სანდრო ცნობილაძე
კუნძული მადეირა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკურორტო ცენტრია. ამ ავტონომიურ რეგიონში აუცილებლად ჩერდება ყველა ის ლაინერი, რომელიც კარიბის ზღვის მიმართულებით კრუიზს ახორციელებს. მისი დედაქალაქი ფუნშალია. 2003 წლიდან მოყოლებული ნებისმიერ ცნობარში, სადაც მადეირაზე და ფუნშალზეა საუბარი, აუცილებლად არის მითითებული, რომ აქ დაიბადა კრიშტიანუ რონალდუ.
მსოფლიო ფეხბურთის მეგავარსკვლავი მინდორზე პირველად 2004 წელს ლისაბონში წაგებულ ფინალში ვიხილე. 19 წლის რონალდუ იმ პერიოდში მხოლოდ დამატება იყო ისეთი ფეხბურთელებისა, როგორებიც იყვნენ ფიგუ, რუი კოშტა და სხვა ლიდერები, თუმცა, ლუიშ ფელიპე სკოლარი მას ენდობოდა. ენდობოდა 2004 წლის ევროპის ჩემპიონატზე და ენდობოდა ორი წლის შემდეგაც, როდესაც კრიშტიანუ გერმანიის მუნდიალზე უკვე თავისი ნაკრების თამაშს განსაზღვრავდა.
ცხადი იყო, რომ ფიგუს „ოქროს თაობისთვის“ 11 წლის წინანდელი მუნდიალი ბოლო იქნებოდა, ასევე ისიც, რომ პორტუგალიური ფეხბურთის ბედი რონალდუს ხელში გადადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მიუნხენში საფრანგეთი–პორტუგალიის ½-ფინალური მატჩის შემდეგ არ მტოვებდა განცდა, რომ რონალდუ მინდორზე ყოფნით ზემოქმედებას მინიმუმ მოედნის ნახევარზე ახდენდა, და მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს საქართველოს ნაკრებთან ამხანაგური მატჩის შემდეგ საბოლოოდ დავრწმუნდი მის განსაკუთრებულობაში, იმის წინასწარმეტყველება, რომ მალე მთელ საფეხბურთო სამყაროს საქმე სრულიად უნიკალური ტალანტის, უსაზღვროდ მშრომელი და, რაც არანაკლებ მთავარია, ჩვეულებრივი სენტიმენტების მქონე ახალგაზრდასთან გვექნებოდა, მაინც ძალიან ძნელი იყო.
მის ფიზიკურ მონაცემებზე, კარგი გაგებით, „გოლის ხამობაზე“, გლამურულ ცხოვრებაზე, ირინა შეიკთან ურთიერთობაზე და დაშორებაზე, შამპუნების გამოყენებაზე, ძალინ ბევრი დაიწერა და შეიქმნა კარიკატურები. ამ ყველაფრის ფონზე კი ცოტა ჩრდილში მოექცა რონალდუს ის მხარე, რომელიც მას ჩვეულებრივ ადამიანად წარმოაჩენს. აქვე დავაზუსტებ: ბევრი იქნება ისეთი, რომელიც, ალბათ, იტყვის, რომ ეს ყველაფერი პორტუგალიელს პიარისთვის სჭირდება. ამ აზრს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, აქვს, საპირისპიროს მტკიცება კი დაუსრულებელ აბსტრაქტულ კამათში გადავა.
პორტუგალიის ნაკრების კაპიტანს სხეულზე არც ერთი სვირინგი არ აქვს, ამ დროს კი მთელი მსოფლიო სვირინგომანიითაა შეპყრობილი. მსგავსი გამოვლინება ისეთი პერსონისთვის, როგორიც რონალდუა, რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია. კრიშტიანუს ერთ-ერთი ინტერვიუდან ნათელი გახდა, რომ 2010 წლიდან მოყოლებული, თვეში ერთხელ ის ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს აბარებდა, დონორებისთვის კი ნემსით სხეულის სხვადასხვა ნახატებისთვის „ჯიჯგნა“ მიზანშეწონილი არაა.
ბავშვებისადმი დახმარება კრიშტიანუს ცხოვრებას წითელ ხაზად გასდევს. 2012 წელს რონალდუს მისმა აგენტმა ჟორჟე მენდეშმა შეატყობინა, რომ ცხრა წლის ლას-პალმასელ ბავშვს სიმსივნე აქვს და რომ სამი ჩატარებული ოპერაციის შემდეგ მისი ჯანმრთელობა არ გაუმჯობესებულა. პატარა ნუხაზეტის მეოთხე ოპერაცია რონალდუმ დააფინანსა, გარდა ამისა, მან ბავშვი „რეალის“ მატჩზე დაპატიჟა, თამაშის შემდეგ კი მასთან ერთად მთელი საღამო გაატარა.
პატარა საიდის და მამამისის კადრებმა, რომლებიც სირიელი ლტოლვილები არიან და რომლებსაც პოლიციელებისგან გაქცევისას უნგრელმა ოპერატორმა პეტრა ლასლომ ფეხი დაუდო, მთელი მსოფლიო მოიარა. გაირკვა, რომ საიდი „რეალის“ გულშემატკივარია. როდესაც რონალდუსთვის საიდის და მამამისის ისტორია ცნობილი გახდა, მან ისინი კლუბის თამაშზე დაპატიჟა. დახვედრა, რომელიც „სამეფო კლუბმა“ ლტოლვილებს გაუმართა, მართლაც „მეფური“ იყო.
2004 წელს ინდონეზიაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ექვსი წლის მარტინუშს, რომელსაც ცუნამის გამო მთელი ოჯახი დაეღუპა, დაკარგულად თვლიდნენ. პატარა ბიჭი სამი კვირის შემდეგ იპოვეს. სასწაულებრივად გადარჩენილ მარტინუშს ლეგენდარული ფეხბურთელის რუი კოშტას მაისური ეცვა. ეს ამბავი მთელ მსოფლიოს მომენტალურად მოედო. კრიშტიანუ რონალდუ კი, რომელიც იმ პერიოდში „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, მარტინუშის რეაბილიტაციის პროცესს ჩაუდგა სათავეში. მისი მეშვეობით ბავშვს 40 ათასი ევრო შეუგროვდა, პარალელურად პორტუგალიელმა ფეხბურთელმა სიკვდილისგან გადარჩენილი ბავშვის მეურვეობა იკისრა.
„მე ვამაყობ იმით, რაც გამიკეთებია და გავაგრძელებ ხალხის დახმარებას. არ ვაპირებ ჩემი საქმეების აფიშირებას. ღმერთი ისედაც ყველაფერს ხედავს და ჩემთვის ეს საკმარისია“, – აცხადებს პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი და დიდი ალბათობით იმასაც აცნობიერებს, რომ გაცილებით უფრო მეტი ყურადღება ეთმობა და დაეთმობა მის ყველა ისეთ საქციელს, რომელიც მას განსაკუთრებულად წარმოაჩენს.