თედორაძე: ქალის მოხიბვლის მცდელობა პათოლოგიაში არ უნდა გადაიზარდოს
„ამავე დროს ჩვენ გვაქვს არაერთი მაგალითი ლიტერატურაში, ისტორიაში, როდესაც მამაკაცი ქალის დასაპყრობად გარკვეულ გმირობებს სჩადის, მაგრამ ეს არ უნდა გადაიზარდოს გარკვეულ პათოლოგიაში, როდესაც მიჯნური მამაკაცი ქალს აიძულებს, შეიცვალოს ცხოვრების წესი და იგრძნოს თავი დაუცველად“, — აღნიშნა ირაკლი თედორაძემ.
სისხლის სამართლის კოდექსში ახალი ცნება − „ადევნება“ შემოდის, რომელიც დასჯადი ქმედება ხდება. „ადევნება“ განისაზღვრება, როგორც პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან სხვა ახლო ნათესავის არაკანონიერი თვალთვალი; ასევე, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება სატელეფონო, ელექტრონული ან სხვა საშუალებებით; მუქარა, რაც აიძულებს პირს, მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი. ეს ქმედება ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით დასჯადი ხდება.