თბილისი, 14 თებერვალი — Sputnik. ხელოვნების გამოჩენილი მოღვაწეების სასიყვარულო ბარათების ნახვა იქნება შესაძლებელი გამოფენაზე, რომელიც 14 თებერვალს, ვალენტინობის დღეს თბილისში გაიხსნება.
ერთდღიანი გამოფენა ორბელიანის 8/10 ნომერში 20:30 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ისეთი ცნობილი წყვილების სასიყვარულო ბარათები, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე და ოლღა გურამიშვილი, კონსტანტინე გამსახურდია და რებეკა ვაშაძე, ივანე ჯავახიშვილი და ანასტასია ჯამბაკურ-ორბელიანი და სხვები.
ექსპოზიციაზე ასევე იქნება წარმოდგენილი XVIII-XIX საუკუნეების სასიყვარულო ეპისტოლეები — გზავნილის, წერილის ფორმის ლიტერატურული ნაწარმოებები.
ყველა ექსპონატი საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდიდან არის წარმოდგენილი.
გარდა ამისა, საღამოზე წაიკითხავენ ნაწყვეტებს წიგნიდან „ასე უყვარდათ უწინ“. მასში შესულია სასიყვარულო მიმოწერა ისეთი პიროვნებების, როგორებიც იყვნენ ლევ ტოლსტოი, ალექსანდრ პუშკინი, იოჰან ვოლფგანგ გოეთე, ფრიდრიხ შილერი, ვოლტერი, რაინერ მარია რილკე, ოსკარ უაილდი, გუსტავ ფლობერი, მარკ ტვენი, ვიქტორ ჰიუგო, ონორე დე ბალზაკი, ედგარ ალან პო, ფრანც კაფკა, ჩარლზ დიკენსი და სხვა.