საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ბალტიისპირეთის ქვეყნებს ეწვევა

გამოწერა
ევროინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე ეწვევა ლიტვას, ესტონეთსა და ლატვიას, სადაც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავს.

თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით ბალტიისპირეთის ქვეყნებში გაემგზავრა, აღნიშნულია სახელმწიფო მინისტრის აპარატის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

დოლიძემ ტურნე ლიტვით დაიწყო, სადაც დაგეგმილია შეხვედრები საგარეო საქმეთა მინისტრ ლინას ლინკიავიჩიუსთან, სეიმის ვიცე-სპიკერ გედიმინას კირკილასთან და აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების სხვა წარმომადგენლებთან.

ვილნიუსში დოლიძე მონაწილეობას მიიღებს მრგვალი მაგიდის მუშაობაში – „ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაცია: გამოწვევები და გადაწყვეტილებები“.

ამის შემდეგ დოლიძე ესტონეთს ეწვევა, სადაც შეხვდება საგარეო საქმეთა მინისტრ სვენ მიქსერს, პარლამენტის ევროკავშირის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს ტოომას ვიტსუტს და სხვებს. ესტონეთში სახელმწიფო  მინისტრი ესტონეთის მეოთხე ყოველწლიური კონფერენციის გახსნას დაესწრება.

ესტონეთიდან დოლიძე ლატვიაში გაემგზავრება. იქ დაგეგმილია შეხვედრები თავდაცვის მინისტრ რაიმონდს ბერგმანისთან, ნატოს სტრატეგიული კომუნიკაციების ცენტრის დირექტორ იანის საარტსთან და ლატვიის პარლამენტის წარმომადგენლებთან.

ბალტიისპირეთის ქვეყნებში ვიზიტის დასრულების შემდეგ, 14 თებერვალს დოლიძე სტრასბურგში გაემგზავრება, სადაც დაგეგმილია სახელმწიფო მინისტრის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მეოთხე შეხვედრაზე.

ყველა ახალი ამბავი
0