სამკაულები მორზეს ანბანით, ანუ Dots&Dashes Georgia

გამოწერა
ორი ჟურნალისტის მიერ შექმნილი პროდუქცია, რომელმაც უმოკლეს დროში დიდი მოწონება დაიმსახურა. მორზეს ანბანით შექმნილი სახელები და ემოციები, ანუ Dots&Dashes Georgia („დოთს ენდ დეშის ჯორჯია“).

ნინი რაზმაძე 

— „დოთს ენდ დეშის ჯორჯია“ ჩვენი, ანკა სტურუა-მელიქიშვილის და მარიკა სიხარულიძის პროექტია. პროფესიით ორივე ჟურნალისტები ვართ და წლების განმავლობაში სწორედ ამ სფეროში ვსაქმიანობდით. საერთო საქმის სურვილი დიდი ხანია გვაქვს, თუმცა მხოლოდ ორი თვის წინ შევძელით განხორციელება, როდესაც საუბრისას გაგვიჩნდა იდეა ორიგინალური, განსხვავებული სამკაულების შექმნის შესახებ.  

© Dots & Dashes Georgiaსაჩუქარი დას, ერთი შენ, ერთი მას.
საჩუქარი დას, ერთი შენ, ერთი მას.  - Sputnik საქართველო
საჩუქარი დას, ერთი შენ, ერთი მას.

– მორზეს ანბანამდე გქონდათ სხვა იდეები?

— იდეებზე ბევრი არ გვიფიქრია, უბრალოდ, ზოგადად ხშირად ვსაუბრობდით, თუ რა შეიძლებოდა ისეთი გაგვეკეთებინა, რაც ქართულ ბაზარზე სიახლე იქნებოდა, მომხმარებელს მოეწონებოდა და რომელზეც ჩვენც სიამოვნებით ვიმუშავებდით. პირველივე იდეა, რაც გაგვიჩნდა, ძალზე მოკლე დროში განვახორციელეთ. ფაქტობრივად, ორ დღეში ყველაფერი მზად გვქონდა. მოვიარეთ ყველა მომწოდებელი, შევათანხმეთ მასალების დამზადების ვადები და შევუდექით საქმეს. ჩვენ თვითონაც გვიკვირდა, იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, და ხშირად ვამბობთ, რომ ასე ადვილად რომ არ დაწყებულიყო ჩვენი საქმიანობა, შეიძლება ბოლომდე არც მიგვეყვანა. სირთულეები ცოტა უფრო მოგვიანებით შეგვხვდა და ეს, ძირითადად, მუშახელის დაქირავებას ეხებოდა. სამწუხაროდ, ძალიან ძნელია ნებისმიერ სფეროში იპოვო მომწოდებელი, რომელიც დათქმულ ვადებში, სასურველი ხარისხით და ნორმალურ ფასად შეასრულებს სამუშაოს. სწორედ ეს გაგვიჭირდა ყველაზე მეტად. თუმცა უკვე გვყავს პარტნიორები, ვისთანაც დიდი წარმატებით ვმუშაობთ. 

– როგორ გაგიჩნდათ იდეა მორზეს ანბანით ემოციები გამოგეხატათ? 

— ნამდვილად არ მაქვს პასუხი კითხვაზე, რატომ მაინც და მაინც მორზეს ანბანი. ეს იდეა, უბრალოდ, საუბრისას დაგვებადა. მივხვდით, რომ ასეთი პროდუქცია, პირველ რიგში, ჩვენ მოგვეწონებოდა ძალიან. შემდეგ, ის ფაქტი, რომ მსგავსი სამკაულები ქართულ ბაზარზე არ არსებობდა, დიდ იმედს გვაძლევდა, რომ პროექტი წარმატებული იქნებოდა. თან ბოლო პერიოდში ე.წ. „სურვილის სამაჯურების“ ბუმია მთელ მსოფლიოში. არა მხოლოდ ბოლო პერიოდში, სულ, ჩემ ბავშვობაშიც ვიცოდი ლეგენდა, რომ თუ სამაჯურის გაკეთებისას სურვილს ჩაიფიქრებდი და გაწყვეტამდე არ მოიხსნიდი, სურვილი აუცილებლად ახდებოდა. დღესაც ძალიან ბევრ ადამიანს მოსწონს სამაჯურის ეს სიმბოლური დატვირთვა და სიამოვნებით ატარებენ „სურვილის სამაჯურებს“. მით უმეტეს, თუ დიზაინიც განსხვავებული და ორიგინალურია.  

© Dots & Dashes Georgiaმორზეს ანბანით დაშიფრული სახელი
მორზეს ანბანით დაშიფრული სახელი - Sputnik საქართველო
მორზეს ანბანით დაშიფრული სახელი

– სახელწოდება „დოთს ენდ დეშის“ საიდან გაჩნდა? 

— სახელწოდება პროდუქტის შინაარსმა გვიკარნახა. მორზეს კოდს ინგლისურად ხშირად ასე მოიხსენიებენ — დოთს ენდ დეშის, ანუ წერტილები და ტირეები. სწორედ წერტილებისა და ტირეების ერთობლიობის მეშვეობით ხდება ლათინური ასოების, ციფრებისა და სასვენი ნიშნების დაშიფვრა. 

– რამდენი ადამიანი მუშობთ? 

— ამჟამად სამაჯურებს მხოლოდ ჩვენ ორნი ვამზადებთ ჩვენი ხელით, თუმცა, გვყავს დაქირავებული მომწოდებლები, ვინც სხვადასხვა მასალას გვაწვდის. 

– თქვენს პროექტს აქვს უცხოური ანალოგი?

— უცხოური ანალოგი მორზეს კოდით დაშიფრულ სამაჯურებს აქვს, თუმცა ჩვენ სულ ვცდილობთ რაღაც ახალი, ქართულ რეალობაზე უფრო მორგებული პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებლებს.  

© Dots & Dashes Georgia Dots & Dashes Georgia
 Dots & Dashes Georgia - Sputnik საქართველო
Dots & Dashes Georgia

– პირველ ნამუშევარზე რომ მოგვიყვეთ…

— პირველი სამაჯური, რომელიც ავაწყვე, „სამი სურვილი“ იყო. დღემდე ძალიან მიყვარს ეს მოდელი, თუმცა, მუშაობაში ძალიან ბევრი ახალი და საინტერსო იდეა გაგვიჩნდა. 

– თქვენს შეფუთვაზეც მოგვიყევით, ძალიან ლამაზად გაფორმებული ყუთები გაქვთ…

— შეფუთვა არის ის, რამაც პირველივე დღიდან მომხმარებლების დიდი მოწონება დაიმსახურა. ყველანაირად შევეცადეთ, რომ ჩვენი პროდუქტი ყოფილიყო გამორჩეული. ყუთებს ჩვენით არ ვამზადებთ, ხის საამქროში ვამზადებინებთ და შემდეგ თავად ვაფორმებთ სხვადასხვა დიზაინით, რაც პროდუქტის პოპულარობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. 

– რომელია ყველაზე პოპულარული სამკაული?

— ყველაზე პოპულარული მაინც სახელების მორზეს კოდით დაშიფრვაა. მომხმარებლებს ძალიან მოსწონთ პერსონალიზებული სამაჯურები. ასევე ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს დებისთვის შექმნილი მოდელი.  

© Dots & Dashes Georgiaსაწოვარას პერსონალიზებული საკიდები
საწოვარას პერსონალიზებული საკიდები  - Sputnik საქართველო
საწოვარას პერსონალიზებული საკიდები

– საზოგადოების მხრიდან როგორი გამოხმაურება მოჰყვა თქვენს წამოწყებას? 

— ვფიქრობ, ხალხს ნამდვილად მოეწონა ჩვენი პროდუქცია. ამაზე „ფეისბუქზე“ ძალიან ცოტა დროში დაგროვილი 10 000-მდე მოწონებაც მეტყველებს. დღის განმავლობაში ძალიან ბევრ შეტყობინებას ვიღებთ. ზოგჯერ პასუხების გაცემაც გვიჭირს, იმდენად ბევრი ადამიანი გვწერს. აინტერესებთ ყველა დეტალი. ზოგი, ბუნებრივია, ვერ ხვდება შინაარს, ზოგი მაშინვე ხვდება და კომპლიმენტებს გვწერს. საერთო ჯამში ძალიან გაგვიმართლა, რომ ასეთ მოკლე დროში ასეთი მოწონება დავიმსახურეთ. 

– მუშაობის პროცესზე რომ მოგვიყვეთ, რა არის რთული?

— მუშაობის პროცესი ძალიან მოგვწონს, მიუხედავად იმისა, რომ უზომოდ შრომატევადი საქმეა. ფაქტობრივად, საიუველირო სიზუსტით უნდა დაამზადო სიმბოლოების განლაგებაც, ძაფის კვანძებიც და ასე შემდეგ. თითო სამაჯურის დამზადებას და შეფუთვას საკმაოდ ბევრი დრო მიაქვს. ყველაზე რთული, ალბათ, ერთდროულად ბევრ შეკვეთაზე მუშაობაა. ბევრი ღამეც გაგვითენებია მუშაობაში, თუმცა, საპასუხოდ მიღებული ერთი დადებითი გამოხმაურებაც დაღლას გვავიწყებს.  

© Dots & Dashes Georgia Dots & Dashes Georgia-ს სამაჯურები
 Dots & Dashes Georgia-ს სამაჯურები - Sputnik საქართველო
Dots & Dashes Georgia-ს სამაჯურები

– აპირებთ სხვა პროდუქტის შემოთავაზებას, სიტყვების დამატებას?

— სულ მუდმივად ვცდილობთ ახალ-ახალი პროდუქტი შევთავაზოთ მომხმარებელს. ბოლოს სასაჩუქრე ნაკრები დავამზადეთ, რომელიც ჩვენი კონცეფციიდან ცოტა განსხვავდება. ნაკრებში შედის სურვილის სამაჯური, სიმბოლური კალენდარი ბავშვის დაბადების თარიღის ჩასანიშნად და საწოვარას პერსონალიზებული სამაგრი, რომელიც სპეციალურად ეკოლოგიურად სუფთა მასალით არის დამზადებული, თან ნებისმიერი სახელის დაწერის საშუალებას გვაძლევს. 

სამომავლოდ ვცდილობთ ბევრი სიახლე შევთავაზოთ მომხმარებელს და სრულად ავითვისოთ ქართული ბაზარი.

ყველა ახალი ამბავი
0