თბილისი, 25 იანვარი — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრებისა და ესპანური „ბასკონიის“ თავდამსხმელი თორნიკე შენგელია ტრავმის გამო დაახლოებით ოთხი კვირა ვერ ითამაშებს, იუწყება გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდი.
კალათბურთელის სამედიცინო გამოკვლევამ მარჯვენა ფეხის წვივის მცირე ძვალში ბზარი გამოავლინა. „ბასკონიის“ სამედიცინო შტაბის განცხადებით, შენგელიას სრული გამოჯანმრთელებისთვის დაახლოებით ერთი თვეა საჭირო.
მიმდინარე სეზონში ქართველი კალათბურთელი თამაშში საშუალოდ 11.7 ქულას და 7.6 მოხსნას აგროვებს.
„ბასკონია“ 2016/2017 წლების სეზონზე ორ ტურნირში მონაწილეობს — ეროვნულ ჩემპიონატსა და ევროლიგაში. ორივე ტურნირში ესპანურ გუნდს მეოთხე ადგილი უკავია.
