გერმანიაში დაპატენტებული ქართული პრეპარატი და მსოფლიო ენციკლოპედიებში შესული ქართველი

© courtesy of Catherine Gordeladze-Beckerმაგული გორდელაძე
მაგული გორდელაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ალტერნატიული მედიცინის წარმომადგენელი, ქალბატონი მაგული გორდელაძე 19 წელია, რაც გერმანიაში ცხოვრობს. მან სულ ახლახან გამოსცა წიგნი სახელწოდებით „მთლიანი ორგანიზმი", რამაც ფრანკფურტის 2016 წლის წიგნის გამოფენაზე დიდი ინტერესი გამოიწვია.

მისი რვავე წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის არქივში შეიტანეს. ქალბატონი მაგული დღეს ფრანკფურტის მრავალპროფილიან კლინიკაში მუშაობს და მისი ბიოგრაფია მსოფლიოს სხვადასხვა ენციკლოპედიებშია შეტანილი. ქალბატონ მაგულის გერმანიაში, ფრანკფურტში დავუკავშირდით.
– უკვე წლებია, რაც გერმანიაში მოღვაწეობთ, თუმცა პოპულარობა არც საქართველოში გაკლდათ, რატომ გაემგზავრეთ უცხოეთში?
— დიახ, უკვე 19 წელია, რაც გერმანიაში ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ, ქალაქ ფრანკფურტის მრავალპროფილიან კლინიკაში ენერგო-ინფორმაციული მედიცინის დარგში სამეცნიერო დარგის მრჩეველი ვარ. მართალია, პატივისცემა არც საქართველოში დამკლებია როგორც საზოგადოებისგან, ასევე მთავრობისგან. „ღირსების ორდენიც“ მაქვს მიღებული. 1990 წელს თბილისში ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებით მუშაობა ბავშვთა N1 საავადმყოფოში დავიწყე. იქ პირადად მე ექიმებთან ერთად სამეცნიერო ლაბორატორია გამიხსნეს. მსოფლიო ფორუმზე შვეიცარიაში გერმანიის ბავშვთა ფონდის ხელმძღვანელმა ჩემი წარდგენისას ასე აღნიშნა – დასანანია, რომ ეს ლაბორატორია პირველად საქართველოში გაიხსნა და არა გერმანიაშიო. თუ გადავხედავთ მედიცინის განვითარებას საქართველოში, დავინახავთ, რომ გარკვეული წლების მერე იგი პროგრესული ხდებოდა, მაგრამ ჩვენი საზოგადოება სიახლეს მაინც შიშით და სკეპტიკურად უყურებდა. სწორედ ამ ფაქტორმა გადამაწყვეტინა, რომ ისეთ განვითარებულ ქვეყანაში, როგორიცაა გერმანია, ადგილობრივებისთვის ადამიანის ორგანიზმის მიმართ სრულიად ახალი მიდგომა გამეცნო, რაც სწრაფ და ეფექტურ მკურნალობაში გამოიხატება. დღეს ამ თემაზე კვლევას მსოფლიოს მრავალი დარგის მუშაკი აწარმოებს. ფიზიკოსები ამტკიცებენ ველების ანუ ენერგიის არსებობას ორგანიზმში, მაგრამ ვინაიდან ენერგია თვალით უხილავია, ეს სკეპტიკურ განწყობას იწვევს.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerმაგული გორდელაძის გერმანიაში გამოცემული წიგნი
მაგული გორდელაძის გერმანიაში გამოცემული წიგნი - Sputnik საქართველო
მაგული გორდელაძის გერმანიაში გამოცემული წიგნი

– ახლახან თქვენი რვა წიგნი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკის არქივში შეიტანეს, რასაც გილოცავთ. ბუნებრივია, ეს თქვენ მიმართ გამოცხადებული დიდი ნდობაა…
— დიახ, ასეა. ახლახან მომივიდა წერილი გერმანიის ნაციონალური ბიბლიოთეკიდან, სადაც მთხოვდნენ, რომ მათ ჩემი ყველა გერმანულენოვანი წიგნი მივუტანო, რათა ისინი გერმანიის ნაციონალურ არქივშიც იყოს. ჩემი რვა წიგნი მიიღეს და გამოაქვეყნეს ბიბლიოთეკის კატალოგში. ყველა წიგნმა ოქროს აქტუალური სტატუსი მოიპოვა მედიცინისა და ჯანმრთელობის სფეროში, ეს მართლაც მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩემი წიგნები გამაქვს აგრეთვე მსოფლიო მასშტაბის „წიგნის გამოფენაზე“, რომელიც წელიწადში ერთხელ ფრანკფურტში ტარდება. წელს მქონდა ახალი წიგნის პრეზენტაცია, სწორედ წიგნის გამოფენაზე, რამაც საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. წიგნის სათაურია „ორგანიზმი მთლიანობაში“.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerმაგული გორდელაძე
მაგული გორდელაძე - Sputnik საქართველო
მაგული გორდელაძე

– ზოგადად რთულია პრაგმატული გერმანელების ნდობის მოპოვება?
— როდესაც გერმანიაში ჩემი საბუთები წარვადგინე, გაოცება ვერ დამალეს, რადგან გარდა ჩემი ქვეყნისა, ევროპის სხვადასხვა კლინიკებში მქონდა ნამუშევარი, თანაც სამედიცინო კლინიკებიდან ოფიციალური დასკვნებიც წარვადგინე. გადაწყვიტეს ჩემი ახალი მეთოდი გამოეცადათ და იგი გერმანიაში პრაქტიკულად გამოეყენებინათ. საამისოდ ავარჩიე ფრანკფურტის მრავალპროფილიანი კლინიკა, სადაც მუშაობას დღესაც ვაგრძელებ. ჩემ მიერ განკურნებული პაციენტები თავიანთ შთაბეჭდილებას ერთმანეთს უზიარებდნენ და ასე გაგრძელდა წლების მანძილზე. ჩემმა დაუღალავმა მუშაობამ, დასახმარებლად მუდამ მზადყოფნამ ამ ქვეყანაში პატივისცემა და აღიარება მომიტანა. ერთმა პაციენტმა მთხოვა, რომ ჩემი მეთოდიკა ფართო საზოგადოებისთვის გამეცნო. ასე დაიწყო გერმანიაში ჩემი სამეცნიერო მოღვაწეობა.
– როგორი პაციენტები არიან გერმანელები?
— გერმანელები დისციპლინის მოყვარული მოწესრიგებული ხალხია, პაციენტებს რასაც ვეუბნები, ყველაფერს ასრულებენ. რაც მთავარია, ისინი მენდობიან, საკუთარი განკურნების სჯერათ და ყველანაირად მიწყობენ ხელს, რომ მათი ჯანმრთელობის აღდგენა წარმატებით დასრულდეს. რაც შეეხება მკურნალობის განსაკუთრებულ შემთხვევებს, ისინი ბევრი და მრავალფეროვანია, რადგან თითოეული ადამიანის ორგანიზმი ინდივიდუალურია და დაავადებაც სხვადასხვაგვარად მიმდინარეობს.
– ქალბატონო მაგული, გერმანიაში მიწვეული ლექტორის სტატუსით სხვადასხვა ორგანიზაციებში კითხულობთ ლექციებს..
— პირველი ლექცია ფართო აუდიტორიის წინაშე 1998 წელს მქონდა ფრანკფურტში, რასაკვირველია, თარჯიმნებთან ერთად გამოვედი. ამას მოჰყვა მორიგი ლექციები ბერლინსა და საარბრიუკენში, ასევე გერმანიის მასშტაბით სხვადასხვა კლინიკებსა და ცენტრებში. შემდეგ კი სასწავლო კურსი დავიწყე, ჩემი სტუდენტები ძირითადად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები არიან, სწავლების კურსის შემდეგ ჩემს მეთოდს მედიცინასთან ერთად თავიანთ კლინიკებში იყენებენ. სხვადასხვა ქვეყანაში მრავალი ისეთი საზოგადოების წევრი ვარ, რომლებიც ორგანიზმში ენერგიის ფუნქციონირებით არის დაინტერესებული. პარალელურად, როგორც რეფერენტს, სხვადასხვა ქვეყნების მსოფლიო ფორუმებზე გამოსვლა მიხდება. ყველა დიდ ფორუმზე უდიდესი ინტერესი მჟღავნდება, ჩემს ლექციებს იწერენ და შემდეგ აუდიო-ვიდეოფირებზე გამოსცემენ. ჩემი ბიოგრაფია მსოფლიოს სხვადასხვა ენციკლოპედიებშია შეტანილი. საქართველოში წლების განმავლობაში „ქალთა საბჭოს“ წევრი ვიყავი და ჩემი პაციენტებისგან შეგროვილი თანხით გერმანიიდან ბევრ დაწესებულებას ვუწევდი დახმარებას. თბილისში მომხდარი წყალდიდობის დროს რამდენიმე დაზარალებულ ოჯახს დავეხმარე. რამდენიმე კვირის წინ ჩემ კლინიკაში ამერიკის ინტერნაციონალური „ქალთა კლუბის“ მოთხოვნით გამოვედი. ჩემ მიერ წაკითხულ ლექციებს წიგნების საშუალებით წლების მანძილზე ვაქვეყნებ. პირველი ჩემი ნამუშევარი წიგნად ცნობილმა ჟურნალისტმა დემიკო ლოლაძემ გამოსცა. ქალბატონ და ბატონ ნიგერმანების მიერ გერმანიაში პირველად სწორედ ეს წიგნი ითარგმნა და გამოიცა.

© FB/ Catherine Gordeladze-Beckerმაგული გორდელაძე ქალიშვილთან ერთად
მაგული გორდელაძე ქალიშვილთან ერთად - Sputnik საქართველო
მაგული გორდელაძე ქალიშვილთან ერთად

– როგორია თქვენი გერმანული წარმატების ფასი?
— მე შევქმენი სრულიად ახალი სამკურნალო პრეპარატი სახელწოდებით „გორმაგი“, რომელიც დაპატენტებულია და გერმანიის და ევროპის კომიტეტის მიერაა დაცული. ის უკვე 14 წელია, რაც აფთიაქში იყიდება. ჩემ მიერ შექმნილი ყველა პრეპარატი ბუნებრივი მასალებისგან შედგება და ენერგიითაა დამუხტული. პრეპარატი აღადგენს ადამიანის ავადმყოფ უჯრედებს და ორგანიზმიდან ყველა სახის შხამი გამოჰყავს.
— გერმანიაში მედიცინისგან თავისუფალ დროს რით ცხოვრობთ?
— თავისუფალ დროს კონცერტებს ვესწრები. ჩემი ქალიშვილი ეკატერინე გორდელაძე საერთაშორისო მასშტაბით ცნობილი პიანისტია. მის მიმართ მსმენელის მიერ გამოხატული აღფრთოვანება — ჩემი სიამაყეა.

ბოლოს მინდა, რომ თქვენ და თქვენს რედაქციას მივმართო: გმადლობთ, რომ მომეცით საშუალება, ჩემი მოღვაწეობა გერმანიაში საქართველოშიც გამხდარიყო ცნობილი. ჩემს ქვეყანას აყვავებას ვუსურვებ, რაც მოთმინების გარეშე წარმოუდგენელია…

ყველა ახალი ამბავი
0