თბილისი, 13 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ და აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ორმხრივი ურთიერთობებისა და რეგიონული თანამშრომლობის საკითხები განიხილეს, აღნიშნულია საგარეო უწყების პრეს-სამსახურის განცხადებაში.
ჯანელიძე ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით ბაქოს 12 თებერვალს ეწვია.
შეხვედრაზე ჯანელიძემ და ალიევმა საქართველოსა და აზერბაიჯანის კეთილმეზობლური და სტრატეგიული ურთიერთობები დაადასტურეს, რაც თანამშრომლობის შემდგომი განვითარებისთვის კარგ საფუძველს წარმოადგენს.
პოლიტიკოსებმა როგორც პოლიტიკურ, ისე სავაჭრო–ეკონომიკურ სფეროებში ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი აღნიშნეს.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის პროექტის და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის ეფექტური რეალიზაციის მიმართულებით. აღინიშნა არა მხოლოდ ორი ქვეყნის, არამედ რეგიონისთვის ამ პროექტების მნიშვნელობა.
საუბარი შეეხო თანამშრომლობას ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივის ფარგლებში. საგარეო საქმეთა მინისტრი მიესალმა აზერბაიჯანსა და ევროკავშირს შორის სტრატეგიულ დოკუმენტზე მუშაობის დაწყებას. ახალი დოკუმენტი, რომელიც 2016 წელს არის რატიფიცირებული, ითვალისწინებს აზერბაიჯანის კანონმდებლობის ევროკავშირის სავაჭრო ნორმებთან და სტანდარტებთან დაახლოებას, რაც აზერბაიჯანული პროდუქციის ევროპულ ბაზარზე მისაწვდომობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
მხარეებმა მზადყოფნა გამოთქვეს, შეინარჩუნონ დიალოგი ქვეყნებს შორის მაღალ დონეზე და ხელი შეუწყონ ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.
ბაქოში ვიზიტის პერიოდში დაგეგმილია ჯანელიძის შეხვედრა აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ არტურ რასიზადესთან, მილი მეჯლისის თავმჯდომარე ოქტაი ასადოვთან, ასევე საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან. ვიზიტი 13 თებერვალს დასრულდება.
საქართველომ და აზერბაიჯანმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის 18 ნოემბერს დაამყარეს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ენერგეტიკის სფეროებში.