„ყველაზე მთავარი ისაა, რომ შემოთავაზებული ვერსიით უგულებელყოფილია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, იქიდან გამომდინარე, რომ ეს სააგენტო კვლავ რჩება უსაფრთხოების სამსახურის დაქვემდებარებაში და სუს-ის უფროსი სარგებლობს ძალიან დიდი უფლებამოსილებებით ამ სააგენტოსთან დაკავშირებით. გარდა ამისა, სააგენტოს სახით იქმნება ოპერატიული სამსახური, რომელიც იმხელა უფლებამოსილებით სარგებლობს, რომ კვლავაც შენარჩუნებულია ადამიანის პირად ცხოვრებაში უსაფუძვლოდ ჩარევის რისკი“, — აღნიშნა გურამ იმნაძემ.
საკოსტიტუციო სასამართლომ გასული წლის აპრილში მოძრაობის „ეს შენ გეხება” წევრთა სარჩელი დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წვდომა პირადი ხასიათის ინფორმაციაზე პირად ცხოვრებაში დაუსაბუთებელი ჩარევის საფრთხეს ქმნის. სასამართლომ აღნიშნული საკანონმდებლო ნორმების კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსაყვანად საქართველოს პარლამენტს ვადა 2017 წლის 31 მარტამდე განუსაზღვრა. მმართველი პარტიის ინიციატივით, ფარული მოსმენების განსახორციელებლად ახალი დამოუკიდებელი უწყება უნდა შეიქმნას, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტისა და პრემიერ-მინისტრის წინაშე. თუმცა, ახალი სააგენტო სსიპ-ის სტატუსით ისევ სუს-ის დაქვემდებარებაში უნდა მოექცეს.