„ოსკარი 2017“: ნომინანტი ფილმები და ექსპერტთა პროგნოზები

გამოწერა
ამერიკული კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონია ლოს–ანჯელესში 26 თებერვალს გაიმართება.

კინოსამყაროში ყველაზე მთავარი მოვლენის — სანუკვარი „ოსკარის“ გადაცემის თარიღი ახლოვდება. რომელი ფილმი, მსახიობი, სცენარი, მუსიკა და ა.შ. გახდება 2017 წლის ლეგენდა, ეს ჯერჯერობით საიდუმლოა. თუმცა, „ოსკარის“ პროგნოზირებაც ზოგჯერ შესაძლებელია.

 „ლა–ლა–ლენდი“ უკვე ლეგენდაა

ფილმი–მიუზიკლი „ლა–ლა–ლენდი“ უკვე ლეგენდაა, რადგან „ოსკარის“ პრემიაზე ნომინაციების რიცხვით უპირობო ლიდერია: ფილმი 13 კატეგორიაშია ნომინირებული, თანაც ორჯერ საუკეთესო სიმღერისთვის. ნომინანტები 24 იანვარს ლოს–ანჟელესში დასახელდნენ. 

დემიენ შაზელის მიუზიკლი „საუკეთესო ფილმის“ კატეგორიაში ისეთ სურათებს შეეჯიბრება, როგორებიცაა დენი ვილნევის Arrival, დენზელ ვაშინგტონის Fences, მელ გიბსონის Hacksaw Ridge, თეოდორ მელფის Hidden Figures, დევიდ მაკკენზის Hell or High Water, გართ დევისის „ლომი“, კენეთ ლონგრანის Manchester by the Sea და ბარი ჯენკინსის „მთვარის შუქი“.

ექსპერტთა პროგნოზებით, „ლა–ლა–ლენდის“ წარმატება გარდაუვალია. შორს წასვლაც არ არის საჭირო: თუნდაც 2011 წელს ფრანგული „არტისტი“ გაიხსენეთ. ფილმის აშკარა კინემატოგრაფიული ღირსებების გარდა, მასში მომგებიანი თემა განიხილება — ჰოლივუდის კულტი მისი ოქროს საუკუნის ჩათვლით, ოცნებისა და დიდებისკენ მისწრაფება. მიუზიკლმა უკვე შვიდი „ოქროს გლობუსი“ მიიღო, კინოკრიტიკოსთა ლონდონურმა წრემ კი „ლა–ლა–ლენდი“ წლის ფილმად აღიარა.

ასე რომ, 14 ნომინაცია ფილმ „ლა–ლა–ლენდს“ მეტ–ნაკლებად ღირსეულ მომავალს უზრუნველყოფს. თუმცა, მას მთლად სუსტი კონკურენტებიც არ ეყოლება.

კონტრასტებზე თამაში 

 „ლა–ლა–ლენდის“ მთავარი მეტოქეა ფილმი Manchester by the Sea კეისი აფლეკით მთავარ როლში, რომელიც „მამაკაცის საუკეთესო როლზეა“ ნომინირებული. აქ მიუზიკლთან შედარებით მთლიანად საპირისპირო თემაა აღებული — ახლობელი ადამიანების დაკარგვა და უბედურებით დანგრეული ფსიქიკა. აფლეკის ფსიქოლოგიურად რთული სიტყვაძუნწი პერსონაჟი ამ შემთხვევაში რაიან გოსლინგის მარტივი და მიმზიდველი გმირის სერიოზული კონკურენტია. და თუ ფილმის ავტორს კენეთ ლონერგანს „საუკეთესო რეჟისორის“ ჯილდოს „ლა–ლა–ლენდის“ შემქმნელისთვის დათმობა შეუძლია, სამაგიეროდ, პატივცემული კრიტიკოსების აზრით, კეისი აფლეკს გამარჯვების დიდი შანსები აქვს. 

სხვებს არ ჩამორჩება მსახიობი ენდრიუ გარფილდიც მელ გიბსონის რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმიდან Hacksaw Ridge. მისი გმირი — ამერიკელი პროვინციელი მორცხვი ბიჭია, მაგრამ მას სერიოზული პრინციპები გააჩნია და ხელში იარაღის აღება არ სურს. რაც მთავარია, ის გმირია — გმირებს კი უნდა ერიდო. ამას მელ გიბსონის შთამბეჭდავი რეჟისურა ემატება, რომელიც ერთ–ერთი ყველაზე არაორდინარული (ალკოჰოლის, დაკავებებისა და ანტისემიტური გამონათქვამების გამო ატეხილი სკანდალების წყალობით), მაგრამ ერთმნიშვნელოვნად ნიჭიერი რეჟისორია („მამაცი გული“, „ქრისტეს ვნებანი“, „აპოკალიფსისი“).

ქალების ბრძოლა

საკმაოდ საინტერესო მდგომარეობაა „ოსკარისთვის“ ქალთა ბრძოლის კუთხით. რაიან გოსლინგის პარტნიორ ქალს რთული ბრძოლა მოუწევს. „საუკეთესო მსახიობი ქალის“ კატეგორიაში ემა სტოუნს შეეჯიბრებიან მერილ სტრიპი, იზაბელ იუპერი, რით ნეგოი, ემი ადამსი და ნატალი პორტმანი. 

კინოკრიტიკოსები დარწმუნებული არიან, რომ ფილმში „ჯეკი“ ნატალი პორტმანმა თავისი საუკეთესო როლი შეასრულა. თუმცა, არანაკლებ მშვენიერია იზაბელ იუპერის თამაში პოლ ვერჰოვენის დრამატულ თრილერში Elle, სადაც მსახიობი მაყურებელს ქალის ფსიქიკის ყველაზე შორეულ და საშიშ კუთხეებს აცნობს. 

და, რა თქმა უნდა, შეუდარებელი მერილ სტრიპი თავისი მეოთხე, რეკორდული „ოსკარის“ გზაზე. სურათში „ფლორენს ფოსტერ ჯენკინსი“ მსახიობმა მისთვის დამახასიათებელი დახვეწილი და მომაჯადოებელი ოსტატობით ფანატიკურად შეპყრობილი, მაგრამ უნიჭო ოპერის მომღერალი ითამაშა. სტრიპის კარმას კიდევ ერთი პლუსი შეემატა — მისი ხისტი ანტიტრამპისეული პოზიცია, რომელიც მსოფლიოს უდიდესი ნაწილის აღფრთოვანებას იწვევს.

სკანდალების გარეშე

როგორც ცნობილია, შარშან „ოსკარის“ კინოაკადემიას ნომინაციებში აფროამერიკელი კინემატოგრაფისტებისა და მსახიობების ნაკლებობა დააბრალეს. წელს კი ამ მხრივ ყველაფერი წესრიგშია. 

ბარი ჯენკინსის ფილმი „მთვარის შუქი“ ჰომოსექსუალი ბიჭის შესახებ — აფროამერიკული კინოს აშკარა ფლაგმანია. ნომინაციების საერთო რიცხვი — რვა: ფილმი, მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლი, ქალის მეორეხარისხოვანი როლი, რეჟისორი, კომპოზიტორი, ადაპტირებული სცენარი, ოპერატორი, მონტაჟი. 

მოსალოდნელია კიდევ ერთი აფროამერიკული ნომინაცია — რეჟისორისა და მსახიობის დენზელ ვაშინგტონის ფილმი Fences. ცნობილი მსახიობის ანგარიშზე უკვე ორი „ოსკარია“. თეოდორ მელფის ფილმ Hidden Figures-ის მთავარ ჯილდოზე წარდგენა საკმაოდ გასაკვირია, რადგან ის აბსოლუტურად ნაკლებად ცნობილ თემას ეხება — ამერიკული კოსმოსური კვლევების პროგრამაში შავკანიანი ქალების მონაწილეობას.

 „სამოთხის“ გარეშეც

ნომინაციიდან „საუკეთესო ფილმი უცხოურ ენაზე“ ბოლო მომენტში ანდრეი კონჩალოვსკის სურათი „სამოთხე“ ამოვარდა და „ოსკარისთვის“ ბრძოლა ბრწყინვალე პრეტენდენტებს დაუთმო. ესენი არიან მარტინ ზანდვლიეტის „ჩემი მიწა“, ჰანეს ჰოლმის „უვეს მეორე ცხოვრება“, ასჰარ ფარჰადის ფილმი The Salesman, ბენტლი დინისა და მარტინ ბატლერის „ტანა“ და მარენ ადეს „ტონი ერდმანი“. 

ამერიკის კინოაკადემიის პრემია „ოსკარი“ 1929 წელს დაარსდა და ტრადიციულად კინოხელოვნების მოღვაწეებს ფილმების შექმნაში შეტანილი წვლილისთვის გადაეცემა. დაჯილდოების ცერემონია ყოველწლიურად ლოს-ანჯელესში იმართება. წელს ის 26 თებერვალს ჩატარდება.



ყველა ახალი ამბავი
0