ფილმმა „უცხო სახლი“ აშშ–ში კინოოპერატორების პრემია მიიღო

© Кадр из фильмаკადრი ფილმიდან "სხვისი სახლი"
კადრი ფილმიდან სხვისი სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმმა „უცხო სახლი“ აშშ–ში კინოოპერატორების პრემია მიიღო.

თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. ქართველი რეჟისორის რუსუდან გლურჯიძის ფილმი „უცხო სახლი“ ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოების ყოველწლიური პრემიით დაჯილდოვდა — ეს არის ჯილდო გამოჩენილი მიღწევებისთვის(Outstanding Achievement Awards), რომელიც 31–ჯერ გადაეცა.

ამერიკელი კინოოპერატორების საზოგადოება (American Society of Cinematographers, ASC) პროფესიული ორგანიზაციაა, რომელიც 1919 წელს ორგანიზაციების – Cinema Camera Club და Static Club of America შერწყმის გზით დაარსდა. ეს კინოოპერატორების უძველესი და ყველაზე საპატიო საზოგადოებაა. მისი წევრი შეიძლება იყოს მხოლოდ კინოოპერატორი და სპეცეფექტების ექსპერტი, რომელიც მოქმედი წევრების მიერ უნდა იყოს მიწვეული.

როგორც საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი იუწყებოდა, ამ პრესტიჟულ პრემიაზე ქართული ფილმი ნომინირებული იყო ისეთ ფილმებთან ერთად, როგორიცაა დემიენ შაზელის „ლა ლა ლენდი“, ბარი ჯენკენსის „მთვარის შუქი“ და მარტინ სკორსეზეს „დუმილი“.

 „სხვისი სახლი“ წარდგენილი იყო კატეგორიაში Spotlight Award – ცნობილი ესპანელი ოპერატორის, გორკა გომეს ანდრეს (Gorka Gomez Andreu) ნამუშევრისთვის.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ამერიკელი კინოოპერატორების პრემიის ნომინანტი ქართველი რეჟისორის ნამუშევარი გახდა.

 „ამ ფილმში სცენარზე ვიყავით ორიენტირებულნი, რადგან სცენარი ძალზე პოეტური მანერით იყო დაწერილი, რაც ძალიან უჩვეულოა. ხშირად სცენარი „ექშენზეა“ გამიზნული. ასე რომ ჩვენ რეჟისორთან ერთად ამ პოეზიაზე გავაკეთეთ აქცენტი და ის ფილმში გადავიტანეთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს გორკა გომეს ანდრემ დაჯილდოების შემდეგ.

დრამა "სხვისი სახლი" ქართული კინოცენტრის კონკურსის გამარჯვებული ფილმია. ის საქართველოს, რუსეთის, ხორვატიისა და ესპანეთის ერთობლივი ნაწარმოებია. იგი ხანმოკლე, მაგრამ გამანადგურებელ ომში ფიზიკურად გადარჩენილი ორი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს. ისინი იკავებენ ნაჩქარევად გამოთავისუფლებულ სახლებს, მაგრამ მშვიდობიან გარემოში ახალი ცხოვრების დაწყება არ შეუძლიათ. ომი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც გრძელდება.

ფილმი რუსუდან გლურჯიძის სადებიუტო ნამუშევარია. მისი პრემიერა გასულ წელს კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე გაიმართა. იქვე ფილმმა პროგრამის გრან–პრი მიიღო.

2016 წელს ფილმი VI სახალინის საერთაშორისო კინოფესტივალზე "Край света"  და ნორვეგიაში ბერგენის საერთაშორისო კინოფესტივალზე „ექსტრაორდინარული კინოს“ ნომინაციაში დაჯილდოვდა.

ქართველი რეჟისორის ფილმი 2016 წელს ასევე წარდგენილი იყო „ოსკარზე“ პრეტენდენტ ფილმებს შორის ნომინაციაში „საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი“, თუმცა „ოსკარის“ შორტ-ლისტში ვერ შევიდა.


ყველა ახალი ამბავი
0