თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. ქიმიური ქარხანა „რუსთავის აზოტის“ სამუშაოდან გათავისუფლებული თანამშრომლების საპროტესტო ტალღამ რუსთავიდან თბილისში გადმოინაცვლა.
აქციის მონაწილე დაახლოებით 100 ადამიანი ვარდების მოედანზე შეიკრიბა და იქიდან თავისუფლების მოედნისკენ მსვლელობა გამართა. ისინი „საქართველოს ბანკის“ შენობასთან მივიდნენ. მსვლელობა მათ სავალ ნაწილზე მოაწყვეს და ამით ტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეაფერხეს.
საპროტესტო აქციაში „სოლიდარობა მუშებს“ გათავისუფლებულ თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობენ საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სტუდენტები.
აქციის მონაწილეთა თქმით, სწორედ „საქართველოს ბანკი“ ფლობს კომპანია EU Investment-ს, რომელიც 2016 წლის სექტემბერში „რუსთავის აზოტის“ 100%-იანი წილის მფლობელი გახდა. იანვარში დაახლოებით 350 ადამიანი გაათავისუფლეს.
აქციის მონაწილეები ამტკიცებენ, რომ გათავისუფლებები გაგრძელდება.
„ჩვენ რამდენიმე მოთხოვნა გვაქვს. პირველი — დააბრუნონ გათავისუფლებული თანამშრომლები სამუშაოზე. მეორე — მოვითხოვთ, რომ ქარხნის თანამშრომლებს ადეკვატური სამუშაო და სამართლებრივი პირობები ჰქონდეთ. გარდა ამისა, „საქართველოს ბანკისგან“ მოვითხოვთ პასუხს კითხვაზე, რას აპირებენ ქარხანასთან დაკავშირებით და რატომ უნდათ ამ ქარხნის გაჩერება“, — განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ჯგუფ „აუდიტორია 115“-ის წარმომადგენელმა ლევან ლორთქიფანიძემ.
საპროტესტო აქცია ხმაურიანი აღმოჩნდა — აქციის მონაწილეები უსტვენდნენ, ყვიროდნენ „სოლიდარობა“, ურტყამდნენ დოლზე. ერთ-ერთს მბოლავი შაშხანაც ჰქონდა.
აქციას არ ჩაუვლია პოლიციასთან დაპირისპირების გარეშე. პოლიცია პროტესტანტებს წესრიგის დაცვისკენ მოუწოდებდა. სამართალდამცველებს არავინ დაუკავებიათ.
„რუსთავის აზოტის“ თანამშრომლები სამუშაო ადგილებზე დაბრუნებისა და სამუშაო ხელშეკრულების გადახედვის მოთხოვნით სარჩელის სასამართლოში შეტანას აპირებენ.
აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტი მანამდე გაგრძელდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება. ისინი საქართველოს პრეზიდენტთან და პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას მოითხოვენ.
შემდეგი აქცია სახელმწიფო კანცელარიის შენობასთან არის დაგეგმილი.