ჩვენ ორში, ალბათ, ერთი სწორია, როცა გულებში მენდელსონია

© Courtesy of W-Artქორწინების ცერემონია
ქორწინების ცერემონია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე პატარა და გრაციოზული ამურები არიან შემოსკუპებული.

მასტიკით გაპრიალებულ პარკეტზე აწყვია ქუსლით გასატეხად გამზადებული ამოყირავებული თეფშები.

მოაჯირებზე შემოდებულია პატარძლის დახვეწილი მინიატურული თაიგულები, რომლის გასროლის მიმართულებაც, სავარაუდოდ, დემოგრაფიულ პრობლემას გადაწყვეტს.

უკვე შემოსატანად გამზადებულია მინიმუმ სამიარუსიანი საქორწილო ტორტი და, რა თქმა უნდა, ისმის შესაბამისი მელოდიაც…

დიახ, სწორედ ამ დღეს, 1809 წლის 3 თებერვალს დაიბადა გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი, დირიჟორი, ლაიფციგის კონსერვატორიის შემქმნელი იაკობ ლუდვიგ ფელიქს მენდელსონი.

აქვე მინდა საიდუმლოდ გაგანდოთ, რომ მის შესახებ ვერავინ ვერ გაიგებდა, მსოფლიოში სახელგანთქმული „საქორწინო მარში“ რომ არ დაეწერა…

სხვათა შორის, მენდელსონის „საქორწინო მარში“ პირველად აჟღერდა 1847 წლის 2 ივნისს, როდესაც ქალაქ ტივერტონის მკვიდრებმა — დოროთი ქერიმ და ტომ დენიელმა შეუღლება გადაწყვიტეს. 17 წლის პატარძალმა ეს მუსიკა თავად აირჩია. 1858 წლის 25 იანვრიდან კი მენდელსონის მარში ოფიციალურად საქორწინოდ მას შემდეგ გამოცხადდა, რაც შეუღლდნენ პრუსიის კონპრინცი, 24 წლის ფრიდრიჰ ვილჰელმ IV და 14 წლის ინგლისელი პრინცესა ვიქტორია ადელჰეიდი.

მათი კავშირი 30 წლის განმავლობაში იყო მყარი და ბედნიერი, 4-4 ვაჟი და ქალიშვილიც გაუჩნდათ…

მენდელსონმა უშველათ, როგორც ჩანს.

მე ვერ მიშველა. სამწუხაროდ, საბურთალოს მმაჩის ბიუროში მთლად „არ და ვერმენდელსონიანი ქალბატონები“ ისხდნენ და რატომღაც ალა პუგაჩოვას სიმღერა ჩართეს მილიონ ალისფერ ვარდზე…

ვარდებიც დაჭკნა, ალაც დაბერდა, ჩემი არ იყოს, მაგრამ მენდელსონის მარში არსად წასულა.

მე ერთი რამ მინდა გითხრათ მხოლოდ:

თუ ერთმანეთი მართლა გიყვართ… 

თუ ერთმანეთის გარეშე სუნთქვაც კი გიჭირთ…

თუ ერთმანეთით ვარსკლავდებით და გარდავარსკვლავდებით…

უბრალოდ…

გამენდელსონდით…

დამიჯერეთ, ეს არასდროს არ არის გვიანი.

მაგრამ ამ საკითხში მთლად დაგვიანებაც არ ღირს…

გისურვებთ ლამაზ და სიყვარულიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე 


ყველა ახალი ამბავი
0