თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. ამერიკელმა პილოტებმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს ნორვეგიული ავიაკომპანია Norwegian-ის ევროპიდან საბიუჯეტო ფრენების შეჩერება მოსთხოვეს, მათ შორის, ლონდონიდანაც ნიუ-იორკის, ფლორიდის, კალიფორნიისა და ლას-ვეგასის მიმართულებით, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Independent-ზე დაყრდნობით.
ამერიკული ავიაკომპანია United Airlines-ის (დასაქმებულია 12 ათასი პილოტი) დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, კაპიტანმა ტოდ ინსლერმა Norwegian-ს „ხელსაყრელი დროშის კომპანია“ უწოდა (გულისხმობს ნაოსნობას იმ სახელმწიფოს დროშით, რომელიც მეტად მომგებიანია).
დონალდ ტრამპისადმი მიწერილ წერილში ტოდ ინსლერი აცხადებს, რომ აშშ-ის წინა პრეზიდენტის, ბარაკ ობამას მიერ მიღებული გადაწყვეტილება, დაეშვა საბიუჯეტო ტრანსატლანტიკური რეისები, „გაანადგურებს ამერიკულ ავიაინდუსტრიას და მასთან დაკავშირებულ ყველა სამუშაო ადგილს“.
„იმედი მაქვს, რომ თქვენ ხმას აიმაღლებთ ამ უხეირო გადაწყვეტილების წინააღმდეგ“, — სწერს ინსლერი ტრამპს.
Norwegian-ის ხელმძღვანელმა ბიორნ კიოსმა პასუხად განაცხადა, რომ ამერიკელი პილოტები, რომლებსაც არ უყვართ ცვლილებები, საკუთარი სამუშაო ადგილების დაცვას ცდილობენ.
„ჩვენ ვაკეთებთ ზუსტად იმას, რაც ტრამპს სურს ჩვენგან. ძალიან ბევრი ისეთი თანამშრომელი გვყავს, რომლებიც შეერთებული შტატების მოქალაქეები არიან“, — აღნიშნა კიოსმა.
პარალელურად ცნობილი ხდება, რომ მალე ავიაკომპანია აშშ-ში დამატებითი რეისების დანიშვნას გეგმავს მანჩესტერიდან და ედინბურგიდან.