9 თებერვლიდან თბილისის კინოთეატრებში შემდეგი სურათების პრემიერები გაიმართება:
„50 ელფერით მუქი“ (Fifty Shades Darker) ესაა ე. ლ. ჯეიმსის ამავე სახელწოდების ბესტსელერის ეკრანიზაცია და ფილმის „გრეის 50 ელფერი“ მეორე ნაწილი, რომელიც ასევე ჯეიმსის ნაწარმოების მიხედვით გადაიღეს. სერიის მესამე წიგნს ეწოდება „თავისუფლების 50 ელფერი“, რომლის მიხედვით ფილმს მეორე ნაწილის პარალელურად იღებდნენ. ფილმის სიუჟეტით, სანამ კრისტიან გრეი თავის შინაგან დემონებს ებრძვის, ანასტეიშა სტილი იძულებულია, დაუპირისპირდეს იმ ქალების მრისხანებასა და შურს, რომლებიც კრისტიანთან მანამდე იყვნენ. მთავარ როლებს ასრულებენ დაკოტა ჯონსონი და ჯეიმი დორნანი.
„ბოროტების სავანე: ბოლო თავი“ (Resident Evil: The Final Chapter) — მეექვსე ფილმია სერიიდან „ბოროტების სავანე“. დასკვნითი ნაწილის მოქმედება პირდაპირ წინა ფილმში აღწერილი მოვლენებიდან გრძელდება. ელისს, რომელიც ძლივს გადაურჩა სისხლისმსმელ ზომბებს, რაკუნ-სიტის შუაგულში გამგზავრება უწევს — იქ, საიდანაც ყველაფერი დაიწყო. კორპორაცია „ამბრელა“ გადარჩენილებზე გადამწყვეტი დარტყმისთვის ემზადება. ელისმა და ალბერტ ვესკერმა ამ ბრძოლაში ფინალური წერტილი უნდა დასვან.
„ლეგო: ბეტმენი“ (The LEGO Batman Movie) — კომპიუტერულ-ანიმაციური კომედიური ფილმია ბეტმენის შესახებ. გოთემს კვლავ საფრთხე ემუქრება და მის დასაცავად გამოდის ბეტმენი — მილიარდერ ბრუს უეინის ალტერ-ეგო. ამჯერად სუპერ-გმირი იძულებულია, მეწყვილედ დიკ გრეისონი აიყვანოს, რომელიც ერთ-ერთ ელიტურ საღამოზე ისე იშვილა, რომ აღარც ახსოვს, ეს როგორ მოხდა. ბეტმენს კომპანიას დაუძინებელ მტერთან, ჯოკერთან ბრძოლაში სწორედ ახლადგამომცხვარი რობინი გაუწევს.
„ჯონ უიკი 2“ (John Wick: Chapter Two) - რეჟისორ ჩად სტახელსკისა და ფილმის „ჯონ უიკი“ სიკველი ამერიკული ფილმია. ჯონ უიკის ისტორია ტრილოგიის სახით იყო ჩაფიქრებული — ეს ტრილოგიის მესამე ნაწილია. როდესაც ჯონის ყოფილი კოლეგა მკვლელების საიდუმლო გილდიაზე კონტროლის საკუთარ თავზე აღებას გადაწყვეტს, უიკი იძულებული ხდება, კვლავ საქმეში ჩაერთოს. ჯონი რომში მიემგზავრება, სადაც მას მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე საშიშ მკვლელთან შერკინება მოუწევს.
გასული კვირიდან თბილისის კინოთეატრებშია საშინელებათა ფილმი „ზარები“, ფილმი „კოსმოსი ჩვენ შორის“ და „მონსტრის ხმა“.
თბილისის კინოთეატრებში უჩვენებენ ფენტეზი-ფილმს „დიდი კედელი“ (The Great Wall) მეთ დეიმონისა და პედრო პასკალის მონაწილეობით, რეჟისორ მარტინ სკორსეზეს „სიჩუმე“(Silence), დი ჯეი კარუზოს „სამი იქსი: მსოფლიო ბატონობა“ ვინ დიზელის მონაწილეობით, დემიენ შაზელის ამერიკული ფილმი-მიუზიკლი „ლა-ლა-ლენდი“ და ამერიკული კომედიური ფილმი „რატომ ის?“.
მულტფილმები ბავშვებისთვის — ფრანგულ-კანადური ანიმაციური სურათი „ბალერინა“ და მულტფილმი „მოანას თავგადასავალი“.
სასიამოვნო კინოჩვენებას გისურვებთ!