თბილისი, 11თებერვალი — Sputnik. საქველმოქმედო ორგანიზაციამ „კლუბი შანსი“ ბავშვთა ნახატების საერთაშორისო კონკურსზე „დამიხატე მშვიდობა“ მსურველთა განაცხადების მიღება დაიწყო, რომლის მთავარი პრიზი პარიზში მოგზაურობაა.
„დამიხატე მშვიდობა“ — ეს კონკურსია, რომელშიც განსხვავებული ჯანმრთელობის მდგომარეობის მქონე სხვადასხვა ქვეყნის, ეთნიკური, რელიგიური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები მონაწილეობენ. ამ პროექტის წყალობით, ყალიბდება კულტურული და ჰუმანიტარული დიალოგი მთელი მსოფლიოს ბავშვებს შორის, რაც ხელს უწყობს პროექტის მთავარი მიზნის განხორციელებას — ბავშვებს შორის ძმობის, სოლიდარობისა და მეგობრობის დასაწყისს.
„გასულ წელს მსოფლიოს 50 საუკეთესო ნამუშევარს შორის შვიდი ქართული ნახატი შევიდა, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებელია. ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო ნამუშევარი ოთხი წლის ქართველი გოგონას ნახატია. იმედი მაქვს, რომ წელს საქართველოდან ბევრი საინტერესო ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი“, — განაცხადა „Sputnik საქართველოსთან“ „კლუბ შანსის“ პრეზიდენტმა ტატიანა ბალდუკმა.
კონკურსის მონაწილეები სამ ასაკობრივ კატეგორიაში არიან განაწილებული: — 4-დან 7 წლამდე, 8-დან 12 წლამდე და მოზარდები 13-დან 16 წლამდე. შეზღუდული შესაძლებლობების ბავშვებისთვის ასევე გათვალისწინებულია ცალკე კატეგორია.
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა რეგისტრაციის გავლა საქველმოქმედო ორგანიზაციის ვებ-გვერდზე და ნახატის გაგზავნა.
განაცხადების მიღება 30 მარტამდე გაგრძელდება. დაჯილდოების ცერემონია პარიზში 2017 წლის მაისში გაიმართება.
კონკურსი საქართველოში საფრანგეთის საელჩოს, ფრანგი მხატვრის ლორან ბისმიუტის, ესტონელი მხატვრის ირინა ბელაესა და ფრანგი-ქართველის ლევან მოსიაშვილის მხარდაჭერით ტარდება.