თბილისი, 2 თებერვალი Sputnik. თბილისში საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ ევროპარლამენტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონცერტი გაიმართება.
ევროპარლამენტმა ხუთშაბათს საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო რეჟიმის შემოღებას მხარი დაუჭირა. ევროპარლამენტის 647 დეპუტატიდან 553-მა საქართველოს მხარი დაუჭირა, წინააღმდეგი 66 წავიდა, 28 დეპუტატმა თავი შეიკავა.
თბილისის მერიის ორკესტრის „ბიგ-ბენის“ კონცერტი ქალაქის ისტორიულ ნაწილში — აღმაშენებლის გამზირზე, „ახალ ტფილისში“ გაიმართება. ღონისძიება 19:00 საათზე დაიწყება და 21:00 საათამდე გაგრძელდება.
გარდა ამისა, თბილისის სატელევიზიო ანძა და „მშვიდობის ხიდი“ ევროკავშირის დროშის ფერებში განათდება.
ქართული მხარე საქართველოსთვის შენგენის ზონის ქვეყნებში სავიზო რეჟიმის გაუქმებას მარტის ბოლოს — აპრილის დასაწყისში ელოდება.
დადგენილი პროცედურებით, ევროპარლამენტში კენჭისყრის შემდეგ რეგულაცია ფორმალურად უნდა დაამტკიცოს ევროკავშირის საბჭომ მინისტრების დონეზე.
რეგულაცია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში მას შემდეგ გამოქვეყნდება, რაც საკანონმდებლო ცვლილებს ევროპარლამენტის პრეზიდენტი და ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის (მალტის) წარმომადგენელი მოაწერენ ხელს. რეგულაცია გამოქვეყნებიდან 21 დღეში ამოქმედდება.
ექსპერტების პროგნოზით, უვიზო რეჟიმი საქართველოსთვის 2017 წლის აპრილიდან ამოქმედდება — საქართველოს მოქალაქეებს შენგენის ზონის ქვეყნებში 180 დღის მანძილზე 90 დღით ყოფნის შესაძლებლობა ექნებათ.