300 ათასზე მეტი ადამიანი შეუერთდა ბუქარესტში მინისტრთა კაბინეტის შენობასთან გამართულ მიტინგს მთავრობის გადადგომის მოთხოვნით. რუმინეთში საპროტესტო აქციების სერია უკვე რამდენიმე დღეა გრძელდება.
რუმინეთში საპროტესტო აქციები მას შემდეგ დაიწყო, რაც მთავრობამ სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რის შედეგადაც, შესაძლოა, ციხეებიდან მმართველი პარტიის კორუფციული საქმიანობის გამო გასამართლებული პირები გაათავისუფლონ. მომიტინგეები მოითხოვენ მთავრობის გადადგომას. პრემიერ-მინისტრმა სორინ გრინდიანუმ უკვე განაცხადა, რომ არ აპირებს თანამდებობის დატოვებას.
ბუქარესტში მომიტინგეები მინისტრთა კაბინეტის შენობასთან შეიკრიბნენ. მანიფესტანტები სკანდირებენ "გადადექით!", "რუმინეთო, გამოფხიზლდი!", "ერთად დავიცვათ რუმინეთი". მომიტინგეებს ხელში უჭირავთ პლაკატები ლოზუნგებით, რომლებიც მთავრობისა და მმართველი სოციალ-დემოკრატიული პარტიის წინააღმდეგაა მიმართული, რომელსაც სათავეში ლივიუ დრაგნია უდგას.
ადგილობრივი მასმედიის მონაცემებით, ეს ყველაზე დიდი მიტინგია 1989 წლის დეკემბრის რევოლუციის შემდეგ, როდესაც დაემხო ნიკოლაე ჩაუშესკუს რეჟიმი.