— მოგზაურობა ჩემთვის განტვირთვის ერთ–ერთი საშუალებაა. ამ დროს საშუალება მაქვს გავერიდო ერთფეროვან სიტუაციას და დავისვენო. სიახლეები, ახალი ემოციები, ახალი გარემო ჩემთვის განტვირთვის კარგი საშუალებაა.
- რომელ ქვეყანაში იყავით პირველად სამოგზაუროდ?
— პირველად ბავშვობაში ვიყავი მოსკოვში, მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და კარგად არ მახსოვს. უკვე ცნობიერ ასაკში მეუღლესთან ერთად ვიმოგზაურე თურქეთში. სიმართლე გითხრათ ამ მოგზაურობასთან დაკავშირებით ძალიან დიდი მოლოდინი მქონდა, მაგრამ იმედი გამიცრუვდა. სამოგზაუროდ წავედით საკმაოდ ძველი მანქანით, რომელსაც არც კონდიცირება ქონდა და არც სხვა კომფორტი. იყო ცუდი გზები, ძალიან ბევრი ვიარეთ, ბევრი უსიამოვნო რამ გადაგვხდა თავს. მაშინ ვთქვი, რომ აღარასოდეს წავიდოდი სამოგზაუროდ. წარმოიდგინეთ მიდიხარ უცხო ქვეყანაში, ათასობით კილომეტრის დაშორებით, საშინელ სიცხეში, ძველისძველი მანქანით, არ იცი გზა… საშინელება იყო. თუმცა ამის მერე მაინც უამრავ ქვეყანაში ვიმოგზაურე. ის დისკომფორტი და პრობლემები, რაც მოგზაურობის დროს იყო ნელ–ნელა აღმოიფხვრა. დღეს ჩემთვის მოგზაურობა ძალიან სასიამოვნო პროცესია.
- ძირითადად ვისთან ერთად გიწევთ მოგზაურობა?
— ძირითადად ოჯახთან ერთად დავდივარ. ხშირად მეგობრები გვეპატიჟებიან, ზოგჯერ მაქვს კორპორატიული საღამოები და ა.შ.
- თქვით, რომ ძალიან ბევრ ქვეყანაში ხართ ნამყოფი. რომელმა ქვეყანამ მიიქცია თქვენი განსაკუთრებული ყურადღება?
— მიყვარს იტალია, საფრანგეთი. ევროპის თითქმის ყველა ქვეყანა მიზიდავს, თუმცა ჩემთვის ალბათ ყველაზე საყვარელი ქვეყანაა ისრაელი. უთვალავჯერ ვარ ამ ქვეყანაში ნამყოფი. გამორიცხულია იქ ჩავიდე და არ მოვილოცო მაცხოვრის საფლავი. სასწაული ენერგეტიკაა ამ ქვეყანაში. ალბათ ყველა მართლმადიდებლის ოცნებაა იქ მოხვედრა. ისრაელში არაჩვეულებრივი ხალხი ცხოვრობს. ძალიან სტუმართმოყვარეები არიან. არ შემიძლია არ გამოვყო ქართველი ებრაელები, რომლებიც ძალიან კეთილგანწყობილები და სტუმართმოყვარეები არიან. ვისურვებდი საქართველოშიც ყოფილიყვნენ ასეთი ადამიანები პოზიტიურები, ხალისიანები, მხიარულები და თავისუფლები.
- არის ქვეყანა სადაც არასდროს აღარ წახვალთ?
— ასეთ ქვეყანს ვერ ვიხსენებ. ზოგადად არის ქვეყნები, რომ ჩადიხარ არ მოგწონს და ამბობ აქ აღარასოდეს ჩამოვალ, მაგრამ ჩამოდიხარ შენს ქვეყანაში, გადის დრო და მაინც სასიამოვნოდ იხსენებ იქ გატარებულ დროს. ძალიან მინდა ინდოეთში წასვლა, მიუხედავად იმისა, რომ ვინც ნამყოფია ყველა უარყოფითად ახასიათებს. ამბობენ, რომ არის სიბინძურე, საშინელი სიცხე, სპეციფიკური სუნი, ცუდი პირობები. თუ მართლა ასეა, როცა ვნახავ ამ ქვეყანას ეჭვი მეპარება კიდევ გამიჩნდეს იქ ჩასვლის სურვილი.
- ზამთრის კურორტები უფრო გიზიდავთ თუ ზაფხულის?
— გულახდილად გეტყვით, არც ერთი. იქიდან გამომდინარე, რომ არ ვიცი ცურვა, არ მიყვარს სიცხე ზაფხულის კურორტებს ნაკლებად ვსტუმრობ. დიდად არ ზამთრის კურორტები მიზიდავს. მე მიყვარს ქალაქები, სადაც არის კომფორტი, შემიძლია ვისეირნო, დავათვალიერო ღირსშესანიშნაობები, ვიშოპინგო და ა.შ.
- რომელი ქვეყნის ტრადიციებმა მოგხიბლათ განსაკუთრებით?
— ყველა ქვეყნის ტრადიციას აქვს თავისი ხიბლი. განსაკუთრებით მხიბლავს შობის ტრადიცია ევროპაში. განსხვავებულად ლამაზია ამ დროს ყველაფერი.
- ყოფილხართ ქვეყანაში სადაც უცნაური კანონებია?
— ასეთი არ მახსენდება. ალბათ იმიტომ, რომ არ ვარ ნამყოფი ძალიან შორეულ ქვეყნებში. ჩემი მეუღლე ასეთ ბევრ ქვეყანაშია ნამყოფი და მას ხშირად ხვდება მსგავსი უცნაური კანონები. მე უფრო ევროპის ქვეყნებში ვმოგზაურობ და იქ უცნაური არაფერი შემხვედრია.
- თქვენი აზრით, იმ ქალაქებიდან სადაც ნამყოფი ხართ, რომელი გავს თბილისს?
— სხვათა შორის რამდენიმე დღის უკან ვფიქრობდი ამაზე. ჩემს წარმოსახვაში თბილისი პრაღას გავს. პატარა და ლამაზი ქალაქია.
- რომელი ქვეყნის სამზარეულოს გამოარჩევდით?
— ზოგადად არ მიყვარს განსხვავებული კერძები. ყველა ქვეყანაში ვცდილობ სტანდარტული საკვები მივიღო. უცხოური სამზარეულოდან გამოვარჩევდი იაპონურ სამზარეულოს.
- არსებობს ქვეყანა სადაც საქართველოს გარდა იცხოვრებდით?
— ამ თემაზე არასოდეს არ მიფიქრია. ალბათ სხვაგან გამიჭირდებოდა ცხოვრება. საქართველოში ბევრი სიმდიდრე გვაქვს და უნდა დავაფასოთ ეს.