საქართველოს პრემიერი საზოგადოებრივ მაუწყებელში ცვლილებების მოხარულია

© Sputnik / Alexander Imedashviliსაზმაუ-ს გადამღები სადგური
საზმაუ-ს გადამღები სადგური - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მხარი დაუჭირა საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის, ვასილ მაღლაფერიძის სამწლიან გეგმას ტელევიზიის შემდგომი განვითარებისთვის სახსრების ეკონომიის შესახებ.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომის მიმდინარეობისას განაცხადა, რომ მიესალმება  საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში დაგეგმილ განახლებას.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალმა გენერალურმა დირექტორმა ვასილ მაღლაფერიძემ ტელევიზიის გარდაქმნის სამწლიანი გეგმა წარმოადგინა და განაცხადა, რომ ყველა ტელეგადაცემის შეჩერებას აპირებს, გარდა საინფორმაციო გამოშვებებისა. ეკონომიით მიღებული სახსრები კი მოხმარდება ტელევიზიის აღჭურვილობას, არქივის გაციფრებასა და სხვა საჭიროებებს.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენმა საზოგადოებამ იცოდეს, რომ ხელისუფლება დაინტერესებულია, საქართველოში არსებობდეს ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, დამოუკიდებელი და საინტერესო საზოგადოებრივი მაუწყებელი. დღეს ჩვენ ათეულობით მილიონ ლარს ვიხდით ამ პროდუქტში და ვერ შევეგუებით, რომ ამ თანხის შედეგად მივიღოთ პროდუქტი, რომელიც არ იქნება თანამედროვე და საინტერესო“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების ინტერესებშია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს, მოსახლეობის ინეტერესებს პასუხობდეს.

„ამიტომ, ჩვენ მივესალმებით საზოგადოებრივ მაუწყებელში დაწყებულ პროცესს… გვაქვს იმედი, რომ პროცესები წარიმართება ცივილურად და მივიღებთ ისეთ ტელევიზიას, როგორსაც იმსახურებს თითოეული ჩვენი მოქალაქე, რომელიც საკუთარი ჯიბიდან იხდის საფასურს“, — აღნიშნა პრემიერმა.

ვასილ მაღლაფერიძე - Sputnik საქართველო
ვასილ მაღლაფერიძე: საზოგადოებრივ მაუწყებელზე ჯერჯერობით არც ერთი გადაცემა არ იხურება

გიორგი კვირიკაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს გარდაქმნისა და განვითარების პროცესში წარმატებები უსურვა.

უფრო ადრე მაღლაფერიძემ განაცხადა, რომ ოპტიმიზაციის შედეგად დაახლოებით 15 მილიონი ლარი გამოთავისუფლდება. 2017-2-19 წლებში დაგეგმილ აღჭურვაზე, არქივის გაციფრებასა და რეგიონულ ოფისებზე 45 მილიონი ლარი დაიხარჯება.

მაღლაფერიძის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება თანამშრომელთა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი. ისინი პერიოდულად საპროტესტო აქციებს აწყობენ. მათი განცხადებით, რეორგანიზაციის შედეგად ბევრი დარჩება უმუშევარი.

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი არის ორი ტელეარხისა და ორი რადიოსადგურის გაერთიანება. ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. საზოგადოებრივ მაუწყებელს სამეურვეო საბჭო მართავს, მის გენერალურ დირექტორს ექვსწლიანი ვადით ირჩევენ.

ყველა ახალი ამბავი
0