რუსეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაუქმებას არ გამორიცხავს

© photo: Sputnik / Natalia Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიწითელი მოედანი
წითელი მოედანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა დაადასტურა რუსული მხარის განწყობა საქართველოსთან სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების კუთხით და მომავალში მისი გაუქმებაც არ გამორიცხა.

თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. რუსული მხარე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების საკითხზე მუშაობს, განუცხადა ჟურნალისტებს რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ.

აბაშიძემ პრაღაში გრიგორი კარასინთან მორიგი შეხვედრა გამართა. აბაშიძე-კარასინის შეხვედრები 2008 წელს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის შემდეგ საქართველოსა და რუსეთის არაფორმალური დიალოგის ფორმატს წარმოადგენს. მოლაპარაკებები მიმდინარეობს მხოლოდ ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ საკითხებზე. ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს.

საქართველოს პრემიერის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე - Sputnik საქართველო
აბაშიძე და კარასინი რუსეთსა და საქართველოს შორის ტვირთების მონიტორინგზე იმსჯელებენ

„ჩვენ გავაუქმეთ სავიზო შეზღუდვები რუსეთის მოქალაქეებისათვის. თუ რუსეთი ამ ნაბიჯს გადადგამს — კიდევ უფრო გაამარტივებს სავიზო რეჟიმს ან მას საერთოდ გააუქმებს, ჩვენ ამას სწორ გადაწყვეტილებად ჩავთვლით და მივესალმებით. მაგრამ ჩვენ ხომ საკუთარი ნება-სურვილის რუსეთისათვის თავსმოხვევა არ შეგვიძლია… სავიზო საკითხი — ეს რუსული მხარის პრეროგატივაა. როგორც აცხადებენ, ისინი ფიქრობენ და მუშაობენ შემდგომ გამარტივებაზე“, — განაცხადა აბაშიძემ.

ის, რომ რუსული მხარე დასაშვებად მიიჩნევს საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმებას, აღნიშნულია აბაშიძისა და კარასინის შეხვედრის შემდეგ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„რუსული მხარის მიერ 2015 წლის ბოლოს სავიზო ლიბერალიზაციის წყალობით, თბილისში რუსეთის ინტერესების სექციის მიერ გაცემული ვიზების რაოდენობა გაორმაგდა და 40 ათასს მიაღწია. გრიგორი კარასინმა დაადასტურა სავიზო რეჟიმის შემდგომი გამარტივების განწყობა და პერსპექტივაში მისი გაუქმება არ გამორიცხა. ეს დამოკიდებულია, მათ შორის, საქართველოს ხელისუფლების მზადყოფნაზე საპასუხისმგებლო მუშაობისთვის ამ მიმართულებით“, — აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

გრიგორი კარასინი - Sputnik საქართველო
კარასინი საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე

აბაშიძესთან შეხვედრამდე კარასინმა განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების არქონას უკავშირდება.

კარასინის სიტყვების კომენტარისას ქართველმა დიპლომატმა განაცხადა, რომ კავშირს ვიზებსა და დიპლომატიურ ურთიერთობებს შორის ვერ ხედავს. ამის მაგალითად მან ის ფაქტი მოიყვანა, რომ რუსეთის მოქალაქეები საქართველოს უპრობლემოდ სტუმრობენ.

გამარტივებული სავიზო რეჟიმის თანახმად, საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც სამიგრაციო ორგანოებში გაფორმებული მიწვევა ექნება, შეუძლია მიიღოს ნებისმიერი ჯერადობის კერძო, საქმიანი, ჰუმანიტარული თუ სამუშაო ვიზა — გარდა ტურისტულისა. ამასთან, მიწვევა შესაძლებელია გაფორმდეს რუსეთის მოქალაქის მიერ, მიუხედავად ნათესაობის ხარისხისა.

პროცესის დაჩქარების მიზნით გასული წლის თებერვალში შემოიღეს მიწვევის ახალი სახეობა — ელექტრონული ფორმა.

2016 წლის დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმება არ გამორიცხა.

საქართველოსა და რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები თბილისმა 2008 წელს მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

ყველა ახალი ამბავი
0