სანდრო ცნობილაძე
JORDAN!!! აქამდე, როდესაც სადმე ამ წარწერას ვხედავდი, მომენტალურად ვინტერესდებოდი მხოლოდ იმის გამო, რომ პირველი ასოციაცია უდიდესი კალათბურთელის მაიკლ ჯორდანის გვართან მქონდა. ოთხშაბათს საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ქომაგთა შორის, რომელთა რიგებშიც მაიკლ ჯორდანის ნიჭის თაყვანისმცემლებიც უხვად არიან, ამ წარწერამ სხვა დატვირთვაც შეიძინა. იორდანია არის ქვეყანა, რომლის ნაკრებმაც ვლადიმერ ვაისას გუნდს მოუგო.
იორდანიის ნაკრებთან ადრეც გვითამაშია. „მიხეილ მესხის“ სტადიონზე ჩატარებული შეხვედრა ანგარიშით 3:2 ცოტა ძნელად, მაგრამ მაინც მოვიგეთ!!! ის მატჩი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი იყო, რომელიც საქართველოს ნაკრების შესრულებით მაქვს ნანახი. ოთხშაბათის თამაშის ხილვა ვერ მოხერხდა. გულშემატკივარმა უკეთეს შემთხვევაში პირელი ტაიმის გარკვეული ნაწილი ნახა. სამწუხარო ისაა, რომ ჩვენ იმ შემთხვევასთან გვაქვს საქმე, როდესაც თამაშის ვერნახვა შეფასებას არ ცვლის. იორდანიის ნაკრებმა, რომელმაც ბოლო რვა თვეში ჩვენთან შეხვედრის ჩათვლით ცხრა ამხანაგური მატჩი ჩაატარა, მხოლოდ ერთი მოიგო და ისიც საქართველოს ნაკრებთან. იორდანიელებმა წააგეს ისეთი ეგზოტიკური ქვეყნის ნაკრებთან, როგორიც ტაილანდია, ვერ მოუგეს ომანის და ლიბანის ნაკრებებს. 2016 წლის მარტში იორდანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელად ჰარი რედნაპი დაინიშნა. ინგლისელმა ამ პოსტზე მხოლოდ ხუთი დღე იმუშავა!!! ავსტრალიასთან ანგარიშით 1:5 წაგების შემდეგ კი მან იორდანიის საფეხბურთო ასოციაციის პრეზიდენტ პრინც ალი ბინ ალ ჰუსეინს თავაზიანი უარი უთხრა და შესთავაზა, რომ მხოლოდ მომავალი მთავარი მწვრთნელის მრჩეველი იქნებოდა. ჰარი რედნაპი ჭკვიანი კაცია. იგი მიხვდა, რომ იორდანიის ნაკრებთან მუშაობით იგი ვერაფერს გახდებოდა, თან მიხვდა ხუთ დღეში.
პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი საფეხბურთო წრეებში ძალიან ცნობილი ადამიანია. იგი ფიფას ვიცე-პრეზიდენტია და 2015 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც კი იღებდა მონაწილეობას. მას რომ თავისი მშობლიური ქვეყნის ეროვნული ნაკრების გაწვრთნაზე უარი უთხრა, ძალიან წონადი არგუმენტები გჭირდება. რედნაპის უარი და იორდანიის ნაკრების ნაჩვენები შედეგები გვაფიქრებინებს, რომ ეს გუნდი თუ ევროპულ ნაკრებებს შევადარებთ, დაახლოებით ფარერის კუნძულის ნაკრების დონისაა და დიდი-დიდი თამაშის კლასით გიბრალტარის ნაკრებს სჯობს. ასეთ გუნდებთან კი წაგება, როგორი შემადგენლობითაც არ უნდა თამაშობდეს საქართველოს ნაკრები, არც მეტი და არც ნაკლები, სირცხვილია.