უჩა კორძაია თავდაპირველად ფლეიტაზე უკრავდა და თანაც ისე, რომ წარმატებულ კარიერასაც უწინასწარმეტყველებდნენ. დღეს, მუსიკოსს სამწუხაროდ ისეთი დიდი აუდიტორია აღარ ჰყავს, მაგრამ მისი პროფესიონალიზმით მოხიბლული პუბლიკა აპლოდისმენტებს მისთვის არასოდეს იშურებს. მას თბილისში დავუკავშირდით.
- გამარჯობა, ბატონო უჩა.
— გამარჯობა მამიკო..
— ყველა ასაკის ადამიანს მამიკოთი მიმართავთ, არა?
— დიახ, ყველას მამიკოთი მივმართავ, არა იმიტომ, რომ ვინმე ჩემზე პატარაა, მამიკო არის ჩემი ტერმინი, მე ქუთაისელი ვარ და ჩემს გარშემო ბავშვობიდან უფროსები ერთმანეთს ასე მიმართავდნენ. იქიდან შემომრჩა ეს ჩვევა, ქალსაც და კაცსაც მოფერებით მამიკოს ვეძახი…
- რადგან სიტყვამ მოიტანა, ქუთაისი თქვენი ბავშვობის ქალაქია და მოსაგონარიც ბევრი გექნებათ..
— მე ვარ ნაღდი, „კარენოი“ ქუთაისელი, ქუთაისში დაბადებული და გაზრდილი. ჟორა შავგულიძე სადაც ცხოვრობდა, იმის მეზობლად ვიყავით. მე არ მახსოვს, მამაჩემისგან ვიცი, ახლა ის სახლი აღარ არის, გაიყიდა. სხვა ქუთაისელებიც მახსოვს, ომარ ფხაკაძე მსოფლიო ჩემპიონი რომ იყო, ველოსპორტსმენი, მახსოვს. ჩემი მუსიკის მასწავლებელი ნიკოლოზ ედგარიძე მინდა გავიხსენო. ის ქუთაისში დიდი მუსიკოსი იყო. მან ამ ქალაქში თავისი შემოქმედებით დიდი კვალი დატოვა, თუ აქ ვინმე უკრავდა სასულე ინსტრუმენტზე, ყველამ მასთან ისწავლა. ძალიან განათლებული პიროვნება იყო, მუსიკის არანჟირებას აკეთებდა. მას ბევრი კარგი მუსიკოსი ჰყავს გაზრდილი.
- ბატონო უჩა, თქვენ ფლეიტისტი ხართ და ამ ინსტრუმენტზე უკრავდით თავიდან…
— მე ფლეიტისტი ვარ, ქუთაისის მუსიკალურ სასწავლებელში და კონსერვატორიაშიც ფლეიტის კლასი დავამთავრე, ქუთაისის კონსერვატორიაში ჩემი მასწავლებელი რუსუდან ლორთქიფანიძე იყო. თბილისში მამია კახიანი იყო არაჩვეულებრივი პროფესორი, ფლეიტისტი და მე მისი მოსწავლე ვიყავი, მაგრამ ფლეიტა პირველად ვინც შემაყვარა, ეს იყო ჩემი პირველი მასწავლებელი, ებრაელი შალვა ბუნიაურიშვილი. მერე იგი ისრაელში წავიდა. დღეს არ ვიცი, ეს ადამიანი სად არის… როცა ტექნიკუმში ვსწავლობდი, ქუთაისის ოპერის თეატრში 5-6 წელი ვუკრავდი. ჩემთან ერთად ორკესტრში არაჩვეულებრივი ფლეიტისტი, ახლა ქუთაისში მოღვაწეობს, ჩემი მეგობარი გია კინწურაშვილიც იყო. მერე მე თბილისში წამოვედი.
- საქსოფონით როდის და რატომ დაინტერესდით?
— ეს მოხდა 1974 წელს, როდესაც მე შევხვდი უდიდეს პიროვნებას ლეგენდას, ნიჭიერ და საყვარელ კაცს რობერტ ბარძიმაშვილმა, რომელმაც საბჭოთა და საქართველოს მუსიკალურ საესტრადო ისტორიაში მთელი ეპოქა შექმნა. ამ პიროვნებას ვერ მიაქციეს სათანადო ყურადღება, ისეთი, როგორსაც იმსახურებდა. ეს მარტო ჩვენთან კი არ არის, მთელ ევროპასა და მსოფლიოშიც ასე ხდება: ხელოვანი კაცი ყველგან დაუფასებელია… დღეს არ ვიცი რა ხდება და საერთოდ კი ასე იყო. სწორედ მან მირჩია საქსოფონი, მე საერთოდ არც ვფიქრობდი, ამ ინსტრუმენტზე დაკვრა მესწავლა იმიტომ, რომ როგორც ფლეიტისტს, დიდი მომავალი მქონდა… ტექნიკუმში მეორე კურსზე რომ ვსწავლობდი, საბჭოთა კავშირის მასშტაბით მაგნიტოგორსკში კონკურსი ჩატარდა და მისი ლაურეატი გავხდი. ჯაზურ სტილში ბახს ვუკრავდი, ამის შესახებ დოკუმენტური ფილმი „ფლეიტაა“ გადაღებული.
- ბატონო უჩა, „ვია 75“-მდე სად უკრავდით?
— ქუთაისში ბორის შხიანის ორკესტრი „ფაზისი“ იყო, ჯაზურ მუსიკას უკრავდა ჩიკაგოს სტილში და იქ ვიყავი. ბორისი ჩემი ძმა და მეგობარია, ის ქუთაისში წამყვან მუსიკოსად ითვლება, როგორც მაშინ ნიკოლოზ ედგარიძე იყო. „ფაზისი“, რომლის მუსიკოსებიც საბჭოთა კავშირის ლაურეატები გავხდით, ასეთი ძლიერი ანსამბლი საქართველოში კი არა, საბჭოთა კავშირშიც არ იყო. ეს 70-იანი წლები იყო და მაშინ ძალიან ახალგაზრდა ვიყავი. მერე „ფაზისის“ გამოსვლები ტელევიზიაში რობერტ ბარძიმაშვილმა ნახა და ჩემით დაინტერესდა, უკითხავს: ფლეიტაზე ვინ უკრავსო? იმ დროს, ანუ 1973 წელს მე ჯარში ვმსახურობდი. გაუგია ჩემი მისამართი და წერილი მომწერა, საქართველოში ჩამოდი, „ორერაში“ ჩვენი წევრი იქნები და ფლეიტაზე დაუკრავო. „ორერა“ სწორედ მაშინ მიდიოდა ფინეთში გასტროლზე. რობერტმა მითხრა, რომ ანსამბლში საქსოფონისტი სჭირდებოდა, პირველად უარი ვუთხარი, რადგან ფლეიტისტი ვიყავი. როგორც რობერტმა ამიხსნა, მუსიკოს ალეკო მანჯგალაძეს, ვინც საქსოფონზე უკრავდა, ჯანმრთელობა ხელს არ უწყობდა, ანსამბლიდან მიდიოდა და ეს ინსტრუმენტი მე უნდა ამეთვისებინა. თქვენ იცით, რომ საქსოფონზე პედაგოგიც არ მყოლია, მასზე დაკვრა ჩემთვის არავის უსწავლია, ერთი გაკვეთილიც კი არავის ჩაუტარებია. თუმცა, საქსოფონი რაღაცით ფლეიტას ჰგავს და ძალიან დამაინტერესა, ერთ თვეში უკვე თითები საქსოფონზე გადავაწყვე და იმ დონეზე დავიწყე დაკვრა, ფინეთში რომ ჩავედი, უკვე სცენაზე დავდექი. გენო ნადირაშვილი საყვირზე უკრავდა, მე მის გვერდით საქსოფონზე და მთელ კონცერტს უკვე დუეტში ვუკრავდით.
- იმ პერიოდიდან ყველაზე ხშირად რას იხსენებთ?
— იცი, რას ვიხსენებ? როცა ჯარიდან ჩამოვედი, მაშინვე „ორერაში“ მივედი. აქ დამხვდნენ: ნანი ბრეგვაძე, ბუბა კიკაბიძე, გენო ნადირაშვილი, თემო დავითაია, ვალერი ლომსაძე, ჩემი უსაყვარლესი ძმა დათო აბულაძე. რობერტთან სახლში დაუპატიჟებლად მივედი. ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე ცხოვრობდა. ზურა იაშვილი მახსენდება, ძალიან დიდი პატივი მცა.. უფროსი ჯანო ბაგრატიონი, რომელიც მაშინ ფილარმონიაში იყო და ჩემი თავი რობერტს და ზურას ჩააბარა: ნიჭიერი კაცია, ამისგან კარგი მუსიკოსი დადგება და მიხედეთო. დღეს ყველაზე მეტად რობერტ ბარძიმაშვილი მენატრება, იმიტომ, რომ ეს კაცი ჩემი ცხოვრების გზის გამნათებელი იყო…
- ბატონო უჩა, ვიცი, რომ მოსკოვში გადასვლას ცნობილი კომპოზიტორი, მიქაელ ტარივერდიევი გთხოვდათ…
— დიახ, მირეკავდა და სულ მეუბნებოდა, მოსკოვში ჩამოდი და სწავლა აქ, კონსერვატორიაში გააგრძელე, მერე კი დიდ თეატრში მოხვდებიო… ტარივერდიევს იცით საიდან ვიცნობდი? თბილისში ტარდებოდა მუსიკალური კონკურსი „Алло, мы ищем таланты“, რომლის ჟიურიში იყვნენ: ბორის თბილელი და კიდევ სხვები, არ მახსოვს.. ჟიურის თავმჯდომარე ტარივერდიევი იყო. იმ პერიოდში კავკასიაში და მოსკოვში თუ რაიმე კონკურსი ტარდებოდა, ყველგან ჟიურიში ტარივერდიევი იყო. სულ ამბობდა: ეს კაცი, როცა ფლეიტაზე უკრავს ისეთ ბგერას გამოსცემს, მოჯადოებული ვუსმენო. მე არ მიყვარს ტრაბახი, მაგრამ ეს მართლაც ასე იყო… მერე მე მოსკოვის რადიოში მომიწია დაკვრა, იქ კამერული ორკესტრიც უკრავდა. ერთხელ მათი ფლეიტისტი ვერ მოვიდა, მე კი სანამ სტუდიაში შევიდოდი, ჩემთვის ვუკრავდი, უცებ მუსიკოსები და დირიჟორები მომცვივდნენ: ვინ ხარ და საიდანო? მე ვუთხარი: ქუთაისიდან ვარ ჩამოსული რადიოში ტალანტებთან დაკავშირებით-მეთქი, არადა, ისეთ მელოდიას ვუკრავდი, მათ ჩაიკოვსკის კონკურსზე ჩამოსული ვეგონე. მთხოვეს, რომ მათ ფლეიტისტს დააგვიანდა და მათთან ერთად დამეკრა. ამ შემოთავაზებას, რა თქმა უნდა, დავთანხმდი და იმ დღეს მე მოსკოვის კამერულ ორკესტრთან ერთად დავუკარი. ეხლაც მახსოვს ის განცდა, როგორ მიხაროდა, მაშინ რაღაც თანხაც გამომიწერეს, არ მახსოვს რამდენი მანეთი… აი, აქედან მოყოლებული ტარივერდიევი სულ მთხოვდა ხოლმე მოსკოვში გადასვლას. თუმცა, რუსეთში ვერ წავედი, დედ-მამა ცოცხლები იყვნენ და ისინი ვერ მივატოვე…
- მახსოვს, თქვენი ქალიშვილი ნუნი მღეროდა ჯაზურ სტილში.. ახლა სად არის?
— ნუნი კვარტეტში იყო, სოფო ნიჟარაძესა და ნიკა მემანიშვილთან ერთად მღეროდა. დღეს ნუნი ოთხი შვილის დედაა. ძალიან კარგად მღეროდა, ამერიკაშიც იყო გასტროლებზე ორი თვით წასული. მას სულ ჩემი მეუღლე დასდევდა წინ და უკან, მე სულ დაკავებული ვიყავი, კონცერტები მქონდა და არ მეცალა. მე იმდენად მიჭირდა, სულ ვწვალობდი და არ მინდოდა, რომ ჩემს შვილსაც ასეთივე გზა გაევლო. ამიტომ მან სამედიცინოზე სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე ჩააბარა. თუმცა, დღეს ამ პროფესიით არ მუშაობს, სახლში ზის და შვილებს ზრდის.
- ბატონო უჩა, ძალიან ექსტრავაგანტური იყავით, თქვენი თაობის გოგონები თქვენზე აფანატებდნენ…
— არა, რას ამბობთ?!… მე იმდენად არა, უფრო ბესო კალანდაძე, კობა ბეჟიტაშვილი მოსწონდათ… მე ბოლომდე ქუთაისელი დავრჩი, ცოტა „გრუბი“ ვიყავი და ყოველთვის ჩემი კაცობა და ქუთაისური მანერები მქონდა.. ეს ტკბილი ლაპარაკი არ შემეძლო, ზრდილობიანი ვიყავი, ფლირტი კი არასოდეს მიყვარდა. ჩემ მდგომარეობას არასოდეს ვიყენებდი… დღეს არაფერს ვაკეთებ, ავად გახლდით, ასე ვთქვათ, გადადებული ვიყავი და გადავრჩი… ჩემი ანსამბლის ბიჭებმა - ბესო კალანდაძე, კობა ბეჟიტაშვილი, გია ჭირაქაძე, თემურ წიკლაური, გივი ჭიჭინაძე, ნია შარიქაძე, ქეთი ცინცაძე გადამარჩინეს და კიდევ ძალიან ბევრი ადამიანის თანადგომამ გადამარჩინა. ყველაზე მეტად კი ცნობილი ექიმის გოგი ქავთარაძის მადლიერი ვარ, რადგან ამ ავადმყოფობის შესახებ პირველად ის მიხვდა. საერთოდ ერთს მვხვდი — სიცოცხლეში მთავარი ყოფილა რწმენა, უფლის სიყვარული, ჯანმრთელობა, კაცთმოყვარეობა, სიკეთე და თავმდაბლობა… კეთილ საქმეს უნდა აკეთებდე ადამიანი და სიცოცხლე უნდა გიყვარდეს…