თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. პალესტინის სახელმწიფოს ღაზის სექტორსა და სინაის ნახევარკუნძულზე გადატანის შესახებ ისრაელის პოლიტიკოსის მიერ გახმოვანებული იდეა შეიძლება სულელურად ჩაითვალოს, განაცხადა პალესტინის გათავისუფლების ორგანიზაციის მდივანმა საიბ ორეიკატმა პრესკონფერენციაზე, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
ისრაელის უპორტფელო მინისტრმა აიუბ კარამ მანამდე გაზეთ Times of Israel-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ ბენიამინ ნეთანიაჰუს პალესტინის პრობლემის გადასაჭრელად სწორედ ამგვარი ვარიანტი შესთავაზა. მისი თქმით, პრემიერი დაპირდა, რომ აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრისას აუცილებლად წამოჭრიდა ამ საკითხს.
„ეს სულელური იდეაა, სინაი ეგვიპტის მიწაა… ეგვიპტე პალესტინელთა უფლებების ერთ-ერთი პირველი დამცველია“, — განაცხადა ორეიკატმა.
საიბ ორეიკატი იმედოვნებს, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას დონალდ ტრამპი კვლავაც დაადასტურებს ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს პრინციპისადმი ერთგულებას და მოუწოდებს ისრაელს, შეწყვიტოს მშენებლობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე.
სააგენტო „ფრანს–პრესი“ მანამდე თეთრი სახლის მაღალჩინოსან თანამშრომელზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ ტრამპი აპირებს უარი თქვას ორი სახელმწიფოს პრინციპსა და ახლო აღმოსავლეთის საკითხის გადაჭრის მცდელობაზე.