თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია გენერალური შტაბის უფროს ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან ერთად სამი დღით გერმანიაში გაემგზავრა, სადაც ქართველ სამხედროებს მოინახულებს.
სამხედროები ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ სამშვიდობო მისიაში გამგზავრების წინ წვრთნებს გერმანიაში გადიან, აღნიშნულია უწყების ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ამჟამად გერმანიაში სწავლებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II და III ქვეითი ბრიგადების ქვედანაყოფები გადიან. III ქვეითი ბრიგადის გაძლიერებული ასეული „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის გერმანელი სამხედრო ინსტრუქტორების დახმარებით ბად-ზალცუნგენში მდებარე ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე ემზადება. დაბა ჰოჰენფელსში მდებარე აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელ ბაზაზე კი სამშვიდობო მისიისთვის შემაჯამებელ სწავლებას II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონი გადის.
სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ლევან იზორია და ვლადიმერ ჩაჩიბაია სამხედროების მომზადების დონეს გაეცნობიან და ამერიკელი და გერმანელი მაღალჩინოსანი სამხედროების შეფასებებს მოისმენენ.
თავდაცვის მინისტრს დაგეგმილი აქვს შეხვედრები ქალაქ ბად-ზალცუნგენში, ბუნდესვერის სამხედრო ბაზაზე 37-ე მექანიზირებული ბრიგადის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ რუპრეხტ ფონ ბუტლერთან, ასევე დაბა ჰოჰენფელსში აშშ-ის ევროპის სარდლობის მე-7 არმიის საწვრთნელი სარდლობის მეთაურთან, ბრიგადის გენერალ ანტონიო აგუტოსთან და აშშ-ის არმიის ევროპული ჯარების სარდალთან, გენერალ-ლეიტენანტ ბენ ჰოჯესთან.
„მტკიცე მხარდაჭერა“ (Resolute Support) ნატოს არასაომარი მისიაა, რომელიც ავღანეთში 2015 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა. ნატოსა და ავღანეთის ორმხრივი შეთანხმების მიხედვით, ქვეყანაში 12000 სამხედრო იმყოფება, რომელთა ფუნქციებში ავღანური ძალოვანი სტრუქტურების სწავლება და კონსულტირება შედის. ამჟამად ნატოს მისიაში 870 ქართველი სამხედრო მონაწილეობს.