ლეგენდად ქცეული სიცოცხლე

© არქივიმიხა ხელაშვილის საფლავი
მიხა ხელაშვილის საფლავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სახალხო გმირისა და პოეტის მიხა ხელაშვილის ცხოვრება და სიკვდილი საქართველოს ისტორიის ნაწილია.

   „დედას ვუყვარვართ შვილები,
    დედა არ გვიყვარს შვილებსა.
    იმითა გვტანჯავს გამჩენი
    სულ მუდამ გვაცოდვილებსა“.

1900 წელი… საუკუნის დასაწყისი… მთელ მსოფლიოში გლობალური პოლიტიკური გადატრიალებები იწყება. გამონაკლისი არც საქართვლოა. სისხლიანი ტალღა მასაც გადაუვლის და ყველაზე მიუვალ სოფლებამდეც კი აღწევს, თუმცა მანამდე წინ თითქმის ორი ათეული წელია.
უკანაფშავში, ლაშარის გორის მოპირდაპირედ ტყიანი გორის თავზე არის ერთი ულამაზესი სოფელი ახადი. აქ, ამ ულამაზესს სოფელში 1900 წლის 25 იანვარს დაიბადა პოეტი, რომელიც ზუსტად 25 წლის შემდეგ, ამავე დღეს ვერაგულად მოკლეს.  

© არქივიქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი მიხეილ (მიხა) ხელაშვილი
ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი მიხეილ (მიხა) ხელაშვილი - Sputnik საქართველო
ქართველი სახალხო პოეტი, 1920-იანი წლების ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და „შეფიცულთა რაზმის“ წევრი მიხეილ (მიხა) ხელაშვილი

მისი სახელის ხსენება თითქმის საუკუნის მანძილზე იყო აკრძალული. მისი ლექსების დიდი ნაწილი განადგურდა და მასთან ერთად მიეცა დავიწყებას, მაგრამ დრომ ვერაფერი დააკლო შედევრებს, რომლებიც ხალხმა უსახელოდ, ხალხური პოეზიის მარგალიტების სახით შემოინახა. გავიდა დრო და ამ ლექსებს მიეწერა ავტორის სახელი და გვარი, ველის პოეტი — მიხა ხელაშვილი.

სახალხო გმირისა და პოეტის მიხა ხელაშვილის ცხოვრება და სიკვდილი საქართველოს ისტორიის ნაწილია. მის სახელს ქართულ ისტორიაში ქაქუცა ჩოლოყაშვილის რაზმელის სახელით წააწყდებით. ქაქუცასთან მისი შეერთების ამბავს იხსენებს თავის მოგონებებში შეფიცულთა რაზმის ერთ-ერთი წევრი და შემდგომში ემიგრაციაში მყოფი ალექსანდრე სულხანიშვილი: „1922 წლის ივლისში ჩვენი რაზმი დუშეთის მაზრაში ტრიალებდა, მაღაროსკარს რომ მივაღწიეთ, ჩვენ იქ დავბინავდით ვაჟა-ფშაველას მიერ დაარსებულ სკოლაში, რომელიც საკმაოდ კარგი შენობა გახლდათ, მაგრამ უპატრონობა ეტყობოდა. აღარც ფანჯრები შერჩენოდა იმას და აღარც კარები. ამ სკოლას ტყეც ჰქონდა შემორტყმული გარშემო. იქ ჩვენ  ერთი ხის ქვეშ დავიდეთ ბინა… ამ ეზოში გადაგვხდა თავს დიდი და ლამაზი ბრძოლა, რამაც დაახლოებით საათნახევარს გასტანა. თუმცა ბევრი ბრძოლის მონაწილე ვარ, დიდისა თუ პატარასი, მაგრამ იმისთანა ლამაზი შერკინების მოწმე არასდროს ვყოფილვარ. ამ ბრძოლაში შემოგვემატა სამი ხევსური და რამდენიმე ფშაველი, რომელთაგან ერთი მიხა ხელაშვილი, მუდმივად დარჩა ჩვენს რაზმში. იგი სოფლის ყოფილი დიაკვანი გახლდათ, დაახლოებით 21-22 წლის ჭაბუკი, დიდი ნიჭის პატრონი და მშვენიერ ლექსებსაც წერდა. ის ვაჟას სოფლიდან იყო და ძალიან ბაძავდა მას. ზამთარში, როცა კარგი და მზიანი ამინდი იდგა, იგი ბინის მახლობლად წამოწვებოდა მყუდროზე და სულ რაღაც 2-3 საათის შემდეგ ახალ ლექსს მოგვიტანდა ხოლმე. მიხა მუდამ თან ატარებდა ერთ აბგას, რომელშიც ქაღალდები და სხვა საწერი მასალები ელაგა. ჩვენ მიხას ბევრი ლექსი დავტოვეთ საქართველოში, თუ ისინიც ისე უმოწყალოდ არ დაიღუპა, როგორც მათი ახალგაზრდა, ზებუნებრივი მადლით დაჯილდოვებული ავტორი“. 

ბოლო წლებია ამ დღეს მის საფლავზე ხალხის ნაკადი არ წყდება და ყოველ 25 იანვარს  „მიხაობა“ აღინიშნება. თოვლში, ყინვაში, წლიდან წლამდე ძალიან ბევრი ადამიანი ადის, და რაც დრო გადის, უფრო და უფრო იმატებს მისი თაყვანისმცემლების რიცხვიც. ტრადიცია წელსაც არ დარღვეულა და ახლა უკვე ჭეშმარიტად შეიძლება ითქვას, რომ ეს სახალხო დღესასწაულია. ყველას თავისი ქადა, პური მოქვს. ყველა თავის შესანდობარს ამბობს, პოეტები, მწერლები. წელს პირველად მოლბერტებზე გამოიფინა უნიკალური ფოტოები მიხასი და მისი გარემოცვის. მოულოდნელი ეფექტი იყო ახმეტელის თეატრის ულამაზესი შემოსვლა ლიტერატურული კომპოზიციით „ქაქუცა და მისი რაზმელები ხელაშვილთან სტუმრად“. გასაოცარი კი ის იყო, რომ ხალხის ნაკადი არ ჩერდებოდა.

სტუმრებს შორის მოარულ მიხა ხელაშვილის შთამომავალს და ამ დღის ორგანიზატორს ქალბატონ ლელა რაზიკაშვილს მოვკარი თვალი და ინტერვიუც ვთხოვე, მაგრამ ხალხმრავლობის გამო იქ ინტერვიუ ვერ შედგა და მისივე ინიციატივით თავისი დიდი პაპის ვაჟა-ფშაველას ქოხს მივაშურეთ.
ულამაზესია ამ დროს ვაჟას ეზოს ხილვა. ავაგიზგიზეთ მისი ბუხარიც და ინტერვიუც დავიწყეთ. 

© არქივიმიხაობა
მიხაობა - Sputnik საქართველო
მიხაობა

– ქალბატონო ლელა, პირველ რიგში გილოცავთ ამ საოცარ დღეს. ვინ იყო მიხა ხელაშვილი საქართველოსთვის?

– ხელაშვილი იყო კაცი, რომლის ერთი ლექსიც იყო ისეთი, რომლისთვისაც ნებისმიერი ცალკე აღებული პოეტის ერთი სიცოცხლე ღირდა. მიხას კი ასეთი ძალიან ბევრი ლექსი ჰქონდა.

– სიმბოლურია ისიც, რომ ახლა ვაჟას ქოხში ვიმყოფებით…

– დიახ, ასეა. ვაჟას ეს პატარა ქოხი იყო მთავარი საფრთხე ბოლშევიკებისთვის, აქ გაერთიანდა ყველა პროგრესულად მოაზროვნე, ყველა ნიჭიერი ადამიანი და არა მარტო აქ მცხოვრები. მიხა ხელაშვილი სწორედ ამ ველში შემოვიდა და ამ ველში შემოსვლით ის რაღაცნაირად შემოვიდა ქართულ პოლიტიკაშიც. მაშინ მათ ერქვათ პოლიტიკური ყაჩაღები. წარმოიდინეთ, ამ პატარა სოფელში ამ პატარა სახლში უზარმაზარი ნიჭი დუღდა და, რა თქმა უნდა, აქ არ იყო ლაპარაკი მარტო ლექსზე, პოეზიაზე, სიმღერაზე. აქ  არ იყო მხოლოდ საუბარი იმაზე, თუ რა დღეში ვიყავით მაშინ. მნიშვნელოვანი იყო ის, რომ განუზომელი ავტორიტეტი ჰქონდა ლევან რაზიკაშვილს, როგორც ვაჟა-ფშაველას შვილს და მისი სიტყვა ძალიან ბევრის განმსაზღვრელი იყო აქაურობაში. და სწორედ მისი უშუალო ხელის დაფარებით მოხდა მიხას ტყეში გაპარვა, როდესაც მას მოსდევდნენ დასაჭერად. 

– და რატომ მოუწია მიხას გაქცევა?

– როდესაც ქვეყანა აირია და ამ არეულობამ მალე მთაშიც ამოაღწია. ეს იყო ფასეულობათა დამცრობის დრო-ჟამი. ცხადია, ასეთ ძალადობას და ბოროტებას ვერ შეეგუებოდა ისეთი ვაჟკაცი, როგორიც ხელაშვილი იყო. გადმოცემით ვიცი, რომ ის, რის გამოც მიხას მოუწია გასვლა, ეს იყო ეგრეთ წოდებული დადგმული „პროვოკაცია“ მაშინდელი ხელისუფლების მიერ.

– მაინც რა მოხდა?

– ერთ დღეს მაშინდელი კომისარი, ვინმე ჯაგნელიძე ლევან რაზიკაშვილს ესტუმრა თავის მილიციელებთან ერთად. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მაღაროსკარიდან,  სპეციალურად ჩარგალში ავიდა და ცხენები მაინც და მაინც მიხას საცოლის ყორღულში დააბა. მილიციელებმა იქვე მყოფ გოგონებს დაუწყეს ღლაბუცი. ეს შორიდან დაინახა მიხამ და მაშინვე გაეშურა საცოლის სახლისკენ. ატყდა დიდი ჩხუბი. ლევანი მიხმარებია მიხას და რამდენიმე წუთით გაუნეიტრალებია სიტუაცია და გაუყვანია გვერდზე. ცხადი იყო ყველაფერი უკვე, რომ მას შანსი აღარ ჰქონდა, მას არ აპატიებდნენ მილიციელებთან დაპირისპირებას და ის უნდა გასცლოდა იქაურობას. რამდენიმე წუთი იყო საკმარისი იმისათვის, რომ  მიხა ხელაშვილი ტყეში გასულიყო და მთლიანად შეცვლილიყო მისი ცხოვრება. 

© არქივიმიხაობა
მიხაობა - Sputnik საქართველო
მიხაობა

– როგორც ვიცი, ამის შემდეგ დაიწყო მისი ოჯახის ძალიან გრძელი და ტანჯული ისტორია…

– რაც შეეხება მის ოჯახს, უფროსი და ჰყავდა – სალომე, რომელიც უკვე გათხოვილი იყო. ოჯახში იყო დარჩენილი მამა ზურაბი, დედა თამარი,  უმცროსი და პელაგია და ნაბოლარა ძმა პავლე. როდესაც მიხა ტყეში გავიდა, სალომეც გაიქცა, რადგან მის ოჯახს მაშინვე დაესხნენ თავს. სალომე იძულებული გახდა, დღის მანძილზე ტყიდან ჭოგრიტით ეყურებინა თავისი შვილებისთვის. მას ჰყავდა ტყუპი გოგოები თამარი და ნინო და 10 წლის ბებოჩემი — მარიამი. საღამოს ჩუმად შემოძვრებოდა სახლში, ალაგებდა სახლს, აკეთებდა საჭმელს და ისევ გავიდოდა. ერთ-ერთი ასეთი თავდასხმის დროს სალომე ბებო აკვირდებოდა თურმე ტყიდან, როგორ გაიტანეს ყველაფერი ეზოდან, სახლიდან. გამოუყვანიათ ეს ბავშვები „ფლასზე“, ასე ვეძახით ჩვენ პატარა ხალიჩას და ეს ორი ტყუპი ზედ დაუყრიათ. და შემდეგ ყველაფერი გამოზიდეს თურმე, რაც მაშინ მღვდლის ოჯახში შეიძლებოდა ყოფილიყო მთაში. ცხენებზე ააკრეს ყველაფერი და გასვლისას ერთ-ერთი მილიციელი მობრუნებულა, შეხედა იმ ხალიჩას, რაზეც ბავშვები იწვნენ და მისულა, გადმოუყრია ეს ბავშვები უხეშად, დაუბერტყია ცივ მიწაზე პატარები, აუკიდებია ცხენისთვის და ასე გასულან ოჯახიდან. ასეთი დაუნდობელი ისტორია კი უამრავი ყოფილა ხელაშვილის გარშემო.

– ძალიან სევდიანი ისტორიაა ასევე მიხას სიყვარულის…

– იმის გამო, რომ ის ასეთი გმირი და ვაჟკაცი კაცი იყო, ხელაშვილზე შეყვარებული იყო თითქმის ყველა ქალი ამ მხარეში. მისი რჩეული იყო დედუნა ბაჩიაშვილი, 16 წლის ქალიშვილი, რომელთანაც ჯვრისწერა ვერ მოასწრო. სამაგიეროდ მას დარჩა ბავშვი თამარ ხელაშვილი და ისე მოკლეს მიხა, რომ მიახლოებაც კი ვერ შეძლო შვილთან. ხანდახან დედუნას უთვლიდა, რომ გაეყვანა თამარი ეზოს მამულში, სადაც ხეები არ ფარავდა, რომ ჭოგრიტით დაენახა თავისი ქალიშვილი. ეს ქალიშვილი ახლახან, 2011 წელს გარდაიცვალა 89 წლის ასაკში.

– მის გარშემო ლეგენდები თუ სინამდვილე ერთმანეთში ირევა. რამდენიმე ვერსიაც კი არსებობს მისი მკვლელობის შესახებ. სად და როგორ მოკლეს მიხა ხელაშვილი?

– მიხას სადღაც ორი-სამი წლის მერე უკვე ძალიან ცუდად წაუვიდა საქმე, იმიტომ რომ ლევან რაზიკაშვილი ცოცხალი აღარ იყო. დაშინებული და დაწიოკებული იყო ყველა ოჯახი, სადაც კი მიხას სახელს წაასწრებდნენ, გაჰყავდათ და ხვრეტდნენ ადგილზე. იმ დღეებში მთელი ორი კვირის მანძილზე ერთად იყვნენ ჩარგალში მიხა და მისი თანამებრძოლი  ლევან ხავაზური. ლევანმა ახმეტაში წასვლა სთხოვა, მიხამ კი უპასუხა, მე საქმეები მაქვს, შენ წადი და ორ დღეში მეც გადმოვალო. მას უკვე ჰქონდა ინფორმაცია, რომ მისი უახლოესი მეგობრების გარემოცვას აშინებდნენ და აიძულებდნენ მის მკვლელობაზე ემუშავათ.

სწორედ თავის დაბადების დღეზე ჩუმად გაუყვა მეგობრის სახლის გზას. აქ პატარა მდინარე, ჭიჭახევა ჩამოდის და იმის გადაღმა იყო მარცვალაშვილების სახლი. იქ მალულად შეძვრა მიხა მათ მოსანახულებლად. ბიჭებმაც იცოდნენ და დაახვედრეს სამზადისი ხინკლის და არყის. მიხამ დაიწყო თურმე პირის გაპარსვა და როცა ყელამდე მივიდა, ლუკას მოუტრიალდა და უთხრა, ლუკა, მე ვიცი, შენ გაქვს დავალებული ჩემი მოკვლა და რაღა სხვამ უნდა აიღოს ჯილდო, შენ აიღეო. ლუკას ტირილი დაუწყია. ცოტა ხანში ქეიფიც დაუწყიათ. ამასობაში ლევან გარსევანაშვილი შემოსულა. გახურდა ქეიფი. მიხას შუა ქეიფში ამოუღია ტყვია და უთქვამს, თუ მომკლავთ იმათი ტყვიით არ მომკლათ, ჩემი ტყვიით მომკალითო, და დაუდია იარაღი მაგიდაზე. ცოტა ხანში ისე უგონოდ დათვრა, რომ დაეძინა. მთვრალი მიხა ჭიჭახევადან ზურგით გადმოათრიეს, მარცვალაშვილების საბძელში აიყვანეს და დააგდეს. იქ მოხდა უკვე წილისყრა და ლუკას შეხვდა მისი მოკვლა, როგორც ამბობენ ლუკას უარი უთქვამს, მე ვერ დავკრავ თავშიო. ლევან გარსევანაშვილს ხელი აკანკალებია, მაგრამ მათ შორის იყო კიდევ მესამე პირი, რომელსაც დაუკრია სახეთქიანი ტყვია თავში. იმ საღამოს სწორედ ეს მესამე მეთვალყურე გაიქცა მაღაროსკარში და პოლიციას შეატყობინა, ოპერაცია დამთავრებულიაო.

გამთენიისას მიხას ცხედარი აიტანეს მაღლა სასაფლაოზე, სადაც ორმხრივი სროლა ატეხეს. სპექტაკლი დადგეს, ვითომ ამ სროლაში დაიღუპა მიხა ხელაშვილი. ხმა მალე გავრცელდა და ამბავმა მის დამდეც მიაღწია, რომელსაც მკვლელობის ადგილზე საზარელი სურათი დახვდა. ძალიან ახლოს იყო ნასროლი ტყვია, ტვინი მთლიანად იყო გასხმული იატაკზე. სალომეს ეს ტვინი მოუკრეფია, გადაუტანია მეორე დღეს და თავისი დედის საფლავზე დაუფლია. წაიყვანეს მიხა მარხილით დუშეთის მილიციის განყოფილების ეზოში და უფლება არ მისცეს, რომ დაემარხათ. კარგა ხანს ყოფილა, დაახლოებით ორ კვირა ისე, რომ უკვე გახრწნა დაუწყია მის სხეულს. სალომეს და მიხას მეგობარ ქალს — მარიამს გადაუწყვეტიათ ცხედრის მოპარვა. მთელი ღამე უვლიათ დუშეთამდე ფეხით. დღე იმალებოდნენ. ღამით მისულან. იქ მილიციაში ერთი ხევსური იყო, რომელიც ადრე მეგობრობდა მიხასთან და სწორედ ის დაეხმარა ცხედრის მოპარვაში ქალებს. აიღეს ნეშტი, მთელი ღამე იარეს კიდევ და ამოიტანეს ჩარგლის სასაფლაოზე. მთელი ღამე თხარეს საფლავი ქალებმა და იქ მიაბარა მიწას სალომემ თავისი სანუკვარი ძმა.

25 წლის ასაკში გამოასალმეს მიხა ხელაშვილი სიცოცხლეს, მაგრამ ვერ მოკლეს, რადგან, დარბევა-განადგურების მიუხედავად, გადარჩა მისი ლექსების ნაწილი. ამან კი ღირსეულ სიცოცხლესთან ერთად ლეგენდად აქცია და უკვდავყო მიხა ხელაშვილის სახელი.

ყველა ახალი ამბავი
0