თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. კიევში მაისში დაგეგმილი „ევროვიზია 2017“-ის ლოგოტიპი უკრაინული მძივები იქნება, ხოლო სლოგანი — "Celebrate Diversity“, რაც უკრაინელებმა თარგმნეს როგორც „პატივს ვცემთ მრავალფეროვნებას“, იტყობინება საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“ უკრაინულ ტელეარხ „პირველ ნაციონალურზე“ დაყრდნობით.
„Celebrate Diversity“, რაც უკრაინულად ნიშნავს პატივს ვცემთ მრავალფეროვნებას“ — მთავარი სლოგანია „ევროვიზია 2017“-ის, რომელიც კიევში გაიმართება. ის კარგად შეავსებს ჩვენი სიმღერის კონკურსის შემოქმედებით დიზაინს, რომლის საფუძველია ტრადიციული უკრაინული მძივები, რაც არა მხოლოდ ქალის ყველაზე უძველესი სამკაულია, არამედ თილისმაც. სამკაულს განუმეორებლობას მატებს ისიც, რომ იგი მრავალი სხვადასხვა სახის მძივის ბურთულისაგან შედგება და თითოეული მათგანი განსაკუთრებულია“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
კონცეფციაზე ორი უკრაინული კრეატიული სააგენტო მუშაობდა — Republique და Banda, რომლებიც სპეციალურად ამ პროექტისათვის გაერთიანდნენ. ლოგოტიპის საფუძვლად სამკაულის აღებისას, მის ყოველ ელემენტს განუმეორებელი სახე და ფორმა შესძინეს.
ტელეკომპანიაში აღნიშნეს, რომ "Celebrate Diversity" სიმღერის კონკურსის ყველა ასპექტის მთავარი ღერძი გახდება მიმდინარე წელს.
„მოვლენის ლოზუნგი და ლოგოტიპი უკრაინული კულტურის აღქმის საშუალებას მისცემს ყველა იმ გულშემატკივარს, ვინც კონკურსისათვის კიევში ჩამოვა. უკრაინა მათ დაამახსოვრდებათ კულტურათა, ტექნოლოგიების შერწყმით და ყველა იმ 43 შემსრულებლის ინდივიდუალური ხიბლით, რომლებიც უკვე ემზადებიან ამ კონკურსისათვის“, — ნათქვამია შეტყობინებაში.
„ევროვიზია 2017“-ზე საქართველოს წარმომადგენლის ვინაობა 20 იანვარს ეროვნულ შესარჩევ კონკურსზე გახდა ცნობილი. თაკო გაჩეჩილაძე „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარადგენს საკუთარი სიმღერით Keep the Faith.
გასულ წელს „ევროვიზიაზე“ საქართველოს წარმოადგენდა ნიკა კოჩაროვი & Young Georgian Lolitaz, რომელმაც მეოცე ადგილი დაიკავა. კონკურსზე გაიმარჯვა უკრაინელმა შემსრულებელმა ჯამალამ სიმღერით "1944". კონკურსის საორგანიზაციო კომიტეტმა „ევროვიზიის“ ჩატარება კიევში გადაწყვიტა. კონკურსის ფინალი 13 მაისს, ხოლო ნახევარფინალები 9 და 11 მაისს გაიმართება. წელს კონკურსში 43 ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას — რომელთაც კვლავ შეუერთდნენ პორტუგალია და რუმინეთი, ხოლო ბოსნია–ჰერცეგოვინამ „ევროვიზიაში“ მონაწილეობაზე უარი განაცხადა.