ჩინური ახალი წლის შესახვედრად ქუჩებში პეკინის ათასობით მოსახლე გამოვიდა. ახლა ჩინეთში ცეცხლოვანი მამლის წელი დადგა. იხილეთ ვიდეო, თუ როგორი სანახაობრივი ფოიერვერკით განათდა ცა დღესასწაულზე.
ჩინური კალენდრის მიხედვით ახალი წლის დადგომისას Zhonglou-ს სამრეკლოზე 108-ჯერ ირეკება ზარი, რაც ნიშნავს, რომ ახალი წელი დადგა. პეკინის ათასობით მოსახლე გამოდის ქალაქის ქუჩებში და დღესასწაულს სანახაობრივი ფოიერვერკებითა და ათასობით პეტარდის აფეთქებით აღნიშნავს, იუწყება "რია ნოვოსტი".
ახალი წელი მთვარის კალენდრის მიხედვით, ანუ გაზაფხულის დღესასწაული (ჩუნცზე) ჩინეთში მთავარი დღესასწაულია, რომელსაც ახალმთვარეობისას აღნიშნავენ. ქვეყნის მოსახლეობა ამ ზეიმს ტრადიციულად დიდი სიხარულითა და მასშტაბურად ხვდება, ვიდრე სხვა ქვეყნები მზის კალენდრის მიხედვით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობა გლეხია, რომლებიც ტრადიციულად განაგრძობენ მთვარის კალენდრის მიხედვით ცხოვრებას, და ყველა სამიწათმოქმედო სამუშაოსა და დღესასწაულებს მთვარის კალენდარს უკავშირებენ.
ჩინური ჰოროსკოპის მიხედვით, ამ წლის მფარველი ცხოველი, რომელიც ოჯახის შესაქმნელად დადებითად მოიაზრება, იქნება ცეცხლოვანი მამალი. მამალი არის ახალგაზრდობის, ძალის, იმედისა და სისუფთავის სიმბოლო. ცეცხლოვანი მამლის წელი ბოლოს 1957 წელს აღინიშნა.
ჩინეთში მიიჩნევა, რომ ახალი წლის პირველი ხუთი დღე განკუთვნილია შეხვედრებისათვის. ნათესავები, მეგობრები, თანაკლასელები, თანამშრომლები სტუმრობენ და ულოცავენ ერთმანეთს ახალ წელს და ჩუქნიან საჩუქრებს.
საახალწლო ზეიმი ფარნების დღესასწაულით სრულდება მთვარის კალენდრის მიხედვით პირველი თვის მე-15 დღეს. ჩინეთში საახალწლო დღესასწაულები ოფიციალურად 2 თებერვლამდე გაგრძელდება.