა პაულონმა დამარწმუნა და მართალიც აღმოჩნდა.

– გამარჯვების იმედი რამდენად გქონდა?

— გამარჯვების იმედი, სიმართლე გითხრათ, დიდად არ მქონია. რამდენიმე საკმაოდ ძლიერი გოგო გამოდიოდა, რომლებმაც წინა ტურნირებზე მაჯობეს. შეჯიბრის წინ მშობლებს ველაპარაკე და მამამ მითხრა — ერთი ჩვენებურად ჩამოსრიალდიო, და რაღაცნაირად მოტივაცია მომემატა. პირველი ცდის მოგების შემდეგ უფრო თავდაჯერებულად გამოვედი და შედეგიც მივიღე.

– ტურნირზე მომიყევი, რა ხდებოდა…

— ავსტრიის კურორტ სანტ–ლამბრეხტში ჩემ მწვრთნელებთან და უცხოელ სპორტსმენებთან ერთად ვიყავი. ძალიან მოღრუბლული ამინდი იყო და, შესაბამისად, ხილვადობაც არ იყო კარგი, თან თბილოდა და ოდნავ თოვდა. ზედაპირი არ ჩანდა და საკმაოდ რთული იყო სრიალი, მაგრამ მეორე შეჯიბრზე უკეთესი პირობები იყო. 

© FB/Nino Tsiklauriნინო წიკლაური
ნინო წიკლაური - Sputnik საქართველო
ნინო წიკლაური

– როგორი შეგრძნებაა, როცა სპორტსმენებს შორის პირველი ხარ, როგორია ჩემპიონობა?

— ბედნიერებაა. განსაკუთრებით მაშინ, როცა უცხოეთში შენი ქვეყნის გამოცხადების შემდეგ კვარცხლბეკზე ამაყად ადიხარ. როდესაც მთელი წლის განმავლობაში ვარჯიშობ და შემდეგ წამატებას აღწევ, ხვდები, რომ დრო და ძალისხმევა ტყუილუბრალოდ არ დაგიკარგავს. 

– გამარჯვების შემდეგ შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი — დასამახსოვრებელი კომპლიმენტი, რომელიც მიიღე?

— ბევრი ადგილობრივი მეკითხებოდა, რომელი Georgia-დან ვიყავი და როცა ვუხსნიდი, ყველა კომპლიმენტს მეუბნებოდა. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანი, ალბათ, ჩემი მწვრთნელების კომპლიმენტი იყო და ზარი საქართველოდან — როცა მთელი ჩემი ოჯახი ერთად მილოცავდა. 

– თხილამურების გარდა კიდევ რითი ხარ დაკავებული?

— თხილამურების გარდა ამ მომენტისთვის არაფრით. თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს და როცა ვისვენებ, მაქსიმალურად ვცდილობ, დრო სახლში, ჩემებთან ერთად გავატარო.

– საქართველოში რამდენად პოპულარულია სპორტის ეს სახეობა?

— ტურისტულ დონეზე ძალიან პოპულარულია, მაგრამ სპორტსმენები ძალიან ცოტანი ვართ.

– ახლა წინ რა ტურნირები გელის და როგორ ემზდები?

— 16-18 თებერვალს მსოფლიო ჩემპიონატზე სანტ–მორიცში — შვეიცარიაში მექნება შეჯიბრი და შემდეგ ორკვირიანი დასვენება საქართველოში.

– შენი სამომავლო გეგმები… 

— შარშანდელი ტრავმის გამო წელს ბევრ შეჯიბრზე გამოსვლას არ ვაპირებ, ცოტა სიფრთხილე მჭირდება. ამ სეზონის შემდეგ დავიწყებ ისევ სრული დატვირთვით ვარჯიშს… მომავალი წელი ოლიმპიური წელია და მინდა მაქსიმალურად მომზადებული ვიყო. ოლიმპიადამდე რამდენიმე მსოფლიო თასის ეტაპზე გამოსვლას ვგეგმავ, რომ მეტი გამოცდილება მივიღო, ასევე საერთაშორისო შეჯიბრზე გამოვალ რეიტინგის გასაუმჯობესებლად და კვალიფიკაციის მოსაპოვებლად. შემდეგ კი შედეგები გვიჩვენებს…

ყველა ახალი ამბავი
0