საქართველოს დედაქალაქში სომხური დიასპორის წარმომადგენლებმა წმინდა სარქისის დღისადმი მიძღვნილი ტრადიციული სადღესასწაულო მსვლელობა მოაწყვეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, თუ როგორ აღნიშნეს თბილისში დღესასწაული.
შეყვარებულთა მფარველი წმინდა სარქისის დღე სომხეთში ოფიციალურად აღინიშნება 2007 წლიდან იანვრის ბოლოს თებერვლის დასაწყისში. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან ღია ბარათებს, ყვავილებსა და ტკბილეულს. წმინდა სარქისის სახელობის ეკლესიებში სადღესასწაულო მსახურება სრულდება.
საქართველოში სომხური დიასპორის წარმომადგენლებიც აღნიშნავენ ამ დღესასწაულს. სადღესასწაულო მსვლელობის ჩატარება უკვე ტრადიციად იქცა თბილისის ისტორიულ ცენტრში, სადაც რამდენიმე მოქმედი სომხური ეკლესიაა.
დღესასწაულის წინა დღეს შეყვარებული ახალგაზრდები ჭამენ მარილიან კვერებს, რის შემდეგაც არც ჭამენ და არც სვამენ და ელიან სიზმრად ნახონ ის, თუ ვინ არის მათი მომავალი მეუღლე.
ამ დღის მახასიათებელი კიდევ ერთი ჩვეულება არსებობს. სახურავზე ან აივანზე დგამენ ფქვილიან სინს და ელიან წმინდა სარქისის ცხენის ნაკვალევის აღმოჩენას. ლეგენდის თანახმად, წმინდა სარქისი ანგელოზებთან უნდა მიფრინდეს სახლების სახურავებზე. და თუ სინზე დაყრილ ფქვილზე თეთრი ცხენი (სისუფთავისა და უბიწოების სიმბოლო) კვალს დატოვებს, წლის განმავლობაში შეყვარებულ ახალგაზრდას ოცნება აუსრულდება.