შოტოკან კარატე დოს წარმომადგენელი ერთადერთი ქართველი ქალი პარიზის ტურნირზე მსაჯობს

© FB/ Tati Meluaთათია მელუა
თათია მელუა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამჟამად პარიზში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე Open de Paris - Karate Premier League მსაჯის რანგში ქართველი სპორტსმენი, მსოფლიოს სამგზის, ევროპის სამგზის და საქართველოს მრავალგზის ჩემპიონი შოტოკან კარატე დოს წარმომადგენელი ერთადერთი ქალი საქართველოში თათია მელუა წარდგება.

ის ერთადერთი ქართველი მსაჯია, რომელსაც მსოფლიოს კარატეს ფედერაციის სამსაჯო ლიცენზია აქვს და, შესაბამისად, ერთადერთია, ვისაც მსოფლიოს კარატეს ჩემპიონატზე მსაჯობის უფლება აქვს.

იგი პროფესიით საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტია. ამჟამად თათია მელუა თავის კლუბ „ალიგატორში“ 70-მდე აღსაზრდელს ავარჯიშებს. სპორტის გარდა მან ბიზნესშიც სცადა ბედი. ჩვენი საუბარი პარიზში მის გამგზავრებამდე შედგა.

– თათია, სპორტის ამ სახეობაში თქვენ საქართველოში პირველი ქალი ხართ, რომელმაც ასეთ წარმატებას მიაღწია.

— დიახ, რეალურად ასეა, იმიტომ რომ ჩემამდე გოგონები აქტიურად არ იყვნენ მასში ჩართული. საქართველოში მართლაც პირველი ვარ. კარატეში რამდენიმე სტილი და სხვადასხვა ვერსიებია. მე სწორედ ამ ვერსიების მიხედვით მაქვს სამჯერ ევროპის და სამჯერ მსოფლიო ჩემპიონატი მოგებული. შოტოკან კარატე დოში მესამე დანი მაქვს და ჩემთვის პრიორიტეტი სწორედ ეს სტილია.

– ადრე საქართველოში გოგონები სპორტის ამ სახეობით ნაკლებად ინტერესდებოდნენ და არც იყო აქტუალური, თქვენ გამონაკლისი იყავით?

— დიახ, იმ დროს, როცა მე დავიწყე ვარჯიში, 7 წლის ვიყავი და გოგონებისთვის მართლა არ იყო პოპულარული. მამამ სპორტის ამ სახეობაში ჩემს უფროს ძმასთან ერთად მიმიყვანა. მერე ისე მოხდა, რომ ძმამ თავი დაანება, მე კი ბოლომდე გავყევი. ჩემი, გოგონას მიყვანა რატომ გადაწყვიტეს მშობლებმა – ეს კითხვა დღემდე მაწუხებს. ალბათ იმიტომ, რომ ეგონათ, უბრალოდ გავერთობოდი. სასაცილო ის არის, ფიქრობდნენ, რომ ჩემი ძმა გაჰყვებოდა სპორტს, მე კი შევეშვებოდი, მაგრამ პირიქით მოხდა. მას მალე გაუქრა ინტერესი, მე კი პირიქით — გამიღვივდა.

© FB/ Tati Meluaთათია მელუა და მისი ვაჟი ალექსანდრე
თათია მელუა და მისი ვაჟი ალექსანდრე - Sputnik საქართველო
თათია მელუა და მისი ვაჟი ალექსანდრე

– ალბათ იფიქრეს, რომ ამ გზით ენერგიას დახარჯავდით…

— ენერგიული ბავშვი ნამდვილად ვიყავი და სპორტზე სიარული ძალიან მსიამოვნებდა. ჩემთვის დასჯა ის იყო, როცა მეტყოდნენ, დღეს ვარჯიშზე არ წახვალო. ყველას მადლობელი ვარ და, რა თქმა უნდა, ეს ჩემი მშობლების დამსახურებაცაა, რომ არა ისინი, შეუძლებელი იყო ასეთი წარმატებების მიღწევა.
– თქვენი პირველი მოგებული ბრძოლა არ შეიძლება არ გახსოვდეთ…

— რასაკვირველია, მახსოვს, მაშინ 7 წლის ვიყავი. როცა შეჯიბრებები ტარდებოდა, არანაირი პირობები არ იყო. პირველი ტურნირი ქუთაისში მქონდა. სპორტის ეს სახეობა გოგონებში იმდენად არ იყო პოპულარული, რომ ტარდებოდა მხოლოდ 15 წლამდე და 15-ის ზევით. არადა, მაშინ 7 წლის ვიყავი. მახსოვს, იმხელა გოგოს შევხვდი, რომ ორთაბრძოლის დროს თვალს ვერ ვაწვდენდი. პატარასთან ბრძოლა მასაც ძალიან გაუჭირდა. მე მესამე ადგილზე გავედი და ისეთი ბედნიერი ვიყავი, ვერ აგიწერთ… დიდი დიპლომი მაჩუქეს და დიპლომის უკან მთელი დელეგაციის, ვინც კი ვიყავით წასულები, მილოცვები წერია.

© FB/ Tati Meluaთათია მელუა მოსწავლეებთან ერთად
თათია მელუა მოსწავლეებთან ერთად - Sputnik საქართველო
თათია მელუა მოსწავლეებთან ერთად

– დღეს შეჯიბრებებში აღარ გამოდიხართ, თქვენ კლუბზე „ალიგატორზე“ ვისაუბროთ.

— ამაჟამად შეჯიბრებების მონაწილე არ ვარ, ბავშვებს ვავარჯიშებ და ასევე ბავშვების ერთ-ერთი ნაკრებისა და კლუბ „ალიგატორის“ მწვრთნელიც ვარ. კლუბი „ალიგატორი“ 51-ე სკოლის სპორტულ დარბაზშია, სადაც 70-მდე აღსაზრდელს ვავარჯიშებ. „ალიგატორის“ პრეზიდენტი დედაჩემია და ის ყველანაირად გვერდით მიდგას. „ალიგატორი“ 2006 წელს ჩამოყალიბდა და ზუსტად ისეთი კლუბია, როგორზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობდი.

– პატარა კარატისტ გოგონებს შორის მომავალი თათია ხომ არ გეგულებათ?

— რაც შეეხება პატარა თათიას, უკეთესი მეგულება — ესაა თამუნა თურმანიძე, რომელსაც სიამაყით ვაცხადებ, რომ 15 წლის ასაკში იმაზე მეტი მიღწევა ჰქონდა, ვიდრე მე მის ასაკში.

© FB/ Tati Meluaთათია მელუა
თათია მელუა - Sputnik საქართველო
თათია მელუა

– ლამაზი და ძლიერი ქალი ჩვენში, ცოტა არ იყოს, შეუთავსებადია…

— სულაც არა, მე ყველა სპორტსმენ გოგონას ვეუბნები, რომ ყოველთვის ფორმაში იყოს და ყოველთვის ქალურად გამოიყურებოდეს. მართალია, კარატე ჩვენთვის სპორტია, მაგრამ ქალად იმიტომ ჩნდები, რომ პირველ რიგში ლამაზი და მომხიბლავი იყო. პატარა რომ ვიყავი, როცა კარგად არ გამოვიყურებოდი, ყველაფერი სპორტს ბრალდებოდა: აი, კარატისტია და იმიტომო!..

© FB/ Tati Meluaთათია მელუა პარიზში
თათია მელუა პარიზში - Sputnik საქართველო
თათია მელუა პარიზში

– ბედი ბიზნესშიც სცადეთ და „თათის ბუტიკი“ გახსენით…

— მაღაზიის გახსნის იდეა დიდი ხანია მქონდა და ეს ოცნება შარშან, მარტის თვეში ავისრულე. ჩვენ მაღაზიაში ქართველი დიზაინერების კოლექციის გარდა  სხვადასხვა ბრენდის ნაწარმის შეძენაც შესაძლებელია. ამ ტანსაცმელს ვიწერთ სხვადასხვა ქვეყნებიდან – გერმანიიდან, ამერიკიდან, ინგლისიდან… ჩვენთან ფასებიც ხელმისაწვდომია.

– როგორ ფიქრობთ, მომავალი კარატისტის დედა ხომ არ ხართ?

— ორი წლის ალექსანდრე მყავს, ძლიერი და ენერგიული ბავშვია, დილით როცა იღვიძებს, ეგრევე შეჰყვირებს – „იაააა“ და ხელ-ფეხს იქნევს, ამიტომ არ ვიცი, ალბათ ეგეც კარატისტი გახდება…

ყველა ახალი ამბავი
0