ვაზზე შეყვარებული ქართველი გოგო

© FB/ Baia Abuladzeბაია აბულაძე
ბაია აბულაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბაია აბულაძე 23 წლის მეღვინეა. იგი ბაღდათში, სოფელ მეორე ობჩაში დაიბადა. მისი ცხოვრება მშობლიურ სოფელს, ოჯახს, ვაზს და ღვინოს უკავშირდება.

ვაზის სიყვარული ბავშვობიდან გამოჰყვა. ვენახის მოვლაც ბავშვობაში ისწავლა. როცა წამოიზარდა, დამღლელი, რთული, მაგრამ ამავე დროს მისთვის სასიამოვნო პროცესი – მევენახეობა სერიოზულ საქმიანობად აქცია. ბაიამ ამ კუთხით ბევრ საერთაშორისო პროექტში მიიღო მონაწილეობა. ახალგაზრდა მეღვინე ქალი ქართული სოფლის ძლიერ მომავალზე ოცნებობს.

– როცა ადამიანი რაიმე საქმეს კიდებს ხელს, ალბათ, ეს საქმე მისთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. თქვენ როდის დაინტერესდით მეღვინეობით და რატომ აირჩიეთ ეს გზა?

– ძალიან დიდი ხანია, რაც ჩვენი ოჯახი ამ საქმეს ემსახურება. ბავშვობიდანვე მოვერგე ამ ტრადიციას და საქმიანობას. რაც დრო გადიოდა, ვფიქრობდი, რომ ის, რასაც დახმარების სახე ჰქონდა, შემეძლო ჩემ საქმიანობად მექცია. გადავწყვიტე ექსპერიმენტის სახით მეცადა ღვინის დაყენება და, ვფიქრობ, ამ ექსპერიმენტმა გაამართლა.

© FB/ Baia Abuladzeბაია აბულაძის ვენახი
ბაია აბულაძის ვენახი - Sputnik საქართველო
ბაია აბულაძის ვენახი

– აღნიშნეთ, რომ ბავშვობაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებდით მევენახეობა–მეღვინეობის პროცესში.

– დედა და მამა მასწავლებლები არიან, იმ პერიოდში ჩვენც სკოლის მოსწავლეები ვიყავით. ბებია–ბაბუის დახმარებით ვენახში საგაზაფხულო თუ საშემოდგომო სამუშაოებს ერთად ვაკეთებდით. ყველა პროცესში უშუალოდ ვიყავი ჩართული. როცა წამოვიზარდე, ცოტა სხვანაირი, ალბათ უფრო სერიოზული თვალით შევხედე ამ საქმეს.

– ღვინის დაყენება იცით?

– კი, რა თქმა უნდა. ჩვენივე ვენახებში დაკრეფილი ყურძნით ვაყენებთ ღვინოს. რთველის პარალელურად, 2–3 საათში იწურება ყურძენი. დაწურული წვენი ჩადის ერთ რეზერვუარში, ერთ დიდი ქვევრში. როცა ის გაივსება, შემდეგ უკვე ვანაწილებთ სხვადასხვა ჭურჭელში, რომელშიც გვინდა ღვინის დაყენება. აქამდე ევროპული მეთოდით ვაყენებდით ღვინოს. წვენს უჟანგავ რეზერვუარებში ვასხამდით. თუმცა წელს გადავწყვიტეთ ქვევრშიც დაგვეყენებინა. ძალიან ბევრი ქვევრი გვაქვს სახლში. აქამდე არ ვიყენებდით, რადგან მოთხოვნა იყო მხოლოდ ევროპული სტანდარტებით დაყენებულ ღვინოზე. იმდენად საინტერესო და მიმზიდველია ტრადიციული მეთოდით დამზადებული, ქვევრის ღვინო, რომ გადავწყვიტეთ ჩვენც ქვევრში დაგვეყენებინა. ასე რომ, წელს ქვევრში დაყენებული ღვინოც გვაქვს.

© FB/ Baia Abuladzeბაია აბულაძე
ბაია აბულაძე - Sputnik საქართველო
ბაია აბულაძე

– რა შეგრძნება დაგეუფლათ, როცა თქვენი წარმოებული ღვინო პირველად ჩამოისხა ბოთლში?

– ეს იყო ჩემთვის ძალიან დიდი გამოწვევა. უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ვიპოვე ჩემი საყვარელი საქმე. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ადამიანს თავისი საყვარელი საქმე აქვს, ხშირ შემთხვევაში გარემო პირობები არ აძლევს მას საშუალებას, აკეთოს თავისი საყვარელი საქმე. ჩემ შემთხვევაში გარემო, მეგობრები, ნათესავები, ახლობლები იმდენად აღფრთოვანებული იყვნენ ამ სიახლით, ჩემი საქმიანობით, რომ მათ დიდი სტიმული მომცეს. მივხვდი, რომ რასაც ვაკეთებ, ღირებული და კარგი საქმეა. სწორედ ადამიანების მსგავსმა განწყობამ მომცა დიდი ბიძგი და სტიმული. 

– ღვინოს ეტიკეტი და სახელი როგორ შეურჩიეთ?

– სახელის შერჩევა არ გაგვჭირვებია, ეტიკეტის შერჩევა კი ცოტა რთული პროცესი იყო. სანამ სახელის დარქმევაზე ვიფიქრებდი, ჩემს ღვინოს ყველა ბაიას ღვინის სახელით მოიხსენიებდა და სწორედ ამიტომ შემორჩა ეს სახელი. სახელის შემდეგ უკვე ეტიკეტის შერჩევაზე მიდგა საქმე. ეტიკეტის დიზაინი მოიფიქრა ერთმა ნიჭიერმა გოგონამ, რომელსაც ასევე ბაია ერქვა. ვიცოდით რა გვინდოდა, როგორი გვინდოდა და მან ძალიან კარგად შეგვირჩია ეტიკეტის დიზაინი.  

© FB/ Baia Abuladzeბაია აბულაძის ღვინო
ბაია აბულაძის ღვინო - Sputnik საქართველო
ბაია აბულაძის ღვინო

– რთველის პროცესი როგორ მიმდინარეობს თქვენთან?

– დაახლოებით 13 ტონამდე ყურძენი გვაქვს, ამიტომ რთველის პროცესი ცოტა რთულია. ყურძენს სჭირდება თავის დროზე დაკრეფა; რომ გაწვიმდეს, შესაძლოა გაფუჭდეს ვენახი. ამიტომ საჭიროა სასწრაფო წესით დაიკრიფოს. 13 ტონა ყურძნის სწრაფად დაკრეფა ადვილი საქმე არ არის. ჩვენი ნათესავები, ვინც თბილისში ცხოვრობენ, ყოველთვის სიამოვნებით ჩამოდიოდნენ და გვეხმარებოდნენ. წელს განსხვავებული რთველი გვქონდა. ძალიან ბევრმა მოხალისემ გამოთქვა სურვილი და ჩაერთო რთველის პროცესში. მომავალი რთვლისთვის უცხოელებიც აპირებენ დაგვეხმარონ. არსებობს საიტი, სადაც მოხალისეები რეგისტრირდებიან, მსოფლიოს მასშტაბით ნახულობენ სხვადასხვა ადგილებს, აქვთ შანსი მოხალისის სტატუსით წავიდნენ სოფლებში და იქ იმუშაონ. ჩვენი ადგილიც ძალიან ბევრს მოსწონს და აქვთ სურვილი ჩამოვიდნენ და მიიღონ მონაწილეობა ყურძნის კრეფაში. ასე რომ, წელს უცხოელი სტუმრებიც გვეყოლება.

– რამდენი სახეობის ღვინოს აწარმოებთ?

– წელს გვაქვს თეთრი და წითელი ღვინო. წითელი გვაქვს „ოცხანური საფერე“, რომელსაც ჩემი დის სახელი „გვანცას ღვინო“ ჰქვია. ჩემი და სულ ახლახან დაბრუნდა შვედეთიდან და აქტიურად გვეხმარება. თეთრი ღვინო გვაქვს „ცოლიკაური“, „ციცქა–ცოლიკაური“ და  „ციცქა–ცოლიკაური —კრახუნა“. მათ შორის „ცოლიკაური“ იქნება ქვევრში დაყენებული. 

© FB/ Baia Abuladzeბაია აბულაძის ვენახი ზამთარში
ბაია აბულაძის ვენახი ზამთარში - Sputnik საქართველო
ბაია აბულაძის ვენახი ზამთარში

– როგორც ვიცი, ბევრ საერთაშორისო პროექტში გაქვთ მონაწილეობა მიღებული.

– სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავამთავრე. სწავლას დღესაც ვაგრძელებ სამაგისტრო პროგრამაზე, საჯარო პოლიტიკის სპეციალობით. საერთაშორისო პროექტებში ამ პროფილით ვიღებდი მონაწილეობას. მონაწილეობა მივიღე ეუთოს საზაფხულო სკოლაში, ასევე იუნესკოს პროექტებშიც, თუმცა ბოლო წლის განმავლობაში ყველა პროექტი უკავშირდება მეწარმეობას, ფერმერობას და ზოგადად იმ საკითხებს, რაც ჩემთვის ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია. 

– მეწარმეობის კუთხით საქართველოს როგორ აფასებენ უცხოეთში?

– ევროკომისიის ერთ-ერთ შეხვედრაზე წარმოდგენილი ვიყავით სხვადასხვა ქვეყნის მეწარმეები. იქ საუბარი იყო, როგორ უნდა განვითარდეს მეწარმეობა, რამდენად არის შესაძლებელი სწავლის პროცესში მეწარმეობის ჩართვა და ა.შ. მათ ჩვენი შეფასებებიც მოისმინეს და თქვეს, რომ საქართველო ამ მხრივ ერთ-ერთ კარგ პოზიციაზეა. ისინი ხედავენ დიდ მოტივაციას და პოტენციალს. მათი სურვილია კიდევ უფრო განავითარონ ჩვენთან მეწარმეობა, მით უმეტეს, რომ საქართველოს უკვე დიდი ნაბიჯები აქვს ევროკავშირისკენ გადადგმული. 

– მეღვინე ქალი ხშირად კამათის და განსჯის საგანია. არიან ადამიანები, ვისთვისაც მიუღებელია ქალი, როგორც მეღვინე. რას ეტყვით ამ ადამიანებს?

– მე პირადად ვისთანაც შეხება მქონია, ყველა დადებითად არის განწყობილი. მაძლევენ სტიმულს, მაიმედებენ და თანადგომას მიცხადებენ. რა თქმა უნდა, ყველა ადამიანს თავისი შეხედულება და მოსაზრება გააჩნია. ადამიანს, ვინც ეჭვის თვალით უყურებს მეღვინე ქალებს, ვეტყოდი, რომ ჩვენც გვაქვს საინტერესო იდეები, სიახლეები. სანამ ძალიან კრიტიკულ აზრს გამოთქვამენ ჩვენ მიმართ, ჯობს ჩვენი ნაწარმი პროდუქტი გასინჯონ, ან გაგვესაუბრონ. მე მოხარული ვიქნები…

– რა გეგმები გაქვთ?

— მინდა ჩვენ სოფელში ძალიან ბევრი ტურისტი ჩამოვიდეს. მით უმეტეს, რომ ძალიან  კარგი რესურსი გვაქვს სოფელში, გარემო ფაქტორებიც გვიწყობს ხელს, რომ მოვხიბლოთ უცხოელი სტუმრები. ასევე მინდა ის ცოდნა, რაც გაგვაჩნია ამ მიმართულებით ჩვენი ოჯახის თითოეულ წევრს, განვავითაროთ, გავაძლიეროთ და უფრო მეტი ვიცოდეთ მეღვინეობის იმ სტანდარტების შესახებ, რაც თანამედროვე მეღვინეობაშია დამკვიდრებული.

ყველა ახალი ამბავი
0