მინსკში კალაძე აფხაზურ მხარესთან „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განიხილავს

© photo: Sputnik / Besik Pipiaენგურჰესის კაშხალი
ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ენგურჰესის“ ფუნქციონირების შეჩერება იგეგმება მარტში, რადგან ამ პერიოდში ის ყველაზე ნაკლებ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს ქართული და აფხაზური მხარე ბელარუსში განიხილავს — საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე ქალაქ მინსკში, კომპანია ”ჩერნომორენერგოს” წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრის გამართვის მიზნით გაემგზავრა, ნათქვამია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მიერ ხუთშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შეხვედრაზე იგეგმება "ენგურჰესზე" სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

საქართველოს ყველაზე მსხვილ ჰიდროელექტროსადგურზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ ქართული მხარე ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში იტყობინებოდა. დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით „ენგურჰესი“ ელექტროენერგიის გამომუშავებას 2017 წელს სამი–ოთხი კვირით შეწყვეტს, ხოლო 2018 წელს — სამი–ოთხი თვით.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
აფხაზეთს ენერგოკრიზისი ემუქრება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰიდროელექტროსადგურზე ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ უკანასკნელად სამუშაოები 2006 წელს ჩატარდა და მაშინ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება ორი თვით შეაჩერა.

გარდა ამისა, მინსკში მომავალი შეხვედრის ფარგლებში აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდების საკითხსაც შეეხებიან, რადგან სერიოზული პრობლემები 20 თებერვლიდან შეიძლება შეიქმნას, როდესაც „ენგურჰესის“ წყალსაცავში წყლის დონის კლებამ ელექტროსადგურის გაჩერება შეიძლება გამოიწვიოს.

შეგახსენებთ, რომ 2016 წლის ზამთარში აფხაზეთის მოსახლეობის ენერგომომარაგების დეფიციტის აღმოსაფხვრელად, რომელიც "ენგურჰესის" წყალსაცავში წყლის დონის კლებით იყო გამოწვეული, საქართველომ ელექტროენერგიის საჭირო რაოდენობის იმპორტი რუსეთიდან დაიწყო. მაშინ კალაძემ განაცხადა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტის საკითხი მხოლოდ ელექტროენერგიის მოხმარების შემცირებით ვერ გადაწყდებოდა, ამიტომ სავალალო შედეგების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს ხელისუფლებას ოპერატიული გადაწყვეტილების მიღება მოუწია.

ენგურჰესი კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს არსებული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს.

ენგურჰესის კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0