გულებში არ გრილა, თუ ცეკვავს შაკირა...

© FB/ Shakiraშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს მანდილოსნებმა ცოტა უკან უნდა დავიხიოთ და ერთი აივნით მაინც დავთმოთ ჩვენი გამაგრებული პოზიციები…

რადგანაც…

ნუ, რას იზამ, შესანიშნავად ლამაზი ქალია ეს შაკირა იზაბელ მებარაკ რიპოლი, რომელიც დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1977 წლის 2 თებერვალს კოლუმბიის ქალაქ ბარანკილიაში, რომელიც განთქმულია თავისი ავიაციით და კარნავალებით. თავისი პირველი სიმღერა — „შენი შავი სათვალეები“ შაკირამ მიუძღვნა მამას, მას შემდეგ, რაც დაიღუპა შაკირას ძმა და მამა სათვალეებს აღარ იხსნიდა – არავის რომ არ დაენახა მისი ტკივილი.

© FB/ Shakiraშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო
შაკირა

მაგრამ მთავარი, იცით, რა არის? ერთი შეკითხვა მინდა დაგისვათ — შაკირას მაშოკირებელ-მაშაკირებელი ფორმების მიღმა ხომ არ გამოგრჩათ მისი ხმის ტემბრი და გამორჩეული სიღრმე?

სხვათა შორის, ის, სხვა მიღწევებთან ერთად (ვგულისხმობ „გრემის“), ჟურნალ Forbes-ის ვერსიით, 2008 წელს პოპულარობით ჩამორჩა მხოლოდ მადონას და სელინ დიონს. ხოლო 2009 წელს სიმღერით Waka Waka შაკირამ „იუთუბზე“ მოაგროვა 550 მილიონი ნახვა, რითიც გაუსწრო ლედი გაგას და ჯასტინ ბიბერს. ამასთანავე შაკირას ვარსკვლავი ამკობს ჰოლივუდის „წარმატების ხეივანს“, ხოლო სიმღერა Waka Waka, რომელიც მან 2010 წლის ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე შეასრულა, არა მხოლოდ ყველაზე წარმატებული გახდა, არამედ ყველაზე საყვარელიც.

ჩემო ძვირფასო აივნელო ქალბატონებო, ახლა პირადად თქვენ მოგმართავთ – ამ კლიპში შაკირა საერთოდ არ ჩანს, ირგვლივ ბურთებია და ჟირაფიან-ლომიან-მაიმუნიანი აფრიკული ბუნება. ასე რომ, ეჭვიანობას შევეშვათ და ვაღიაროთ, რომ შაკირა მართლაც ძალიან მაღალი დონის პროფესიონალია, და თუ ამას კიდევ მისი მომხიბვლელობაც ემატება, აბა, რა მისი ბრალია, ლამაზია და რა ქნას!

© FB/ Shakiraშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო
შაკირა

მით უმეტეს, რომ, მისი განცხადებით, ის ვერ იტანს მაკიაჟს, თავისუფალ დროს უთმობს უსაყვარლეს გიტარას, საუკეთესო და ყველაზე სანდო მეგობრებად თვლის საკუთარ მშობლებს და ოცნებობს იმაზე, რომ ოდესმე ექნება სახლი ზღვის გვერდით, პლაჟზე, სადაც მიირთმევს ლანგუსტებს, ზვიგენის მწვადებს და მოუვლის მრავალრიცხოვან შვილებს…

შაკირა ბავშვობიდან გამოირჩეოდა განსაკუთრებული ნიჭით — 2 წლის ასაკში კითხულობდა და წერდა, 5 წლის ასაკში დედას წაუკითხა მისდამი მიძღვნილი ლექსი — „ფაიფურის ვარდი“.

შაკირას სულ სამი „სუსტი წერტილი“ გააჩნია – ზღვა, ცხენები და გოჭები.

მაგრამ მისი იდეალი ბოლოს აღმოჩნდა მანგუსტი, რომელიც ყველაზე შხამიან გველებსაც კი ერევა. აი, ტყუილად კი არ მიგრძნობდა გული, რომ შაკირა კიპლინგივით და ჩემსავით რიკი-ტიკი-ტავის თაყვანისმცემელია.

ის ხმამაღლა აცხადებდა, რომ სჯერა პირველი სიყვარულის და მისი გული სამუდამოდ ეკუთვნის ანტონიო დე ლა რუას, ვისაც შემთხვევით ან ბედისწერით შეეჯახა რესტორანში.

მინდა მოგახსენოთ, რომ შაკირა ხატავს და ლექსებსაც წერს. მისი საყვარელი პერსონაჟია მულტფილმური კეთილშობილი ვარდისფერი პანტერა.

და ისიც მინდა მოგახსენოთ, რომ ის, როგორც ყველა ვარდისფერ პანტერაში შეყვარებული ქალი, შეცდა. თუმცა ამის აღქმას მთელი 11 წელი დასჭირდა.

© courtesy of Shakiraშაკირა
შაკირა - Sputnik საქართველო
შაკირა

დღეს შაკირას მეორე ნახევარი ესპანელი ფეხბურთელი ჟერარ პიკეა, რომლისგანაც შაკირას ორი ვაჟი ჰყავს — მილანი და საშა. ჩუმად ჩაგიჩურჩულებთ, რომ ჟერარი შაკირას მიმართავს მხოლოდ ერთი და უალამაზესი სიტყვით — „მზე“.

მართლა მზესავით თბილი და ლამაზია…

ეჭვიანობები კი იქით დავტოვოთ, აივნის გარეთ, ჩვენ აივანზე ხომ მხოლოდ სიყვარულებია.

და, სხვათა შორის, ამ კლიპში მისი მეუღლე — „ბარსელონის“ ერთ-ერთი ლიდერი ჟერარ პიკეცაა გადაღებული, იმედია, იცნობთ, ყველაზე ლამაზად რომ იცინის, ისაა…

გისურვებთ ლამაზ, საოცარ და შაკირასავით ეშხიან დღეს!

ლელა ანჯაფარიძე


ყველა ახალი ამბავი
0