ილია მეორე: მე ვიცნობ მამა გიორგის და კარგის მეტი არაფერი მსმენია და მინახავს მისგან

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათალიკოს-პატრიარქი
საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბერლინის კლინიკაში მყოფმა კათოლიკოს პატრიარქმა პირველი კომენტარი გააკეთა დეკანოზ გიორგი მამალაძის დაკავებასთან დაკავშირებით.

თბილისი, 16 თებერვალი — Sputnik. ბერლინში მყოფმა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ პირველი განცხადება გააკეთა საქართველოში უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირზე თავდასხმის მზადების ბრალდებით დაკავებულ დეკანოზ გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით. 

ვიდეომიმართვა ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაშია ჩაწერილი და იგი ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის Facebook გვერდზე დაიდო.

„მინდა შევეხო იმ უცნაურ და რაღაც არანორმალურ სიტუაციას, რომელიც დაკავშირებულია მამა გიორგი მამალაძესთან. მე ვიცნობ მამა გიორგის უკვე კარგა ხანია და კარგის მეტი მე არაფერი მომისმენია და მინახავს მისგან“, — განაცხადა საქართველოს პატრიარქმა. 

მისივე თქმით, ეკლესია, ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მუდამ იყო ერთი გამთლიანებული ორგანიზმი და იქნება მომავალში.

ილია მეორემ განაცხადა, რომ სამ დღეში დაბრუნდება თბილისში და იმედი გამოთქვა რომ ყველაფერი დამშვიდდება. 

„ვერავინ შეძლებს ჩვენი ერისა და ეკლესიის დარღვევას. მე სამ დღეში ჩამოვალ თბილისში და იმედი მაქვს, ყველაფერი დამშვიდდება, გაირკვევა და ყველაფერი ნორმაზე დადგება. ღმერთმა დაგლოცოთ თქვენ და სრულიად საქართველო“, — თქვა პატრიარქმა.

საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს ორშაბათს, 13 თებერვალს გერმანიაში გაუკეთეს ნაღვლის ბუშტის ოპერაცია. 

რამდენიმე დღით ადრე თბილისის აეროპორტში დააკავეს დეკანოზი გიორგი მამალაძე, რომელიც გერმანიაში მიემგზავრებოდა, და რომელსაც ბარგში  ნატრიუმის ციანიდი აღმოუჩინეს. 

ორშაბათსვე საქართველოს მთავარმა პროკურორმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე უმაღლესი იერარქიის სასულიერო პირზე გეგმავდა თავდასხმას. 

დეკანოზი ამჟამად მატროსოვის ციხეში იმყოფება და დუმილის უფლებას იყენებს. 

საქართველოს პატრიარქი ილია მეორე 83 წლისაა და უკვე 39 წელია სათავეში უდგას ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიას. 


ყველა ახალი ამბავი
0