ეს ამბავი კი ყველასგან განსაკუთრებული და ლამის ანეკდოტია: წარმოიდგინეთ, ამერიკის ყველაზე მთავარი, ჰოლივუდის ქუჩა, სადაც ბოსტანია გაშენებული და იქ 92 წლის, წარმოშობით გურული ქალბატონი მარგარიტა ბარამიძე ფუსფუსებს. ამ ენერგიულმა ქალმა თავის წალკოტში ყველანაირი ბოსტნეული დათესა და დღეს მისი ოჯახის წევრები მხოლოდ აქ მოყვანილ ნატურალურ პროდუქტებს მიირთმევენ, მათ შორის, ქართულ ლობიოსაც! ამ საოცარ ადამიანს ამერიკაში დავუკავშირდით.
– ქალბატონო მარგარიტა, თქვენ ამერიკელების მთავარ ქუჩაზე, თურმე, ნამდვილი ქართული წალკოტი გააშენეთ, როგორ გაგიჩნდათ ასეთი იდეა და როგორ განახორციელეთ?
— პირველ რიგში, მადლობას გიხდით ყურადღებისთვის. მართალს ბრძანებთ, მიუხედავად იმისა, რომ 92 წლის ვარ, აქ, ამერიკაში, სამშობლოსგან შორს, მიხარია, რომ ერთ-ერთ სახელგანთქმულ ჰოლივუდის ქუჩაზე, ლოს-ანჯელესში Community Garden-ის წევრი გავხდი. მიწის ნაკვეთი, რომელიც რამდენიმე ჰექტარია, ერთმა შეძლებულმა ესპანელმა დატოვა ანდერძით, რომ ეს ადგილი მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ყოფილიყო განკუთვნილი, ვისაც ფიზიკური შრომა და ბუნება უყვარს, ასევე ქალაქის ხმაურისგან თავის დაღწევა და სულიერი სიმშვიდე სჭირდება. მართლაც აქ სამასამდე ადამიანი ყოველდღიურად ფუსფუსებს და ქალაქის ცენტრში გაშენებული წალკოტით ტკბება.
– როგორც მითხრეს, თურმე, მხოლოდ აქ მოყვანილ ნატურალურ პროდუქტს მიირთმევთ…
— ძირითადად მომყავს ბოსტნეული – მწვანილები, პომიდორი, კიტრი, ქართული ლობიო…
– ამერიკაში გამგზავრებამდე საქართველოში რას საქმიანობდით, როგორი იყო თქვენი ცხოვრება?
— თითქმის 50 წელი ბათუმის მე-14 საშუალო სკოლაში ქიმია-ბიოლოგიის პედაგოგად ვიმუშავე. პენსიაში გასვლის შემდეგ ჩემი სიძის სოფელში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ბოხვაურში გადავედი საცხოვრებლად. რასაკვირველია, იქაც მებაღეობას ვეწეოდი.
– ქალბატონო მარგარიტა, ქართულ ტრადიციებს თუ იცავთ აქ?
— ქართული ტრადიციები იმდენად ყოვლისმომცველია და ჰუმანური, რომ ის ნებისმიერ ქვეყანაში სიხარულს ანიჭებს ადამიანებს. სტუმართმოყვარეობა, ქართული სუფრა, მრავალხმიანი სიმღერები, ქცევის კულტურა — ეს ყველაფერი აქ მცხოვრები ქართველებისთვის ცხოვრების ჩვეულებრივი წესია. თუნდაც ავიღოთ ჩვენი ოჯახი, სადაც ყველანი ერთად ვცხოვრობთ და ხანშიშესული ადამიანები მოხუცებულთა სახლში, ან ცალკე ბინაში არ არიან. ეს ოჯახის სიმტკიცისთვის აუცილებელი ტრადიციაა.
– საკმაოდ გვიან მოგიწიათ აქ ჩამოსვლა და რას ვერ შეეგუეთ ამერიკაში?
— ამერიკაში ისეთი სწრაფი ცხოვრების ტემპია, რომ მეზობლები კი არა, ერთმანეთის ნახვას ზოგჯერ ოჯახის წევრებიც ვერ ახერხებენ. თუმცა შენობაში, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძირითადად ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვადასხვა კუთხიდან არიან ჩამოსულები. აქ ყველა ერთმანეთს ვიცნობთ და ერთმანეთთან კარგი დამოკიდებულება გვაქვს.
– მაშინ ასეთ კითხვას დაგისვამთ – რა მოგეწონათ ყველაზე უფრო ამერიკულ ცხოვრებაში?
— ისე, ამერიკულ ცხოვრებაში ბევრი მოსაწონიცაა, აქ კანონია უზენაესი და მას ყველას იცავს. აქ მუშაობს ბევრი ისეთი პროგრამა, რომელიც დაბალშემოსავლიანი ადამიანებისთვისაა განკუთვნილი. აქ მოხუცებსა და ბავშვებს დიდი ყურადღება ექცევა (მოქმედებს უფასო ჯანდაცვის პაკეტი და სხვა მრავალი). ასევე მუშაობს პროგრამები ემიგრანტებისთვის, რაშიც შედის ბევრი რამ — ენის კურსებით დაწყებული, სამსახურით დამთავრებული. ადამიანის უფლებები კანონითაა დაცული…
– რას ვერ შეეგუეთ დღემდე?
— დღემდე ვერ შევეგუე უსამშობლობას და მონატრებას…