მხიარული გმირი

© FB/ Australian Openავსტრალიის ღია ჩემპიონატი
ავსტრალიის ღია ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რა იქნება ფედერერის შემდეგი ნაბიჯი? ბევრ სპორტსმენს მსგავსი ტრიუმფების შემდეგ კარიერა დაუსრულებია. ფედერერს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას მოესურვება და მას არავინ გააკრიტიკებს. უბრალო გულშემატკივარს კი, რა თქმა უნდა, სურს, რომ მან კარიერა გააგრძელოს, ითამაშოს და ეს მუდმივად ხდებოდეს.

სანდრო ცნობილაძე

გულშემატკივართა ფართო წრისთვის როჯერ ფედერერის ორი ზედმეტსახელია ცნობილი – „მხიარული როჯერი“ და „ფედექსი“. რომელი უფრო უხდება ჩოგბურთის ლეგენდას, ეს მისმა ქომაგებმა გადაწყვიტონ. თუ გავითვალისწინებთ ავსტრალიის ღია ჩემპიონატზე ფედერერის წარმატებას, მაშინ ყველას გაუჩნდება სურვილი, რომ შვეიცარიელი გმირად შერაცხოს. ამ სტატიის სათაურიც აქედან გამომდინარე გაჩნდა და თუ „მხიარული გმირი“ ფედერერის კიდევ ერთ ზედმეტსახელად დამკვიდრდება, ბუნებრივია, არც საწინააღმდეგო გვექნება რამე. 

გასული კვირის უმნიშვნელოვანესი სპორტული მოვლენა სწორედ მელბურნში გამართული დაპირისპირება იყო. სპორტის მოყვარულთა შორის საჩოგბურთო დიდი სლემები ისედაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, მაგრამ მონატრებულმა ფინალმა ტურნირის გადამწყვეტი მატჩის ყურება ისეთ ადამიანებსაც აიძულა, რომლებიც საჩოგბურთო ბატალიებით დიდად არასდროს ინტერესდებოდნენ. სპორტული სამყარო ორ ნაწილად გაიყო. თითქმის ოთხი საათით სპორტთან დაკავშირებულმა ყველა სხვა მოვლენამ მეორე ადგილზე გადაინაცვლა. და ეს ამად ღირდა. 

© FB/ Australian Openფინალური მატჩის მომენტი. როჯერ ფედერერი
ფინალური მატჩის მომენტი. როჯერ ფედერერი - Sputnik საქართველო
ფინალური მატჩის მომენტი. როჯერ ფედერერი

ნადალი–ფედერერის დაპირისპირებების სერიალის 35-ე ეპიზოდი შვეიცარიელმა მოიგო. ამ გამარჯვებით, ყველა იმ სტატისტიკურ მონაცემთან ერთად, რომელიც გამარჯვებულმა გააუმჯობესა, მან საჩოგბურთო ექსპერტების წინაშე დასვა შეკითხვა — „შეიძლება თუ არა იგი ჩოგბურთის ღმერთად მოვიხსენიოთ?“ დისკუსიაში ყველა ავტორიტეტული ექსპერტი ჩაერთო. დისკუსია, თავისთავად, მინიმუმ ორი საპირისპირო აზრის არსებობას ნიშნავს. გაირკვა, რომ ფედერერის „ღმერთობას“ ხელს თვითონ როჯერი უშლის. ბოლო ხუთმა წელმა, რომლის განმავლობაშიც მას „დიდი სლემი“ არ მოუგია, ყველას აჩვენა, რომ უდიდეს ტალანტთან ერთად, რომელიც მას გააჩნია, შვეიცარიელი უდიდესი შრომისმოყვარეობითაც გამოირჩევა. „ღმერთებს“ გატოლებული სპორტსმენების შემთხვევაში კი ძირითადად აქცენტი მხოლოდ მათ უშრეტ ნიჭზე კეთდება. ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ბოლო ტრიუმფატორმა კი გამარჯვებას არა მარტო ნიჭის, არამედ საკუთარ თავზე ჩატარებული უდიდესი სამუშაოს მეშვეობით მიაღწია. 

© FB/ Australian Openავსტრალიის ღია ჩემპიონატის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი - Sputnik საქართველო
ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ტრიუმფატორი როჯერ ფედერერი

ისტორიული გამარჯვების კიდევ ერთი მიზეზი ფედერერის აზროვნებაა. როჯერმა საკუთარი თავი აიძულა გადაელახა ის ფსიქოლოგიური ბარიერი, რომელიც მას ნადალის წინააღმდეგ მატჩებში ჰქონდა. კვირას ჩვენ არ გვინახავს ჩოგბურთელი, რომელიც ესპანელის წინააღმდეგ სათამაშოდ დამარცხებულის მენტალიტეტით გამოვიდა. გადატვირთვა იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ დამარცხებულის მენტალიტეტიანს უფრო რაფა ჰგავდა. აი, აქ კი მივედით იმ საინტერესო შეკითხვამდე, რომელიც შვეიცარიელის წარმატების ფონზე სულ უფრო ხშირად გაისმოდა — რა უნდა ასწავლოს ფედერერს მისმა მწვრთნელმა ლიუბიჩიჩმა? ამ ლოგიკით დედამიწაზე არ არსებობს ადამიანი, რომელმაც ჩოგბურთში ფედერერს რამე შეიძლება ასწავლოს. მაგრამ ისეთი, რომ შვეიცარიელი ფსიქოლოგიურად მოამზადოს, როგორც გაირკვა, არსებობს, და ეს ადამიანი სწორედ ლიუბიჩიჩია. 

რა იქნება ფედერერის შემდეგი ნაბიჯი? ბევრ სპორტსმენს მსგავსი ტრიუმფების შემდეგ კარიერა დაუსრულებია. ფედერერს შეუძლია გააკეთოს ის, რაც მას მოესურვება და მას არავინ გააკრიტიკებს. უბრალო გულშემატკივარს კი, რა თქმა უნდა, სურს რომ მან კარიერა გააგრძელოს, ითამაშოს და ეს მუდმივად ხდებოდეს.  

ყველა ახალი ამბავი
0