თბილისი, 8 თებერვალი — Sputnik. დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ „რეაქციული ნაბიჯი“ უწოდა რუსეთის ხელისუფლების მიერ ოჯახში ცემის დეკრიმინალიზაციისკენ გადადგმულ ნაბიჯს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.
„მე ამაყი ვარ, რომ ჩვენ ქვეყანაში კიდევ უფრო გავაძლიერეთ კანონმდებლობა ოჯახური ძალადობის, ქალებისა და გოგონების მიმართ დანაშაულის წინააღმდეგ. რუსეთის მთავრობის ნაბიჯს ჩვენ რეაქციულად ვაფასებთ. წინა კანონის გაუქმება ამ მსოფლიო პრობლემასთან დაკავშირებით აბსულუტურად არასწორ სიგნალს გზავნის“, — განაცხადა პრემიერმა მეიმ ბრიტანეთის თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლისას.
მისი თქმით, ბრიტანეთი უერთდება ევროსაბჭოსა და ეუთოს სხვა წევრებს ამ გადაწყვეტილების კრიტიკაში.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა ოჯახში ცემის დეკრიმინალიზაციის კანონს, რომელიც რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის ნორმების არაერთგვაროვანი განმარტების წინააღმდეგაა მიმართული.
აღნიშნული პრობლემა მას შემდეგ წამოიჭრა, რაც 2016 წლის ივლისში მიღებულ იქნა ახლობელი ადამიანის ცემის გამო სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ კანონი. ახლა მიღებული დეკრიმინალიზაციის კანონი კი ასეთი დანაშაულისთვის მხოლოდ ადმინისტრაციულ პასუხისგებას გულისხმობს.