ქართველი ანიმატორი და პრესტიჟული საერთაშორისო პრიზი, რომელიც საქართველომ მიიღო

© FB/ Dato Kiknavelidzeდავით კიკნაველიძე
დავით კიკნაველიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცხოვრებაში უყვარს საინტერესო ადამიანებზე დაკვირვება და მერე მათგან ანიმაციურ პერსონაჟებს ქმნის. ამ საქმეზე ბავშვობიდანვე ოცნებობდა, დღეს კი შეიძლება თქვას, რომ საქართველოში პირველი მაღალხარისხიანი 3D ანიმაციური ფილმი მისი შექმნილია.

 2013 წელს მას ანიმაციური ფილმის წარმოებისთვის „რობერტ ბოშის ფონდის“ მთავარი პრიზი მიენიჭა, რამაც მის სტუდიას საშუალება მისცა, მაღალი ხარისხის ფილმი „ჯინო“ გაეკეთებინა. სხვათაშორის ეს პრიზი, რომელიც საკმაოდ პრესტიჟულია, საქართველოს მხოლოდ ერთხელ აქვს მიღებული. „პირისპირ საუბრებში“ ნიჭიერი მხატვარ-ანიმატორი, დათა კიკნაველიძე მინდა გაგაცნოთ. 

© FB/ Dato Kiknavelidzeდავით კიკნაველიძე
დავით კიკნაველიძე - Sputnik საქართველო
დავით კიკნაველიძე

- დათა, ანიმაციით ბავშვობიდან დაინტერესდით?

— ბავშვობაში მახსოვს, რომ ანიმაციური ფილმების ყურება ძალიან მიყვარდა და 24 საათი დათვებს და სხვადასხვა ცხოველებს ვხატავდი. თავიდან ვერ წარმომედგინა, რომ მულტფილმებს ვინმე რეალური ადამიანი აკეთებდა. 5 თუ 6 წლის ვიყავი, როცა ტელევიზორში ვნახე გადაცემა „როგორ იქმნება ანიმაციური ფილმები“. ძალიან ძველი და უხარისხო გადაცემა იყო, მაგრამ მაგ მომენტში ტვინი, რასაც ჰქვია, ამიფეთქდა. გავაცნობიერე, რომ ამ სასწაულ მოძრავ ნახატებს ვიღაც ქმნის, ხატავს და ეს ფილმები ციდან არ ვარდება. ამიტომ ჩემს ცხოვრებაში გაურკვეველი კითხვა არასოდეს ყოფილა: აი, გავიზარდე და ეხლა რა უნდა გავაკეთო ცხოვრებაში? პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ანიმატორი უნდა გამოვსულიყავი. რა რთულიც უნდა ყოფილიყო, ყველა სირთულე უნდა დამეძლია და მულტფილმები მეკეთებინა. სირთულეები კი იყო და ეხლაც არის, რა თქმა უნდა, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს საქმე, რომ მათ სირთულეებად ვერ აღვიქვამ. მათ უფრო მივიჩნევ ამოცანებად და დასახულ მიზნებად, რომელიც აუცილებლად უნდა გადავლახო, რომ ამ ჯადოსნური საქმის კეთება შევძლო. 

- შეიძლება ითქვს, რომ 3D ქართულ ანიმაციურ ფილმებზე თქვენ ერთ-ერთმა პირველმა დაიწყეთ მუშაობა?

— დიახ, შეიძლება ასე ითქვას, იმიტომ, რომ  „ჯინო“ (Geno) ანუ პროექტი, რომელზეც სულ ახლახან დავასრულეთ სტუდიაში მუშაობა, საქართველოში პირველი მაღალხარისხიანი 3D ანიმაციური ფილმია. საკმაოდ მაღალი დონის ნამუშევარი გამოვიდა და „ჯინოზე“ ძალიან ბევრი ნიჭიერი ქართველი მუშაობდა. 

© FB/ Dato Kiknavelidzeდავით კიკნაველიძის ნახატი
დავით კიკნაველიძის ნახატი - Sputnik საქართველო
დავით კიკნაველიძის ნახატი

- დათა, ვიცი, რომ მარტო საბავშვო აუდიტორიისთვის არ აკეთებთ ფილმებს. როგორ არჩევთ თემატიკას? 

— ვცდილობ, ერთი თემატიკით და კონკრეტული ერთი მიზნობრივი აუდიტორიით არ შემოვიფარგლო. მაგალითად, პირველი ფილმი, რომელიც 2010 წელს კინოცენტრის ფინანსური დახმარებით გავაკეთე, უფრო მოზარდებზე და ზრდასრულ აუდიტორიაზეა გათვლილი, რადგან ვიზუალურად და თემატურადაც ისეთ თემებს ეხება, რაც ბავშვისთვის, ალბათ, ნაკლებად საინტერესოა. მეორე ფილმი „ჯინო“ უკვე სუფთა საბავშვო ანიმაციაა, ძალიან საყვარელი გმირებით და ამავდროულად საკმაოდ სერიოზული თემატიკით. ფილმი არის გარემოს დაცვის, მეგობრობისა და ადამიანური ურთიერთდახმარების მნიშვნელობაზე.  ყოველთვის, როცა მულტფილმებისთვის თემას ვარჩევ, ვცდილობ, რომ ეს აქტუალური და მტკივნეული იყოს და ამ თემისა და ნამუშევრისთვის ცხოვრების რამდენიმე წლის დათმობა ღირდეს. მოგეხსენებათ, ანიმაცია ძალიან შრომატევადი საქმეა და უამრავ დროს მოითხოვს. 

- საერთოდ, ანიმაციას მართლა აქვს აღმზრდელობითი ხასიათის დანიშნულება — ქართველი ბავშვები, ძირითადად, უცხოური ანიმაციური ფილმების გმირების მიბაძვით იქცევიან — ხომ არ ფიქრობთ, ახალი ქართული სახასიათო ანიმაციური პერსონაჟების, გმირების შექმნაზე? 

— ანიმაცია მართლაც უნიკალური ინსტრუმენტია ბავშვის აღზრდისთვის და ბავშვისთვის სწორი მესიჯის მისაწოდებლად მოსახერხებელი ფორმაა. როდესაც ბავშვი მულტფილმს უყურებს, აცნობიერებს რა არის კარგი და რა არის ცუდი, ამიტომ ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ სწორად მივაწოდოთ მესიჯები. ანიმაციური ფილმით როდესაც ბავშვს ელაპარაკები, იმას ნიშნავს, რომ თავის ენაზე ესაუბრები და გარედან მითითებისა და „თავში ჩატენვის“ პროცესს ცდები.  არსებობს ტენდენცია და აზრი, რომ ბავშვები უყურებენ ანიმაციურ ფილმებს და ბოროტდებიან. კიდევ ყველა უცხოური მულტფილმი ცუდია და არ ვაყურებინოთ ბავშვებს, ეს ასე არ არის. ცუდი მულტფილმები არ არსებობენ, არიან მხოლოდ ზარმაცი მშობლები, რომლებმაც არ იციან, ან ეზარებათ, რომ ბავშვებს სათანადო, კარგი მულტფილმები შეურჩიონ, რაც ბავშვებს სიკეთეს, მეგობრობას და თანაგრძნობას ასწავლის. სულ ახლახან დავასრულეთ ახალ ქართულ ანიმაციურ ფილმზე მუშაობა, რომელსაც ჰქვია „ჯინო“, ამავდროულად როგორც ანიმაციური ფილმების, ასევე ანიმაციური სერიალის რამდენიმე პროექტი გვაქვს ჩაშვებული. ასევე სტუდიაში ვმუშაობთ სხვადასხვა თამაშებსა და ფილმებზე, დაკვეთებზე რომლებიც მეტწილად უცხოეთიდან მოდის. წარმატებები და წარუმატებლობები ბევრი იყო, მაგრამ მე როგორც ოპტიმისტი, ყოველთვის ვცდილობ, რომ აქცენტი წარმატებებზე გავაკეთო. ძალიან დიდ იმედებს ვამყარებთ მსუქან გომბეშო ჯინოზე… 

© FB/ Dato Kiknavelidzeდავით კიკნაველიძე
დავით კიკნაველიძე - Sputnik საქართველო
დავით კიკნაველიძე

- დათა, როგორ აღიქვამთ სამყაროს და ადამიანებს?

— სამყაროს აღვიქვავ უკიდურესად პოზიტიურად, საქართველოში რატომღაც მიღებულია ადამიანს რომ ეკითხები: როგორ ხარ? გპასუხობს ან „რავი ვარ რა“ ან „როგორ უნდა ვიყო“. მე ყოველთვის ვპასუხობ: „გადასარევად ვარ“!!! რადგან ასეც არის. ადამიანი როგორც აღიქვამს საკუთარ თავს და გარშემომყოფებს, სამყაროც ისეთი ხდება. ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე, ძალიან  მიყვარს ადამიანებზე დაკვირვება. დედამიწაზე 7 მილიარდი ადამიანია და ყველა მათგანი განსხვავებულია თავის ხასიათით, შინაგანი სამყაროთი, წეს-ჩვეულებებითა და მიკრო-სოციალური გარემოთი… ჩემთვის როგორც ხელოვანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველაფერზე დაკვირვება და ადამიანური ხასიათების ჩემს ფილმებში გადმოტანა, ყოველთვის ვცდილობ, რომ ჩემი პერსონაჟის სათავეში იყოს რეალური ადამიანი, ვისაც ვიცნობ, რადგან ასე პერსონაჟი ძალიან დამაჯერებელი გამოდის. 

- რაიმე 3D ოცნება ხომ არ გაქვთ?

— ოცნებები და მისწრაფებები ბევრი მაქვს, ამის გარეშე საკუთარი თავი ვერც წარმომიდგენია. ჩემი ოცნებები ძალიან ხელშესახებია და ყოველთვის ვცდილობ, ოცნებები რეალობად ვაქციო. რა თქმა უნდა ეს ხანდახან არ გამოდის, მაგრამ როდესაც გამოდის, ძალიან მაგარი გრძნობაა… წარმატებული ანიმაციის კეთება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც ამ საქმის კეთების არანაირი პირობა არაა, უკვე ოცნებას ჰგავს… ამიტომ  ბავშვობის ოცნებას, რომელიც მულტფილმების სამყაროში ყოფნა იყო, ვცდილობ, ერთი წამითაც არ ვუღალატო, ნახატების სამყარო უფრო ხშირად ვაქციო რეალურად და ჩემს გარშემომყოფებს ის დაუვიწყარი წამები ვაჩუქო, რასაც მე ვგრძნობდი მაშინ, როცა ბავშვობაში მულტფილმებს ვუყურებდი… 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0