Princesse Rimma Eristoff — კოკო შანელის მოდელი ტფილისელი თავადის ქალი რიმა ერისთავი

რიმა ერისთავი
რიმა ერისთავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik-საქართველო“ და იგორ ობოლენსკი თავადის ასულ რიმა ერისთავის ცხოვრებაზე გიამბობთ, რომელიც ბედმა კოკო შანელის მოდელად აქცია.

გასული საუკუნის 20-იან წლებში პარიზის მოდის პოდიუმებზე ლამის განუწყვეტლივ ისმოდა ქართული მეტყველება. ყველაზე ხშირად ეს კოკო შანელის მოდის სახლში ხდებოდა, სადაც მანეკენებად (სწორედ ასე ერქვა მაშინ მოდელის პროფესიას) სამშობლოდან იძულებით გადახვეწილი რამდენიმე ქართველი ლამაზმანი მუშაობდა ერთდროულად. მათ შორის იყო თავადის ქალი რიმა ერისთავიც.

მშობლებმა, ვახტანგ ელიოზიშვილმა და თამარ ერისთავმა ქალიშვილს სახელი ოჯახის მეგობრის, ადმირალ გლაზენაპის მეუღლის პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც მისი ნათლია იყო.

პარიზში Princesse Rimma Eristoff-ად წოდებული რიმა ერისთავი
Princesse Rimma Eristoff — კოკო შანელის მოდელი ტფილისელი თავადის ქალი რიმა ერისთავი - Sputnik საქართველო
პარიზში Princesse Rimma Eristoff-ად წოდებული რიმა ერისთავი

ქსნის ერისთავების შთამომავალ დიდგვაროვან ქალბატონს, რომლის ღვიძლი ბიძაც იმპერატორ ნიკოლოზ მეორის ძმის, დიდი თავადი მიხაილ ალექსანდროვიჩის გენერალ–ადიუტანტი იყო, სხვა ემიგრანტებისგან განსხვავებით, საფრანგეთში დაფუძნება არ გასჭირვებია. იქ უკვე ცხოვრობდა მისი დედა, კნეინა თამარი, რომელსაც პარიზის მაღალი საზოგადოება „შავი ბრილიანტის“ სახელით იცნობდა.

ლილია ზელენსკაია - Sputnik საქართველო
ამბავი კოკო შანელის ორი დიდებული ქართველი მოდელისა — დედისა და ქალიშვილისა

თამარ ერისთავის გარემოცვა — ეს რუსული არისტოკრატიის უმაღლესი ფენა იყო, რომელთა სახლის კარი მუდამ ღია იყო კნეინასთვის.

რიმა ერისთავის შთამომავალმა მარინა ელიოზიშვილმა მიამბო:

„თამარს მისმა დამ, ბებიაჩემმა მარიამმა წინაპრებისგან, იმერეთის მეფეებისგან მემკვიდრეობით მიღებული ბრილიანტებითა და ზურმუხტებით შემკული ყელსაბამი მისცა. თამარმა სამკაული პარიზში მომგებიანად დააბანდა და შეძლებულად ცხოვრობდა“.

როდესაც რიმა, როგორც იქნა, პარიზში ჩავიდა, თამარმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რათა მისი ქალიშვილიც ბრწყინვალე საზოგადოების წევრი გამხდარიყო.

პარიზულ საზოგადოებაში ქართველ თავადის ასულს Princesse Rimma Eristoff-ად იცნობდნენ. ის მართლაც გამოირჩეოდა დახვეწილი არისტოკრატიული გარეგნობით, შესანიშნავი გემოვნებითა და მუსიკალური ნიჭით.

კნიაჟნა რიმა ერისთავი (მარჯვნიდან პირველი) მერი შერვაშიძესთან, გიორგი ერისთავთან და სხვებთან ერთად კონსტანტინოპოლში, 1921 წელი.
Princesse Rimma Eristoff — კოკო შანელის მოდელი ტფილისელი თავადის ქალი რიმა ერისთავი - Sputnik საქართველო
კნიაჟნა რიმა ერისთავი (მარჯვნიდან პირველი) მერი შერვაშიძესთან, გიორგი ერისთავთან და სხვებთან ერთად კონსტანტინოპოლში, 1921 წელი.

რიმა ერისთავი მოდების სახლ „იტებისა“ და კოკო შანელის  მანეკენი იყო, რომლის სამოსითაც ჩნდებოდა მაღალ საზოგადოებაში. გარდა ამისა, რამდენიმე წელი თანამშრომლობდა მოდების სახლ „ირფესთანაც“, რომელიც რუსმა დიდთავადებმა — ფელიქს და ირინა იუსუპოვებმა დააარსეს.

მარინა ელიოზიშვილი იხსენებს, რომ სწორედ უმაღლეს არისტოკრატულ საზოგადოებასთან, კერძოდ, რომანოვების სამეფო გვართან სიახლოვემ გადაარჩინა კნიაჟნა რიმა პატიმრობას პარიზის ფაშისტური ოკუპაციის დროს. 

ანა ვორონცოვა-დაშკოვასი - Sputnik საქართველო
ანა ჭავჭავაძე — გრაფინია ვორონცოვა-დაშკოვასი და პარიზული „იმედის“ იმედი

ერთ დღეს მისთვის კომენდატურიდან გერმანელ ჯარისკაცებს მოუკითხავთ და ბარგის ჩალაგება უბრძანებიათ. ის-ის იყო, უკვე უნდა წაეყვანათ, რომ ერთ–ერთ ოფიცერს კედელზე ჩამოკიდებული ფოტო შეუნიშნავს. ფოტოზე იმპერატორი ნიკოლოზ მეორე იყო გამოსახული, უფლისწულ ალექსეისთან და მისი უდიდებულესობის ბადრაგის რამდენიმე ოფიცერთან ერთად. 

ოფიცერი დაინტერესებულა, საიდან აღმოჩნდა რიმას ბინაში რუსეთის მეფის ფოტო, რაზეც კნიაჟნა ერისთავს უპასუხია, რომ გენერალ–ადიუტანტი, თავადი ალექსანდრე ერისთავი, რომელიც ხელმწიფეს გვერდს უმშვენებდა, მისი მკვიდრი ბიძა, დედის ძმა იყო. 

პასუხს ოფიცერზე დიდი შთაბეჭდილება მოუხდენია, ქალბატონისთვის მყის ბოდიში მოუხდია და უთქვამს, რომ მისი კომენდატურაში წაყვანის არანაირი აუცილებლობა აღარ არსებობდა…

რიმა ერისთავი კოკო შანელის სამოსში
Princesse Rimma Eristoff — კოკო შანელის მოდელი ტფილისელი თავადის ქალი რიმა ერისთავი - Sputnik საქართველო
რიმა ერისთავი კოკო შანელის სამოსში

რიმა ერისთავს ოჯახი არ შეუქმნია, არავისთვის დაუკავშირებია ბედი. ბოლომდე დედასთან ერთად ცხოვრობდა. ორივე პარიზში გარდაიცვალა — თამარი 1975 წელს, რიმა კი შვიდი წლის შემდეგ.

ყველა ახალი ამბავი
0