გოგო, რომელიც თოვლზე პუშკინს ხატავდა...

© photo: Sputnik / "რია ნოვოსტი" / გადასვლა მედიაბანკშინადია რუშევას "ავტოპორტრეტის" რეპროდუქცია
ნადია რუშევას ავტოპორტრეტის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძალიან დილა მშვიდობისა!

დღეს ჩვენ აივანზე პატარა და სიფრიფანა პეპელასავით ჩამოსკუპდება საოცარი მხატვარი, რომელსაც მსოფლიო კრიტიკოსები გენიოსს ეძახდნენ, რომლის სახელი დაარქვეს მოსკოვის ერთ-ერთ პარკს, რომლის შექმნილი საოცარი პატარა კენტავრი ამაყად და სევდიანად ამშვენებს სანქტ-პეტერბურგის კინოს სახლის კიბეებს, რომლის სახელობის უღელტეხილი კავკასიის მთებს შეეხიზნა და რომლის სახელობის პლანეტა ნომერი 3516 ასე ლამაზად გვინათებს გზებს…
ეს გახლავთ საოცარი ნადეჟდა (ნადია) რუშევა. ის დაიბადა ზუსტად ამ დღეს, 1952 წლის 31 დეკემბერს მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში, და ამ პლანეტაზე სულ რაღაც 17 წლით მობრძანებით დატოვა უამრავი სილამაზე, მერე კი პეპელასავით გაგვიფრინდა…

ნადია რუშევა დაიბადა მხატვარ ნიკოლოზ რუშევის და ტუვის პირველი ბალერინას ნატალია აჟიკმაა-რუშევას ოჯახში.

© photo: Sputnik / ვლადიმირ ვიატკინი / გადასვლა მედიაბანკშიმხატვარი ნადია რუშევა
მხატვარი ნადია რუშევა - Sputnik საქართველო
მხატვარი ნადია რუშევა

ნადიას დაბადების შემდეგ ოჯახი მოსკოვში გადავიდა. ნადიას დედამ ბალეტს თავი დაანება და მთელი ყურადღება ოჯახზე გადაიტანა. მამამ კი მუშაობა დაიწყო ცენტრალურ ტელევიზიაში, ყოველ თავისუფალ წუთს კი ქალიშვილს უთმობდა. ის ნადიას უკითხავდა წიგნებს, აცნობდა მას ცნობილი მხატვრების ნამუშევრებს, დაჰყავდა მუზეუმებში, მაგრამ, რა გასაკვირიც არ უნდა იყოს, არასდროს არ უფიქრია, რომ შვილი მის კვალს გაჰყვებოდა.

ნადიამ კი, ყველასგან შეუმჩნევლად, 3 წლის ასაკში ხატვა დაიწყო. მამამ ამ მოვლენას ყურადღება მიაქცია მხოლოდ იმ საღამოს, როდესაც, როგორც სჩვეოდა ხოლმე, ემოციურად უკითხავდა პუშკინის ზღაპარს „მეფე სალტანზე“ და თან ოთახში დადიოდა. ნადიას ჩაეძინა და როდესაც მამას საძინებელში უნდა გადაეყვანა, დაინახა, რომ მის შვილს რვეულში ჩვეულებრივი ფანქრით ზღაპრის 36 (!) ილუსტრაცია ჰქონდა დახატული…

© photo: Sputnik / "რია ნოვოსტი" / გადასვლა მედიაბანკშინადია რუშევას ნახატის "რუსული კოსტიუმები სკოლის მასკარადისათვის" რეპროდუქცია
ნადია რუშევას ნახატის რუსული კოსტიუმები სკოლის მასკარადისათვის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
ნადია რუშევას ნახატის "რუსული კოსტიუმები სკოლის მასკარადისათვის" რეპროდუქცია

ნახატების შტრიხები უნიკალურად დახვეწილი იყო, მათი მცირედი შესწორებაც კი არ იყო საჭირო.

სხვათა შორის, მომავალშიც ნადია არასდროს სარგებლობდა საშლელით, არასდროს არ ასწორებდა დახატულს. ისეთი გრძნობა რჩებოდა, რომ ის ხატავდა ხელის და გულის ერთი მოსმით…

საინტერესოა, რომ ნადიას მამამ, მასში ასეთი ნიჭის აღმოჩენის შემდეგ, ის არც სამხატვრო წრეში არ შეიყვანა და არც თვითონ ასწავლიდა ხატვას, პირიქით, ნადიას სთხოვდა, შეესწორებინა მისი ესკიზები.

1964 წელს მოსკოვში გაიხსნა 12 წლის ნადიას პირველი პერსონალური გამოფენა. მხოლოდ თემებს ჩამოვთვლი: „რუსული ბალეტი“, „ცხოველების სამყარო“, „კოსმოსი და მეცნიერება“, „ზღაპრები და ფანტაზიები“, „მოდა დღეს და ხვალ“, „მითოლოგია“, „ძალა და გრაცია“…

© photo: Sputnik / ვლადიმერ ვდოვინი / გადასვლა მედიაბანკშირომანის "ოსტატი და მარგარიტა" ილუსტრაციის რეპროდუქცია
რომანის ოსტატი და მარგარიტა ილუსტრაციის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
რომანის "ოსტატი და მარგარიტა" ილუსტრაციის რეპროდუქცია

ეს გამოფენა ნამდვილი ტრიუმფი გახდა, რომელსაც მოჰყვა გამოფენები ლენინგრადში, პოლონეთში, ჩეხეთში, რუმინეთში, ინდოეთში, აშშ-ში, იაპონიაში (სულ — 200 გამოფენაზე მეტი)… ჩვენი ბავშვობის საყვარელი „ჩიპოლინოს“ ავტორმა ჯანი როდარიმ ნადიას ერთ-ერთ სურათს წააწერა: „ბრავო, ნადია, ბრავო!“

1965 წელს პოპულარულ ჟურნალში Юность გამოქვეყნდა 13 წლის ნადია რუშევას ილუსტრაციები ლევ ტოლსტოის რომანისთვის „ომი და მშვიდობა“ და მიხაილ ბულგაკოვის რომანისთვის „ოსტატი და მარგარიტა“.

ბულგაკოვის ქვრივმა ელენა სერგეევნამ განაცხადა, რომ ნადიას ილუსტრაციები საუკეთესოა და რომ მხატვარს ბულგაკოვთან მიახლოებული, წინასწარმეტყველის ხედვა გააჩნდა. არადა, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე სახელგანთქმულ რომანს მანამდე უკვე 20-ზე მეტი ცნობილი ილუსტრატორი ჰყავდა…

მე განსაკუთრებით მიყვარს მისი პუშკინი. აი, სწორედ ისეთია, როგორიც წარმომიდგენია, თავის ულამაზეს ნატალიასთან ერთად.

არნახული წარმატების მიუხედავად ნადია რჩებოდა ჩვეულებრივ და უპრეტენზიო ბავშვად. მაშინ არასრულწლოვან ხელოვანებს, მათ შორის „საბჭოთა კავშირის ყველაზე სახელგანთქმულ გოგონებსაც“ კი, როგორც მას პრესა უწოდებდა, ჰონორარები არ ეკუთვნოდათ და ის სხვებივით ოცნებობდა ჯინსებზე და სწორედ ჯინსებშია გამოსახული რამდენიმე ავტოპორტრეტზე. მშობლებმა კი, ნანატრი ჯინსების ნაცვლად, „დემისეზონური პალტო“ უყიდეს.

მას უყვარდა ვისოცკის სიმღერები, ევტუშენკოს ლექსები, დადიოდა პუშკინის მუზეუმში, არასდროს არ ამბობდა უარს სკოლის კედლის გაზეთის გაფორმებაზე. იყო თავმდაბალი, აბსოლუტურად უამბიციო და საოცრად კეთილგანწყობილი. შეკითხვაზე, ასე როგორ ხატავო, გულწრფელად პასუხობდა — „შენი ნახატები რომ ათბობდეს, ბოლომდე უნდა ჩაიწვა“…

© photo: Sputnik / "რია ნოვოსტი" / გადასვლა მედიაბანკშინადია რუშევას ნახატის "ნ. ნ. პუშკინა გლოვისას" რეპროდუქცია
ნადია რუშევას ნახატის ნ. ნ. პუშკინა გლოვისას რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
ნადია რუშევას ნახატის "ნ. ნ. პუშკინა გლოვისას" რეპროდუქცია

მისი საყვარელი გმირი იყო სენტ–ეკზიუპერის „პატარა უფლისწული“. მე კი მგონია, რომ ნადიას მიერ შექმნილი პატარა უფლისწულის ესკიზი მას თავად ავტორმა შთააგონა და გამოუგზავნა პატარა უფლისწულის მშობლიური პლანეტიდან (თუ გახსოვთ) — ასტეროიდი B-612-დან, რომელიც, რაღა თქმა უნდა, მცირე პლანეტა 3516-თან ახლოს მდებარეობს.

სხვათა შორის, ნადიას ნამდვილი სახელი გახლდათ ნაიდან, რაც მონღოლურად „მუდმივად მცხოვრებს“ ნიშნავს…

და ეს მართლაც ასეა… გოგო, რომელიც თოვლზე პუშკინს ხატავს, ბუნებრივია, რომ ჩვენ გულებშიც სამუდამო კვალს ტოვებს…


გისურვებთ ლამაზ, მშვიდობიან და ნადია რუშევას ნახატებივით სუფთა და გამჭირვალე დღეს!
ლელა ანჯაფარიძე

ყველა ახალი ამბავი
0